სიტყვაკაზმული მწერლობის ისტორია იცნობს ორ ალექსანდრე დიუმას, ორივე ფრანგ მწერალს - მამასა და შვილს. შვილი სახელმოხვეჭილია რომანით „ქალი კამელიებით“, მამა კი უმთავრესად ცნობილია ისტორიულ თემებზე დაწერილი მრავალრიცხოვანი სათავგადასავლო რომანით.
ალექსანდრე დიუმა (მამა) დაიბადა 1803 წელს პარიზის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ვილერ-კოტრეში. მამამისი რესპუბლიკელი გენერალი იყო, ხოლო დედა - სასტუმროს მფლობელის ქალიშვილი. მამის მხრივ ადრე დაობლებული დიუმა ჩავარდა დიდ გაჭირვებაში, რის გამოც მშობლიურ ქალაქში ნოტარიუსთან დაიწყო მუშაობა მწერლად. დიუმას სკოლაში არ უსწავლია, მაგრამ საკუთარ თავზე მუყაითმა მუშაობამ, დღენიადაგ კითხვამ ცოდნის მარაგი შეუვსო და მომავალში ლიტერატურული მუშაობის სურვილი აღუძრა. ახალგაზრდობაში დიუმა გატაცებით ეცნობოდა მშობლიურსა თუ უცხოურ ლიტერატურას: დიდ დრამატურგებს და რომანისტებს. დიუმამ წერა მეტად ადრე დაიწყო. თხზავდა ჯერ ლექსებს, ხოლო შემდეგ ხელი გაიწაფა დრამებისა და რომანების წერაში. პარიზში მწერალი დაუახლოვდა ვიქტორ ჰიუგოს ირგვლივ შემოკრებილ წრეს და დაიწყო მეტად ნაყოფიერი ლიტერატურული საქმიანობა.
ლიტერატურული საქმიანობით გატაცებული დიუმა ბევრს მოგზაურობდა. გაიცნო მანამდე სრულიად უცნობი ან ნაკლებ ცნობილი კუთხეები და აღწერა ისინი მოგზაურის ჩანაწერებში; ჩანაწერებში თვალნათლივ ნახულის გვერდით დიდი ადგილი დაუთმო მონაგონისა და ზღაპრული ამბების აღწერასაც.
დიუმა თავდაპირველად რესპუბლიკელი იყო, რადგან გაიზარდა რესპუბლიკური არმიის გენერლის ოჯახში. იგი აღფრთოვანებით შეხვდა 1830 წლის ივლისის რევოლუციას და უშუალოდ ჩაება კიდეც ამ პოლიტიკურ მოვლენაში. ლაფაიეტის დავალებით იგი სუასონში გაემგზავრა აჯანყებულებისათვის დენთის საშოვნელად და ვანდეაში ეროვნული გვარდიის რაზმების დასაკომპლექტებლად. იგი თანაუგრძნობდა განმათავისუფლებელ იდეებს და აღშფოთებას გამოთქვამდა მთავრობის რეაქციული პოლიტიკის გამო.
ამ რევოლუციის გამარჯვებაში ხედავდა დიუმა მთელი ფრანგი ხალხის განთავისუფლებისა და ბედნიერების გარიჟრაჟს, მაგრამ რევოლუციის მოვლენებმა არ გაუმართლეს იმედები დიუმას, - რევოლუციის შედეგად პრივილეგიებით სარგებლობდნენ მხოლოდ ბურჟუაზიის რეაქციული ძალები და 1832 წლის ივნისის რევოლუციური ამბოხების ლიკვიდაციის შემდეგ გულგატეხილი დიუმა შვეიცარიაში მიემგზავრება, ერთხანს იქ იმყოფება, ხოლო უკან დაბრუნებული ისევ ებმება დაძაბულ ლიტერატურულ საქმიანობაში.
ამიერიდან იდეური ევოლუციის ნიშნები დიუმას შემოქმედებასაც დაეტყო, სულ უფრო მეტად ცხრება მის შინაგან სამყაროში მეამბოხური სული, თუმცა, ამასთანავე, საერთოდ ხელს არ იღებს პოლიტიკურ საქმიანობაზე. 1848 წლის თებერვლის რევოლუციის დღეებში ისევ ფიქრობს პოლიტიკური კარიერის შექმნაზე. ერთ-ერთ დეპარტამენტში ნაციონალური კრების დეპუტატად გასვლაც კი უნდოდა. იგი დადგა კონსტიტუციურ-მონარქიული პარტიის მხარეზე, მაგრამ არჩევნებმა მარცხი განიცადა.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები, როგორც გადმოგვცემენ, დიუმამ დიდ მატერიალურ ხელმოკლეობაში გაატარა. თითქმის ყველას მიერ მივიწყებული, იგი გარდაიცვალა 1870 წლის 6 დეკემბერს, საფრანგეთ-გერმანიის ომის დროს. დიუმას მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებში გერმანელების ძალადობის გამო ფრანგები ისეთ დღეში იყვნენ, რომ ვერც კი დაიტირეს თავიანთი სასიქადულო მწერალი.
* * *
დიდია დიუმას ლიტერატურული მემკვიდრეობა. მარტო მისი რომანების რიცხვი 500-მდე აღწევს, ხოლო თხზულებათა სრული კრებული მოიცავს 301 ტომს. დიუმას მაინცდამაინც ღრმა იდეები არა ჰქონდა, მაგრამ რომანტიზმის ტენდენციები და ჰუმანური იდეალები ისე ოსტატურად და ყველასათვის ისეთი ხელმისაწვდომი ფორმით გამოხატა, რომ სამართლიანად იქცა ხალხის საყვარელ მწერლად.
სამწერლო ასპარეზზე დიუმა ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ გამოვიდა. ამ ისტორიულ სიტუაციაში კლასიციზმის ესთეტიკური ნორმები და შემოქმედებითი ტრადიციები აღარ შეეფერებოდა ერის იდეურსა და პოლიტიკურ მოთხოვნილებებს, მის ზნეობრივსა და მხატვრულ ინტერესებს. ლიბერალურად განწყობილი ახალგაზრდობა კლასიციზმში მართებულად ხედავდა ძველი თავადაზნაურული იდეოლოგიის ესთეტიკური იდეალების გამოძახილს და ახალი დროის გაბატონებული კლასების იდეალების გამომხატველი ლიტერატურული მიმართულების ჩამოყალიბებისაკენ ესწრაფვოდა, რომელმაც საბოლოოდ გაიმარჯვა ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედებაში. ჰიუგომ ძირი გამოუთხარა კლასიცისტურ ლიტერატურას: დრამა „კრომველის“ წინასიტყვაობაში, რომელიც პროგრესული რომანტიზმის შემოქმედებით მანიფესტად იქცა, საბოლოოდ მიაღწია მან რომანტიზმის ზეიმს.
რომანტიზმის პროგრესული მიმდინარეობა, რომელიც გამოხატავდა ახალი საზოგადოების ლიბერალური ნაწილის სულისკვეთებას, 30-იანი წლების საფრანგეთში საბოლოოდ გაბატონდა როგორც პოეზიის, ისე დრამისა და რომანის სფეროში. მის გამარჯვებას თეატრალურ სარბიელზე დიდად შეუწყო ხელი ახალგაზრდა მწერლის დიუმას პიესამ - „ანრი მესამე და მისი სასახლე“, რომელიც 1829 წელს დაიდგა. „ანრი მესამე“ პირველი ფრანგული რომანტიკული პიესა იყო, რომელიც გამოირჩეოდა ლიბერალური იდეების სიჭარბით, სასახლის ზნეობათა მზის სინათლეზე გამოტანით.
„ანრი მესამეს“ მოჰყვა ჯერ დრამა „ნაპოლეონი, ანუ საფრანგეთის ისტორიის ოცდაათი წელი“, შემდეგ - „ანტონი“, „კინი“ და პიესების მთელი ციკლი, რომელშიც დიუმამ თამამად გამოიყენა სხვადასხვა დროის და ქვეყნის მწერალთა შემოქმედებითი მიღწევები.
დრამატულ თხზულებებში დიუმამ დაამუშავა ისეთი პრობლემები, რომელთა გაშუქებასაც განმეორებით დაუბრუნდა ისტორიულ რომანებში. დიუმას პირველი პროზაული ნაწარმოებია „თანამედროვე ნოველები“ (1825), რომელიც არ გამოირჩევა რაიმე ლიტერატურული ღირსებით. საფრანგეთის წარსული ყოფის აღწერას მიეძღვნა შრომა - „გალია თუ საფრანგეთი“ (1833). დიუმას რესპუბლიკური შეხედულებები ჩამოყალიბებულია სტატიაში „როგორ გავხდი დრამატურგი“ (1833). 30-იან წლებში დიუმამ მოიფიქრა ისტორიული რომანების დიდი სერია, რომელშიც უნდა აესახა თავისი ქვეყნის წარსულის გარკვეული მონაკვეთი მეთხუთმეტე საუკუნიდან, კერძოდ, კარლოს მეშვიდის (1422-1461) მეფობის ხანიდან, მეცხრამეტე საუკუნემდე. ამ რომანებში წინა პლანზეა წამოწეული ავანტიურისტულ-სახალხო ელემენტი. ამ ციკლის პირველი ნაწარმოებია ანტიინგლისური სულისკვეთების წიგნი „იზაბელა ბავარიელი“. საფრანგეთის მეფის ფრანცისკ პირველის სასახლე თავისი ინტრიგებითა და ვერაგობით დახატულია „ასკანიოში“ (1840).
მაგრამ საყოველთაო აღიარება დიუმამ ჰპოვა რომან-ფელეტონის ჟანრში, რომლის უმთავრესი ნიმუშები შექმნა ძირითადად ექვსი წლის განმავლობაში, 1844-1850 წლების მანძილზე. ამ რომანთაგან პირველია „სამი მუშკეტერი“ (1844), რომელსაც მოჰყვა ორი გაგრძელება: „ოცი წლის შემდეგ“ (1845) და „ვიკონტი დე ლა ბრანჟიანი, ანუ ათი წლის შემდეგ“ (1848-50), რომანი „გრაფი მონტე-კრისტო“ (1844-1845), „დედოფალი მარგო“, „შევალიე დე მეზონ რუჟ“ (1846), „მადამ დე მონსორო“ (1846) და სხვა...
„სამ მუშკეტერსა“ და მის ორ გაგრძელებაში ასახულია ლუი მეცამეტის მეფობის, კარდინალ რიშელიეს გამგებლობისა და ლაროშელის გარემოცვის ხანა. მწერალი ცდილობს აღადგინოს მეჩვიდმეტე საუკუნის დიდი ისტორიული მოვლენები. ტრილოგიის მეორე წიგნში დახატულია ინგლისის სამოქალაქო ომი და პურიტანული მოძრაობა: ტრილოგიის უკანასკნელ წიგნში კი მოქმედება ვითარდება ლუი მეთოთხმეტის მეფობის პირველ წლებში, როცა საბოლოოდ გაძლიერდა აბსოლუტური რეჟიმი და ამის შედეგად, შეიცვალა ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრება.
„დედოფალ მარგოში“ აღწერილია კათოლიკეთა და ჰუგენოტთა შორის წარმოებული სამოქალაქო ომი და, კერძოდ, ბართლომეს ღამის ტრაგედია: დახატულია ის ხანა, როცა განსხვავებული სოციალური კლასების ინტერესთა ურთიერთჭიდილს ნიღბავდა სარწმუნოებრივი საბურველი.
საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას და განმანათლებელთა მშფოთვარე ეპოქას დიუმა შეეხო „შევალიე დე მეზონ რუჟ“-ში. აქ აჩვენა მან კონფლიქტი ადამიანის პირადულ ვნებებსა და პოლიტიკურ შეხედულებებს შორის.
„გრაფ მონტე-კრისტოში“ დიუმას გადავყავართ შედარებით ახლო წარსულში, რის გამოც ამ რომანს ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს თანამედროვე თემაზე დაწერილ ქმნილებად. რომანის მოქმედება ხდება ნაპოლეონის მეუფების „ასი დღისა“ და მეორე რესტავრაციის განმავლობაში. დიუმას მთელი ზიზღი მიმართულია ამ ეპოქის მთავარი სოციალური გმირების - გაქნილი ბურჟუა საქმოსნების მიმართ. ამ რომანშიაც ავტორი გარკვევით უპირატესობას ანიჭებს გარდასულ დროებს, რაკი თანამედროვე სინამდვილეში იგი ხედავს მხოლოდ პლუტოკრატიას, ხედავს ბიუროკრატიას და ახალ არისტოკრატიას - ივლისის მონარქიის ბურჯს. ამათგან პირველის წარმომადგენელია ბანკირი დანგლარი, მეორესი - პროკურორი ვილფორი და მესამესი - გრაფი დე მორსერი. თანამედროვე სინამდვილის მოძულე დიუმა, როგორც ითქვა, რომანტიკული შარავანდედით ამკობს წარსულს.
დიუმას გმირები არიან დიდსულოვანი, კეთილშობილი და გამბედავი ადამიანები, გარემომცველი პოლიტიკური სიტუაციის აქტიური მონაწილენი. თუმცა ზოგიერთნი მათ შორის მოქმედებენ „ზეადამიანური“ ეთიკის ნორმების დასაცავად; მოქმედებენ ისე, რომ, ანგარებისათვის არასოდეს ლახავენ საკუთარ ღირსებას. დიუმას გმირთა უმეტესობას არასოდეს ღალატობს პატრიოტიზმისა და ეროვნული სიამაყის გრძნობა. ამასთანავე, ეს გმირები აღსავსენი არიან სიმტკიცითა და გამბედაობით, მჩქეფარე ენერგიითა და უშრეტი ოპტიმიზმით, თუმცა არ გააჩნიათ მაღალი იდეალები და ფართო საზოგადოებრივი ინტერესები. დიუმას გმირების ცხოვრება სავსეა თავგადასავლებითა და სახიფათო მომენტებით, ხშირად აშკარად დაუჯერებელი ფათერაკებით, მაგრამ ავტორი მათ აღწერს ისეთი დამაჯერებლობით, რომ ამბების სიმართლეში ეჭვი არ გეპარებაო. მაგალითად, დიუმას ერთ-ერთი გმირი წიგნიდან „გრაფი მონტე-კრისტო“ ციხეში ჯდომისას ითვისებს მრავალ ენას და მეცნიერების ბევრ დარგს, ხოლო მეორე გმირი პატარა რკინის უბრალო საგნით ანგრევს ციხის სქელ ქვის კედლებს. ოპტიმისტური სულისკვეთება ახასიათებს განსაკუთრებით დიუმას ადრინდელი რომანების გირებს.
დიუმას რომანები არ არის მოკლებული კომპოზიციურ სიმწყობრეს, ისტორიულ მოვლენებზე თავისებურ შეხედულებათა მთლიანობას. აგრეთვე, ლიტერატურული სტილის ერთიანობას. დიუმას რომანთა უმეტესობა იწყება დამაინტერესებელი და დინამიური მოქმედებით. ამბის თხრობაში ოსტატურადაა ჩაქსოვილი დახლართული ინტრიგები. რომანებში ბევრია თავგადასავალი, შეთქმულება, რთული ინტრიგები და ყველა ის მომენტი, რომლებიც რომანებს მატებს დრამატულ დაძაბულობას. სიუჟეტში ხშირია პერიპეტიები - ერთი მდგომარეობიდან გადასვლა მის საწინააღმდეგო მდგომარეობაში.
დიუმას რომანები გამოირჩევა სიუჟეტური მრავალფეროვნებითა და მათი შემადგენელი ელემენტების სირთულით, დრამატულ კონფლიქტთა დაძაბულობით. ყოველი ეპიზოდი მათში არის წინამორბედი ეპიზოდის ლოგიკური გაგრძელება და ასეთივე შესავალი მომდევნო ეპიზოდისათვის.
დიუმას ნაწარმოებთა ენა არის ლაკონიური, დახვეწილი და ცოცხალი, დიალოგები - გამართული, მახვილი, დრამატული.
დიუმას რომანებისათვის ნიშანდობლივია, აგრეთვე, დიდი იუმორი, რომელიც შეეფერება რომანის საერთო ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს; გმირთა შეუდრეკლობას და ცხოვრებისადმი ტრფიალს. მხიარული ოხუნჯობანი მათში აბათილებენ სიტუაციების სიმძაფრეს და აძლიერებენ კომიკურ სცენებს.
დიუმას ძალიან აინტერესებდა რუსეთის ნახვა და 1858-1859 წლებში იმოგზაურა კიდეც ამ ქვეყანაში.
რუსეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებანი ფრანგმა მწერალმა შეიტანა რამდენიმე ტომად გამოცემულ წიგნში - „რუსეთი“. მრავალ საინტერესო და ყურადსაღებ ცნობასთან ერთად მასში წარმოდგენილია გულუბრყვილო და ზოგჯერ აშკარად ყალბი ცნობებიც.
რუსეთისადმი დიდმა ინტერესმა დიუმას ჯერ კიდევ 1840 წელს დააწერინა ისტორიული რომანი „ფარიკაობის მასწავლებლის ჩანაწერები, ანუ თვრამეტი თვე ს. პეტერბურგში“. ამ რომანის ცენტრში დგას ცნობილი დეკაბრისტი ი. ანენკოვი და მისი მეუღლე.
რუსეთის შემდეგ დიუმამ იმოგზაურა ჩვენშიც.
საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებანი დიუმამ გადმოსცა საკმაოდ დიდი მოცულობის წიგნში - „კავკასია“, რომელიც დღიურების სახეს ატარებს. დიუმა მოხიბლა საქართველოს ბუნებამ, თბილისს მან „ქართული სამოთხე“ უწოდა, კახეთს - საქართველოს ზვარი. კახეთში იგი განსაკუთრებით აღაფრთოვანა ა. ჭავჭავაძის მამულმა. დიუმა მოჯადოებული დარჩა ქართველებითაც, მათი ტანისამოსით: ჩოხით, შარვლითა და ყაბალახით. იგი დადიოდა ერთი თავადის მიერ საჩუქრად ნაბოძები ქართული ჩოხითა და ქამარ-ხანჯლით, ქართველთა შორის მან დაინახა მრავალგვარი სიკეთით დაჯილდოებული ადამიანები, საუკეთესო მებრძოლები და მშრომელები - განთქმულნი ხელგაშლილობითა და სილამაზით.
დიუმა ლაპარაკობს შამილის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე, იმ კეთილშობილებასა და შემართებაზე, რასაც იჩენდნენ შამილის ტყვეობაში მყოფი ქართველები. დიუმამ პირადად ინახულა ტყვეობაში მყოფი ანა ჭავჭავაძე და აღტაცება გამოთქვა მისი სილამაზის გამო. მანანა ორბელიანის, გარეგნობაზე კი წერდა: „არასოდეს მინახავს არისტოკრატი ქალი ასეთი მბრძანებლური გარეგნობის. თუ შეხვდებით ორბელიანს როცა ის ფეხით მიდის, თქვენდა უნებურად უნდა მოიხადოთ ქუდი, თუნდაც არ იცნობდეთ მას“.
დიუმა მოიხიბლა საქართველოს კულტურითა და ისტორიული ძეგლებით, აღტაცებაში მოიყვანა, მისი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო შენობამ - თბილისის საოპერო თეატრმა. მწერლის ყურადღება მიიქცია აგრეთვე გელათის მონასტერმა, სიონის ტაძარმა და გორის ციხემ. ამ ძეგლებს, - აღნიშნავდა იგი, - აქვთ წარმტაცი გარეგნობა და უმშვენიერესი ადგილმდებარეობა. დიუმამ დაათვალიერა ქარვასლა, დაიარა ბაზრები და, როგორც სტუმარმა, მოინახულა ოჯახები. თბილისში მრავალნაირი ეროვნებაა, რომელთა შვილებიც ქალაქში დადიან თავისი ქვეყნისათვის ნიშანდობლივი კოსტიუმებითა და იარაღითო.
ფრანგი მწერალი აღაფრთოვანა ქართულმა სიმღერებმა. „ყველა ქართული მელოდია მარტივი, წყნარი და სევდიანი მოდულაციაა. ადამიანმა შეიძლება საათობით ისმინოს ეს მელოდიები და არ იგრძნოს რაიმე დაღლილობა. ისინი ადამიანს უგალობენ ნანას, მაგრამ ძილს კი არასოდეს მოჰგვრიან; აავსებენ ოცნებით, მაგრამ ამასთანავე ამყოფებენ სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში“.
ნაცნობობას პირადად დიუმასთან, - მართალია, ცოტა დაგვიანებით, - მოჰყვა გაცნობა მისი ქმნილებებისა ქართულ ენაზე. ჩვენი საზოგადოება მშობლიურ ენაზე ჯერ დიუმას დრამატურგიას გაეცნო, ხოლო შემდეგ პროზაულ ნაწარმოებებსაც. 1900 წლის 10 თებერვალს თბილისის ქართულ თეატრში ლადო მესხიშვილის საბენეფისოდ ითამაშეს დიუმას პიესა „კინი“.
დიუმას ლიტერატურულ ნიჭს დიდად აფასებდა მრავალი გამოჩენილი პიროვნება. ვიქტორ ჰიუგო ამბობდა: „ალექსანდრე დიუმა არის ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელთაც შეიძლება ეწოდოთ ცივილიზაციის მთესველი; იგი აჯანსაღებს და აკეთილშობილებს ადამიანთა ჭკუას, შეაქვს მასში აუხსნელი, მკაფიო და ძლიერი სინათლე. იგი ანაყოფიერებს ადამიანის სულსა და გონებას; აღვიძებს კითხვის წყურვილს“.
ახალგაზრდებს იტაცებთ დიუმას რომანები, მათში ისინი ეცნობიან თავისთვის საოცნებო ადამიანებს, ძლიერსა და მშვენიერ პიროვნებებს.