Litclub.ge

ილიას მეორედ მოკვლის განსაზღვრა
ილიას მერედ მოკვლა მოიწადინეს. მოკვლა არა ფიზიკური, რომლის გამეორება შეუძლებლად გახადეს უსულგულო ნაძირალებმა, არამედ მოკვლა სულიერი. ეს უკანასკნელი მკვლელობა, რასაკვირველია, უფრო მძიმეა, ვიდრე პირველი. ფიზიკურმა მკვლელობამ შეიძლება ხელი შეუწყოს სულიერს უკვდავებას, სულიერი მკვლელობა კი მეტ ნაკლებობით ამრთლებს ფიზიკურ მკვლელობასა. ფიზიკურმა მკვლელობამ პოეტისამ შეიძლება მისი ქმნილებანი და მათი სარგებლობა უფრო კარგად შეაგნებინოს საზოგადოებას, ამ ქმნილებათა შეგინება კი გულს უცრუებს მათზე საზოგადოებას და დიდს ვნებას აყენებს მას.
ვინ მოიწადინა ეს მეორე მკვლელობა ილიასი? ბატონმა იონა მეუნარგიამ. სად მოიწადინა? სალიტერატურო საღამოზე, რომელიც გამართული იყო ილიას დაბადების დღეს ქუთაისში მის სახსოვრად, სადიდებლად. რა სთქვა? თქვენ ადიდებთ და აღმერთებთ ილიას; მაგრამ მე, რომელიც ახლო ვიდექი განსვენებულთან, სხვა აზრისა ვარო და მოგონების სახით მან თურმე დაუგროვა დამსწრე საზოგადოებას ვეებერთელა ზვინი ჭორებისა, საიდანაც გამოდიოდა, რო ილია ყოფილა: ძუნწი, გულქვავი, ზარმაცი, ბანქოში მფლანგავი თავისი ქონებისა, სოფისტი, ეგოისტი, გამჭყლეტელი მართალი ადამიანისა და თითქმის უნიჭო პუბლიცისტი. “ილია მიწასთან გაასწორა”, გულისწყრომით სწერს კორესპონდენტი თვით გაზეთი “ალისა” (ხაზი ჩვენია-ს.ც.)
დავეკითხოთ გარემოებათა, ამსუბუქებენ მეუნარგიას “სულმაღლობას”, თუ უფრო ამძიმებენ?..
ჯერ მას არ გაუცვეთნია ის წაღები, რომლითაც იგი ილიას დასაფლავებას დაესწრო, როდესაც იგი თავის სიტყვაში წყევლაკრულვას უგზავნიდა ჩვენი დიდების მხეც მკვლელებს, და დღეს კი მას თითქმის ტალახში სვრის.
მეუნარგიას ცოტა არ უწერია, მაგრამ ილიას სიცოცხლის დროს თითქმის კრინტიც არ დაუძრავს რაიმე მისი ნაკლის შესახებ, საზარელი მკვლელობის შემდეგ კი მოიწადინა მისი თითქმის მიწასთან გასწორება.
ილიას მკვლელობის საქმე ჯერ წარმოებაშია, იგი ჯერ სავსებით არ დაგვიმარხავს, ძეგლზე მარტო ლაპარაკია, ფონდი წინ ტაატით მიდის, და ოდნავ მბჟუტავ ცეცხლს მეუნარგიამ კი ცივი წყლის, ლაფის გადასხმა მოინდომა.
რა შედეგი მოჰყვება მეუნარგიას ყოვლად უკადრისს საქციელსა?
უპირველესად ყოვლისა შერცხვენილი მკვლელები წელში გაიმართებიან: დიდი რამე არ გვიქნია, ერთი უნიჭო და ეგოისტი მემამულე მოგვიკლავსო.
ის პირნი, რომელთაც რცხვენოდათ უმონაწილეობიისა ფონდის შევსებაში, ამ სირცხვილისაგან განთავისუფლდებიან და კაპეიკსაც აღარ შესწირავენ, საქვეყნო სიკეთის სავნებლად.
ილიას ასეთი ყოვლად უსამართლო დამცირება იმ დროს, როდესაც მთელი ქართველი საზოგადოება ემზადება აკაკის იუბილესათვის, ცუდს გავლენას იქონიებს თვით ამ იუბილეზე. როგორაო? იფიქრებენ და იტყვიან: ერთს ჩვენს დიდებას ღვთაებრივი შუბლი გავუგმირეთ, დიდბუნოვანი სული შევუგინეთ, და მეორეს კი საიუბილეო დღესასწაულს ვუმართავთო! და ჩრდილი მოადგება ამ იუბილეესა, რომელიც ღირსია, რომ ყოველი მხრით ბრწყინვალე შარავანდედით იყოს მოცული.
ჩვენი გარეშე “მეგობარნი” იტყვიან: ქართველებს ერთი დიდი ადამიანი ჰყავდათ, და ისიც ზარმაცი და უნიჭო კაცუნა გამოდგაო. მოდით და ირწმუნეთ ეს ერი და მისი მომავალიო და კიდევაც სთქვეს ბოლოს, ბუკი და ნაღარა გაჩაღდება იმ მოშურნე-”კარაულების” წრეში, რომელნიც ბედაური ილიას ადგილს ებღაუჭებიან.
ბევრს ძლიერ უკვირს სამარცხვინო საქციელი მეუნარგიასი. ჩვენც გვიკვირს; მაგრამ არა ძლიერ. მეუნარგია ეკუთვნის იმ სულიერების ტიპს, რომელთაც უფრო ნიჭიერ და განვითარებულ მოღვაწეებად მოაქვთ თავი, ვიდრე ნამდვილად არიან. მიუღია ფელეტონური განათლება და მეფელეტონედვე ჩავა საფლავში.
არავითარი დედა იდეა, არავითარი გარკვეული მიმართულება მას არა ჰქონია და არც აქვს. მტკიცე და მუდმივი იყო მასში მხოლოდ ნება-ყოფლობითი ადიუტანტობა გენერლებისა. მათ გარშემო ტრიალებდა, მათ თავს ევლებოდა, ეტრფოდა, მათ ბიოგრაფიებს სწერდა. მიკვირს, რატომ სამხედრო სამსახურში არ შევიდა. სამაგალითო ადიუტანტი იქნებოდა. ნელთბილი კოსმოპოლიტი, უფრო კიდევ ნელთბილი მამულიშვილი იყო. სადამდის მივიდოდა ეს ნელთბილობა, ჩანს იქიდან, რომ არც ერთს თავის შვილს ქართული თურმე არ ასწავლა, და როცა ამაზე ექიმმა ბადრიძემ ქართულის პრესაში საკითხი დაუყენა, ენა ჩაუვარდა, კრინტი ვერ დასძრა. სამაგიეროდ ასეთი მისი საქციელი ვოსტორგოევს მეტად ახარებდა და ხელზე ჰქონდა დახევული. ასეთს ვაჟბატონს განა შეეძლო შეეგნო და დაეფასებინა ილია ჭავჭავაძე!.. ეს მისთვის ისეთივე შეუძლებელი იყო, როგორც ნაპოლეონის ლაქიასათვის თვისი ბატონის ღირსების დანახვა, დაფასება. მაგრამ მარტო შეუგნებლობით ვერ აიხსნება მეუნარგიას საარაკო სიბრიყვე. აქ უსათუოდ დამალულია რაღაც საიდუმლო განზრახვა, პირად ნიადაგზე აღმოცენებული, ბევრად უფრო საკვირველია საღამოზე დამსწრე საზოგადოების საქციელი: იმერნი წინად განთქმულნი იყვნენ თავისი ნაზი და ძლიერი გრძნობით. ამ შემთხვევაში კი მათ გრძნობის აშკარა სიჩლუნგე და სიდამბლე გამოიჩინეს. ლექტორი მთელს საათს “მიწასთან ასწორებდა” მათს სათაყვანებელს ილიას, შეურაწყოფას აყენებდა მათს წმინდათა წმინდასა, ურცხვ ჭორებით ჰბერავდა დამსწრეთა, და ესენი მხოლოდ უძლურს, სუსტ უკმაყოფილებას აცხადებდნენ. შეგნებული და გრძნობა განვითარებული საზოგადოება სრულიად სხვანაირად მოიქცეოდა; აღვირაშვებულს ლექტორს იმავ თვით ხმას გააკმენდინებდა, როგორც ერთი ფეხზე წამოიშლებოდა და მრისხანედ შესძახებდა: გარეთ გადითო.
იაკობ გოგებაშვილი.