შე საწყალო, ჩემო თავო, რა იქენ?
ქვეყანაში სასაცილო შეიქენ;
საითაც გაიქეც, იქით წაიქეც,
ბოლოს დროსა ბედოვლათიც შეიქენ.
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!
თითქმის ვიყავ ქვეყანაში ქებული,
ჭიქასავით ოქროს ყუთში დებული;
ეს რა მომივიდა ახირებული?
რაც მომიხდა, განუსჯელობით არი!
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!
მეფეთაგან მეჯლიშს მიწოდებული,
თავადებთან პატივცემით შვებული,
ალისფერის კაბით განშვენებული,
ახლა ამა ძაძით გაშავებული.
ესე ხვედრი ჩემი მოძღვრისგან არი.
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!
ბრინჯი ვიყავ, ქერობა რათ მინდოდა?
ქორი ვიყავ, ძერობა რათ მინდოდა?
ერი ვიყავ, მღვდელობა რათ მინდოდა?
მოდი მითხარ, ბერობა რათ მინდოდა?
ვგონებ ჩემის უბედურის დღისაგან არი.
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!