Litclub.ge

სოფელსა და სოფელს შუა
სოფელსა და სოფელს შუა მთას ამბობენ, მართალია. 
შენს ბაღჩაში ვარდი ჰყვავის, მას ამბობენ, მართალია. 
ბულბულები თქვენის ბაღის გზას ამბობენ, მართალია. 
ჩინი-მაჩინის ხელმწიფის დას ამბობენ, მართალია. 
ბევრი ქვეყანა მინახავს, ზღვას ამბობენ, მართალია. 
შეგცოდე, ხელი გაწვდინე - დამჩხვლიტე მაყვალივითა. 
თითებზედ სისხლი ჩამომდის, ფერწითელი ლალივითა. 
მე ამ ნაღველს ვერ გაუძლებ, გული მაქვს მისხალივითა. 
რაც მოგშორდი შენ, ლამაზო, თვალები მაქვს წყალივითა. 
ამაში შუა მოწამე ცას ამბობენ, მართალია. 
შავარდენო, რათ გარჯილხარ ტყავ-გახდილი მელისათვინ? 
თვალები ალმასს მიგიგავს, ნისკარტი გაქვს გველისათვინ. 
წადი, ახალი მოძებნე, ფრთას ნუ გაშლი ძველისათვინ! 
რა დავჯდე და რა ვიტირო! რომელ ერთ ნაღველისათვინ! 
ჩემსა გარდა ოცდაორსა სხვას ამბობენ, მართალია. 
ვინც რომ მოვა, გიახლება, ჭკვაზე უფრო ჭკვას დასდებენ. 
გულს ისარსა გაუყრიან, კისერზედა ხმალს დასდებენ. 
ან გატყდება, ან დალპება, ხომალდივით ზღვას დასდებენ. 
ან ჩააგდებენ ხაროში, ზედ წისქვილის ქვას დასდებენ. 
ჩამსვლელი ვეღარ ამოვა, ჭას ამბობენ, მართალია. 
დავკარგე, ნაპირს ვერ გაველ, დამკარ ზღვისა სილასავით. 
ახლა შიშით დოს უბერამ, პირი დამწვი შილასავით. 
ნახევრამდინ ორმოში ვარ, გატეხილი ქილასავით. 
ახლა მაინც დამეხსენით, გავცვეთილვარ ლილასავით. 
საიათნოვას გურგენ-ხანის ყმას ამბობენ, მართალია.