რა იდუმალი ხარ!_
მარტივად ამბობ და...
მარტო ქარისცემა არღვევს იდილიას,
პალმის სიმწვანეზე წყლის გუნდა დაგორდა,
(რამდენი ხანია, აღარ მიტირია).
სიმშვიდით გიყვები უძილო სიზმრებზე,
უსიზმრო ღამეებს ფიქრად რომ სდიოდა,
(ამ დროს სინანულიც ყოფილა მიზერი)
ირიბად მივყვებით მძივს სანაპიროთა.
მაოცებ,
მაოცებ
თვალების ღიმილით,
(ირგვლივ თოლიების აურზაურია)
ეს ტალღაც ტალღაში რა უცბად ირევა,
რა უცებ,
რა უცებ,
სულსწრაფად,
სრულიად.
მაცდურად მიყურებ ასე ოცნებიანს,
ბავშვივით გულჩვილს და
ქალურად ვნებიანს,
ვგრძნობ, რომ ეს სიგიჟის ასი პროცენტია,
ცის ყველა ვარსკვლავი უთუოდ ჩვენია.
რა იდუმალი ხარ!_
მარტივად ამბობ და...
ქარვისფერ ქალაქში ზღვა და ინტიმია,
ნავი ნამთვრალევი კაცივით აბორგდა,
ლექსმა გაგამუზა
(რა გასაკვირია!).