Litclub.ge

სევდიანი სიმღერა
ახლა არ მსურს თავი გავიმართლო,
დავდივარ და სამარეში ვწევარ,
გთხოვთ დამტოვოთ ყველამ მარტოდმარტო,
ყველაფერში დამნაშავე მე ვარ.
გაქრა ხსოვნა ძველი სისადავის,
შენს წინაშე დასჯილივით ვდგევარ,
დამანებეთ, კეთილებო, თავი,
ყველაფერში დამნაშავე მე ვარ.
ქვეყნად ყველა ცოდვა დამაბრალეთ,
ჩემზე იყოს, წამებაში მხნე ვარ,
შავ მიწაში წყევლა ჩამატანეთ,
ყველაფერში დამნაშავე მე ვარ.
არ მაქვს თავი ჩხუბისა და დავის,
გევედრები მწვალებელს და მდევარს,
დამანებეთ, ძვირფასებო, თავი,
ყველაფერში დამნაშავე მე ვარ.