Litclub.ge

შუაღამის ვარსკვლავივით
შუაღამის ვარსკვლავივით ცაში ხარ, 
ლალის ვარდო, ყანაში ხარ, მკაში ხარ! 
გაზაფხულის იასავით მთაში ხარ, 
სანთური ხარ, ქამანჩა ხარ, ტაში ხარ, 
ზღვის პირველი ჯეირანი, რაში ხარ! 
განა შენა არ გყოლია მოძღვარი? 
რაზედ მოჰკალ ჩემისთანა საპყარი, 
წამლისათვის მითხრეს შენი ჯადვარი, 
შენსა სახეს ვერ გადმოსწერს მხატვარი, 
ინდოეთის ყალამის ნაყაში ხარ... 
ჩემი სიცოცხლე უშენოთ ძნელია, 
რაზედ გამათავე, რისა მქნელია?! 
შენი ეშხი ბორკილია, წნელია, 
შენ მე მხედავ! მე ვერ გნახამ - ბნელია, 
ბროლის ყუთში და სარკის უჯრაში ხარ! 
ჯიხვისავით თოვლიან მთას შაიცვლი, 
ღრუბელსავით სავსე წვიმას ჩაიცლი, 
ჯეირნივით მინდორში არ მაიცლი, 
ერთ წუთაზედ ათას ფერად გაიცვლი, 
ვინც რომ გნახამს, ნაღველი ხარ, ვაში ხარ! 
ინდის ხელმწიფისგან ოქმი მოუა, 
რაც რომ გვიყოს შეუძლიან, გაუა, 
ოქროს ხანჯლიანი კარზედ დაუა, 
ბროლის სინით მარგალიტი შაუა. - 
შე საწყალო საიათნოვავ, რაში ხარ?