მსოფლიო ლიტერატურაში კარგად ცნობილი მწერალი ქალი შარლოტა ბრონტე დაიბადა იორკშირის ერთ-ერთ სოფლის მღვდლის ოჯახში 1816 წელს. შარლოტას მამა პატრიკ ბრონტე წარმოშობით ირლანდიელი ღარიბი ფერმერის შვილი იყო. ახალგაზრდობაში ფეიქრად მუშაობდა, დიდი გაჭირვებით ისწავლა და შემდეგ მღვდლად ეკურთხა. იგი, როგორც ადამიანი, გაორებული პიროვნება ყოფილა. პატრიკ ბრონტე მომსწრე იყო ლუდიტების აჯანყებისა. იგი, ერთი მხრივ, მოხალისეთა რაზმში ჩაწერილა და ფაბრიკის მეპატრონეთა ქონება იარაღით ხელში დაუცავს, ხოლო, მეორე მხრივ, გაფიცულ მუშათა სახლებში უვლია და მათ მიმართ მკაცრი რეპრესიების მიღების წინააღმდეგ სასტიკად გაულაშქრია. თავისი ასეთი მოქმედებით მას, როგორც ერთი - მეამბოხე ლუდისტების მხრივ, ისე მეორე - ფაბრიკების მეპატრონე ბურჟუების მხრივ, სიძულვილი და უპატივცემლობა დაუმსახურებია. ოჯახში მკაცრი, უხეში და კადნიერი ხასიათი ჰქონია. პატრიკ ბრონტეს ცოლი ადრე გარდაცვლია და ექვსი შვილი მარტო მის ანაბარად დარჩენილა.
რვა წლის შარლოტა ორ უფროს დასა და უმცროს ემილისთან ერთად პატრიკ ბრონტემ მიაბარა პასტორ უილსონის საქალებო სასწავლებელში, სადაც მდიდართა ოჯახებისათვის აღმზრდელებს ამზადებდნენ. სწორედ პასტორ უილსონის მზრუნველობის ქვეშ მყოფი კოვან-ბრიჯის სკოლა იქცა შარლოტა ბრონტეს მიერ „ჯეინ ეარში“ აღწერილ ლოვუდის სკოლის პროტოტიპად. თვითონ პასტორი უილსონის, ამ ცივი, უკარება, ანგარებიანი, მაღლა მდგომთადმი მლიქვნელის, ხოლო დაბლა მდგომთადმი მტარვალის ჭეშმარიტი პორტრეტი მწერალმა ქალმა რეალისტური საღებავებით დაგვიხატა ლოვუდის სასწავლებლის მზრუნველ ბროკლჰერსტის სახით. შარლოტა ბრონტეს უფროსი დები - მარიამი და ელისაბედი ამ სასწავლებელში დაავადდნენ ჭლექით და გარდაიცვალნენ. მათი ნათელი ხსოვნის, უფრო კი მარიამის - ანარეკლია ელენ ბერნსის ხატება რომანში - „ჯეინ ეარი“.
პასტორ უილსონის სასწავლებლიდან გამოყვანილი შარლოტა მამამ კერძო პანსიონში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ მომავალი მწერალი ქალი იქვე იწყებს აღმზრდელად მუშაობას. შემდეგ იგი აღმზრდელად ეწყობა იორკშირში ერთ-ერთი ფაბრიკანტის ოჯახში, სადაც მრავალი დამცირება და შეურაცხყოფა გადაიტანა. მისმა თავისუფლებისმოყვარე და ამაყმა სულმა დიდხანს ვერ გაუძლო ამ დამცირებას, მალე თავი მიანება აღმზრდელად მუშაობას და ბრიუსელის ერთ-ერთ პანსიონში ინგლისური ენის მასწავლებლად მოეწყო.
ლექსებისა და რომანების წერა შარლოტამ, ემილიმ და ანამ ადრე ბავშვობაშივე დაიწყეს. შარლოტა ბრონტეს სამწერლო სარბიელზე ბევრი წარუმატებლობა ხვდა წილად, მაგრამ, თავის შემოქმედებით უნარსა და ძალაში დარწმუნებული, ხალასი ნიჭით დაჯილდოებული მწერალი ამ დროებითმა წარუმატებლობამ სულიერად ვერ გატეხა. მისი პირველი რომანი „მასწავლებელი“ ყველა გამომცემლობამ უკან დააბრუნა. ცნობილმა პოეტმა რობერტ სოუთიმაც უკანვე გამოუგზავნა ლექსები და წერილს დიდაქტიკური დარიგებაც დაურთო: მწერლობა ქალის საქმე არაა, იგი ქალს ძირითად ოჯახურ მოვალეობას სწყვეტსო. მაგრამ შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე, ნიჭიერი, შეუპოვარი, უტეხი ნებისყოფის შარლოტა ბრონტე მეორე რომანზე მუშაობს. 1847 წელს ფსევდონიმით გამოაქვეყნა რომანი „ჯეინ ეარი“, რომელსაც წილად უდიდესი წარმატება ხვდა. ნაწარმოები მაშინვე ითარგმნა სხვა ევროპულ ენებზე.
1848-49 წლებში ისედაც ჯანგატეხილ შარლოტა ბრონტეს სამი უბედურება ზედიზედ დაატყდა თავს: ჭლექმა ერთმანეთის მიყოლებით ჩააწვინა საფლავში მისი საყვარელი დები - ემილი, ანა და ერთადერთი ძმა - პატრიკ ბრენუელი.
სულითა და ხორცით დაავადებული შარლოტა ბრონტე უკანასკნელი ძალის დაძაბვით ამთავრებს რომანებს „შერლისა“ და „ვილეტს“. 1854 წელს იგი ცოლად მიჰყვება მღვდელ არტურ ბელა ნიკოლსს. ფეხმძიმობამ მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო შეარყია. ამას ზედ ძლიერი გაციებაც დაერთო და 1855 წლის მარტში შარლოტა ბრონტე გარდაიცვალა.
„ჯეინ ეარმა“ შარლოტა ბრონტე მსოფლიო ლიტერატურის სახელმოხვეჭილ ოსტატებს გვერდში ამოუყენა. ძირითადი პირობა, რამაც განსაზღვრა „ჯეინ ეარის“ წარმატება, ეს მთავარი გმირის - ჯეინის დაუდგრომელი, მებრძოლი და მეამბოხე სულია.
მართალია, ნაწარმოების პირველ თავებში აღწერილ რიდების ოჯახში ჯეინი ჯერ კიდევ უმწეო ბავშვია, მაგრამ არსებული სინამდვილისადმი წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ბობოქრობს მასში. იგი მებრძოლი, მეამბოხე სულით დაჯილდოებული ადამიანია. რიდების სახლში მისის რიდის ნებიერ ჯონს ყველა უსიტყვოდ ემორჩილება: გარეგნულად ლამაზი, მაგრამ უშინაარსო, ჭრიჭინასავით უზრუნველი ჯორჯიანა, ძუნწი და ანგარებიანი ეგოისტი, ხარბი და მაბეზღარა ელიზა, ანდერძის გამტეხი, შურიანი, უსამართლო მისის რიდი და, რაღა თქმა უნდა, უკლებლივ ყველა მსახური. აი, ასეთ, უკვე მეპატრონის ფსიქოლოგიით აღჭურვილ, გათავხედებულ ჯონის აღუდგა წინ ჯეინი. ამ პატარა, მაგრამ მგრძნობიარე გულითა და გამჭრიახი გონებით მიმადლებულმა ბავშვმა იგრძნო, რომ „მაღალი წრის“ ადამიანები საკუთარ ბავშვებს ადრეულ სიყმაწვილიდანვე უნერგავენ იმ აზრს, რომ ღარიბებთან დამოკიდებულებაში, თუნდაც ისინი მათი სისხლით ნათესავებიც იყვნენ, სხვანაირად უნდა მოიქცნენ. ასეთი აღზარდა მისის რიდმა საკუთარი შვილი ჯონ რიდი. იგი ყოველმხრივ ანებივრებდა ვაჟს და აკი შვილიც გაზულუქებული, უნებისყოფო, ლოთი და კარტის მოთამაშე გამოვიდა. დედის მიერ გაგზავნილი ფულები ლოთობასა და გარყვნილებაში გაანიავა. მშობელმა დედამ ფულის მიცემაზე უარი რომ შეუთვალა, საწამლავი დალია და თავისი უშინაარსო ცხოვრება ასე დაამთავრა. ჯორჯიანამ ვიღაც მდიდარ გაქნილ ჯენტლმენზე დაიწერა ჯვარი და ბრწყინვალე კარიერა შეიქმნა. ელიზა საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც თავისი პირველმოქცევის ხანა დაჰყო და იმავე მონასტრის იღუმენიად აირჩიეს. ასე დასრულდა ჯეინის შეძლებულ ბიძაშვილთა ცხოვრება.
ჯეინი აღშფოთებულია ლოვუდის სკოლის აღმზრდელთა საქციელით და ელენ ბერნსთან საუბარში ამბობს: „როცა უმიზეზოდ გვცემენ, ჩვენ დარტყმას დარტყმით უნდა ვუპასუხოთ. თანაც ისეთი ძალით უნდა დავკრათ, რომ ჭკუა სამუდამოდ ისწავლონ“.
ელენ ბერნსი ლოვუდის სკოლაში სხვა ბავშვებისაგან განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. ხშირად ოცნებობს და არსებული სინამდვილიდან მოწყვეტილს დროგამოშვებით ავიწყდება ლოვუდის სკოლის მკაცრი კანონები. ამიტომაც არ მოსწონს იგი მონური ფსიქოლოგიის მის სკეჩერდს. იგი ელენ ბერნსის ჯალათად იქცა და ნაადრევად ჩაიყვანა საფლავში ეს ობოლი, ღარიბი ირლანდიელი გოგონა.
მის სკეჩერდი და სხვა მისი მსგავსი მასწავლებლები აღსაზრდელებს უსიტყვო მორჩილებითა და მონური ფსიქოლოგიით ზრდიან.
ერთადერთი ნათელი პიროვნება ამ ჯოჯოხეთურ სასწავლებელში მის ტემპლია. მხოლოდ მისგან გრძნობენ ბავშვები სითბოს.
ნაწარმოების ცენტრალური ფიგურაა მისტერ როჩესტერი, რომელიც საკუთარი მამისა და მდიდარი ვაჭრის გარიგების მსხვერპლი გახდა. მან მამის დავალებით შეირთო მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი, რომლის დედასაც თავისი სიცოცხლის დღენი სულიერ ავადმყოფთა თავშესაფარში დაულევია და მემკვიდრეობით ქალიშვილისთვისაც გადაუცია იგივე ავადმყოფობა. შარლოტა ბრონტე სამარცხვინო ბოძზე აკრავს მშობლიურ გრძნობაზე მოზეიმე ანგარებას, რომლითაც აღვსილი იყო მისტერ როჩესტერის მამის გული. მან შესანიშნავად იცოდა, რომ სარძლოს დედამ სულიერ ავადმყოფთა თავშესაფარში დალია თავისი დღენი, მაგრამ მამული რომ ორად არ გაეყო, საკუთარი შვილი სამუდამოდ გაწირა.
შარლოტა ბრონტე დაუნდობლად ამხელს გაღარიბებულ, მაგრამ კუდაბზიკა, ქედმაღალ არისტოკრატ ქალებს, რომელთა ქარაფშუტული არსებობის ერთადერთი მიზანი მდიდარი საქმროს ხელში ჩაგდებაა. ამ მხრივ თავისი კლასის ნამდვილი შვილია მის ინგრემი, რომელიც ყურს მოჰკრავს თუ არა, როჩესტერი გაღარიბდაო, მაშინვე იბრუნებს მისგან პირს.
ქართველი მკითხველი უთუოდ დიდი ინტერესით გაეცნობა სასულიერო წოდების ორი საპირისპირო ბანაკის წარმომადგენლების საინტერესოდ აღწერილ ცხოვრებას.
თუ ბროკლჰერსტის სახით შარლოტა ბრონტემ ნიღაბი ჩამოჰგლიჯა მდიდრულად მოსილ, გარეგნულად სათნო, ნეტარ სახეს და გვიჩვენა, რომ თვით ეს სახეზე გადაფენილი სათნოებაც თვალთმაქცობაა და ამის იქით ნამდვილი მტარვალი, გაიძვერა, ორპირი და ათასგვარი მდაბალი საქციელის ჩამდენი პიროვნება იმალება, სენტ-ჯონის სახით მკითხველს წარმოუდგება ვაჟკაცური აღნაგობის, ცისფერთვალა, ფიზიკურად უნაკლო არსება, რომელიც უყოყმანოდ მიდის ღარიბი და გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. დაინტერესებულია ღარიბთა ბავშვებისათვის სკოლის გახსნით, თავის სიყვარულსაც კი ზვარაკად სწირავს საღმრთო სამსახურს, ფანატიკურად სწამს მხოლოდ იმქვეყნიური ცხოვრება და ყოველივე სააქაოზე ხელი აუღია, მაგრამ, როგორც კი მათი მდიდარი ბიძა გარდაიცვლება, იგი ამქვეყნიური ცხოვრების ჭუჭყით წაწყმდება და იკითხავს, მემკვიდრეობა ვის დაუტოვაო. მართალია, მან მდიდარ, მშვენიერი ქალის შერთვაზე უარი თქვა და თავისი ხელი ჯეინ ეარს შესთავაზა, მაგრამ ესეც ადამიანური სისუსტით - ეგოისტობით მოუვიდა. სენტ-ჯონმა კარგად იცოდა, რომ მისიონერის ძნელ და ნარეკლიან გზაზე მტკიცე ნებისყოფის, ამტანი ბუნების ადამიანი იყო საჭირო და არა გარეგნულად სრულქმნილი ტიკინა. ამავე დროს იგი მშვენივრად გრძნობს, რომ მის კვალს, დღეს თუ არა ხვალ ინგლისელი ჯარისკაცი მიჰყვება, მისგან სულიერად დამორჩილებულ ხალხს ფიზიკურად დაიმორჩილებს და სენტ-ჯონის სახელი სამუდამოდ დარჩება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ ღვთისმოსავ წმინდანთა შორის.
შარლოტა ბრონტე თავის მასწავლებლად ინგლისური კრიტიკული რეალიზმის უდიდეს წარმომადგენელს, უკვდავი „ამაოების ბაზრის“ შემქმნელს - უილიამ თეკერეის თვლიდა, მასვე მიუძღვნა „ჯეინ ეარი“ და მწერლობაშიც მისსავე კვალს გაჰყვა.
თეკერეის დევიზი:„რომ მწერლები მოვალენი არიან ცხოვრება ასახონ, როგორც სინამდვილეშია, მათ არ უნდა გამოიგონონ ისეთი გმირები, რომელთაც არაოდეს უცხოვრიათ და არც შეეძლოთ არსებულიყვნენ", - შარლოტა ბრონტემ თავის დევიზად აქცია. ასეთი სულიერი იარაღით აღჭურვილმა მაღალი კლასის წარმომადგენლებში ვერ ჰპოვა ადამიანური კეითლშობილებით აღსავსე გმირი, რომელიც სხვებისათვისაც მისაბაძი გახდებოდა და იძულებული შეიქმნა თავის გარშემო მიმოეხედა. შარლოტა ბრონტეს მახვილმა თვალმა ასეთი კეთილშობილება მხოლოდ უბრალო ადამიანებში დაინახა. ესენი არიან: რიდების სახლში - ბესი, ლოვუდში - მის ტემპლი, მარშენდში - დიანა და მერი, ფერნდენის ციხე-კოშკში - მოხუცი ცოლ-ქმარი ჯონი და მერი და სხვები. მართალია, შარლოტა ბრონტეს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მაღალი წრის ადამიანთა შორის დადებითი ადამიანი არ მოიძებნებაო, მაგრამ მის შემოქმედებიდან ეს აზრი ობიექტურად გამომდინარეობს და მორტონში სენტ-ჯონისაგან მასწავლებლად გამწესებული ჯეინ ეარის ტირადა, რომ მისი მოსწავლე: „უბადრუკი პატარა გლეხუჭები სულითა და ხორცით ისეთივე კარგები არიან, როგორც უკეთილშობილესი წარმოშობის ჩამომავალნი; სიკეთის, კეთილშობილების, სიბრძნისა და კარგი გრძნობების საწყისი მათშიც ისევეა მოცემული, როგორც საუკეთესო წარმოშობის ადამიანებში“, შარლოტა ბრონტეს იმისთვის სჭირდება, რომ თავისი აზრი დაბალი და მაღალი ფენებიდან წარმოშობილ ადამიანთა გონებრივ და ფიზიკურ თანასწორობაზე, სიბრძნეზე, სიქველეზე, თავისი დროის „კეთილშობილთაც“ ჩაუნერგოს.