Litclub.ge

ალექსანდრე დიუმა და მისი მოგზაურობის წიგნი "კავკასია"
გამოჩენილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა-მამა (1803-1870) არა მარტო ნაყოფიერი რომანისტი და დრამატურგი იყო, არამედ ცნობისმოყვარე მოგზაურიც. მან დასტოვა შთაბეჭდილებათა საყურადღებო წიგნი კავკასიის შესახებ,რომლის ღირსებისა და ნაკლოვანებათა გათვალისწინება აუცილებელია თვითონ ამ წიგნის შინაარსის უკეთ ასათვისებლად.

* * *
ალ. დიუმა საქართველოში ჩამოვიდა 60-იან წლებში, სახელდობრ 1858 წლის დამლევს, როდესაც ბატონყმობა ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული, ხოლო კავკასიის ომის ფინალური აქტი ეს- ესაა უნდა დამთავრებულიყო (შამილი დაატყვევეს გუნიბში 1859წ. 23 აგვისტოს). დიუმას წიგნში მკრთალად აისახა ეპოქის სოციალური და პოლიტიკური (უკეთ-სამხედრო-ბიუროკრატული) ატმოსფერო. მწერლის დღიურის ის ნაწილი, რომელიც ყიზლარიდან თბილისამდე მგზავრობის აღწერას შეიცავს, დაახლოებით გვაგრძნობინებს კავკასიური მურიდიზმის ცალკეულ მომენტებსა და ეპიზოდებს. ამასთან დიუმა აგვიწერს სტანიცებში დაბანაკებული პოლკების ცხოვრების საინტერესო შემთხვევებს და ა. შ. თბილისიდან ფოთამდე მოგზაურობის გადმოცემისას მკითხველი, მართალია, მკრთალად, მაგრამ მაინც ეცნობა რეფორმის წინადროინდელი ქართული პროვინციების ცხოვრების ამა თუ იმ მხარეს, საინტერესო ეთნოგრაფიულ წვრილმანებს (მაგ., მეგრული დატირების აღწერას), გაუვალ და ცუდ გზებს და ა. შ. მაგრამ მწერალი ღრმად არ იხედება დაბალი ფენების ყოფაცხოვრებაში, მეტწილად ნეიტრალური დამკვირვებლის პოზა აურჩევია და იზიდავს ყველაფერი, რაც უჩვეულო, ზოგჯერ „ველური“ ან ეგზოტიკური ელფერის მქონეა. ალ. დიუმა ძირითადად რჩება რომანტიკოსი-ბელეტრისტის ნიადაგზე, რომლისთვისაც გამონაკლისი უფრო საყურადღებოა, ვიდრე ჩვეულებრივი და ტიპიური. რომ დიუმამ ვერ დაინახა იმდროინდელი საქართველოს სოციალ-პოლიტიკური ცხოვრების შიდა სარჩული, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, რაზედაც ქვემოთ ვიტყვით.
ერთ ადგილას დიუმა აფრთხილებს მკითხველს, რომ იგი არაა მეცნიერი და კავკასიაზე მისი მსჯელობა უმთავრესად მოგზაურის შთაბეჭდილებებს ეყრდნობა. ეს მართალია, მაგრამ მწერალი არც მთლად დელეტანტი ჩანს კავკასიის ისტორიის საკითხებში. ჯერ ერთი დიუმა იცნობს ანტიკური ხანის მწერლებს, რომელთა ნაწერებში ასე თუ ისე აირეკლა კავკასიის და, კერძოდ იბერიისა და კოლხიდის შორეული წარსული. კავკასიის მწვერვალებს იგი ესქილეს შემოქმედების პიედესტალად თვლის, იცნობს ფეროდოტესა და ქსენოფონტეს ( „ანაბაზისი“) ნაწერებს, არა ერთგზის ასახელებს ელინისტური პერიოდის გამოჩენილ პოეტ აპოლონიო როდოსელს არგონავტების მითთან დაკავშირებით. დიუმას ჩაუხედავს აღმოსავლეთის ისტორიის საკითხებშიც. ამის საბუთია წიგნის შესავალი თავი „პრომეთედან შამილამდე“, სადაც იგი ამჟღავნებს იბერია კოლხეთისა და ძველი სომხეთის ისტორიის უძველესი პერიოდის ძირითად ეტაპების ცოდნას, რამდენადაც მწერალს ამის საშვალებას აძლევდნენ ანტიკური წყაროები (ფეროდოტე, ქსენოფონტე, სტრაბონი, ტაციტი, პომპეი ტროგი, განსაკუთრებით პლუტარქე და სხვ.)და მისი დროის ევროპელ მკვლევართა შრომები. უფრო გვიანდელი ხანის (მაგ, შუა საუკუნეების)მიმოხილვისას დიუმა ემყარება სოლიდურ შრომებს ამ ეპოქის შესახებ. მაგ, კავკასიის ისტორიასთან დაკავშირებით დიუმას წაუკითხავს დ’ოსონის კაპიტალური ნაშრომი მონგოლთა ისტორიის შესახებ და ა. შ.
ძველი პერიოდის მიმოხილვის დროს ა. დიუმა სინქრონულად ალაგებს ცნობებს კავკასიის ხალხთა (ქართველების სომხებისა და სხვ.) ისტორიის ცალკეული ეტაპების შესახებ ძველი საბერძნეთის, რომის, ირანისა და ბიზანტიის ისტორიასთან პარალელურად. მიუხედავად ამისა, რომ არა ერთ ფაქტიურ და ქრონოლოგიურ შეცდომას უშვებს, წიგნის ამ მოკლე თავში ავტორი თავისებურად იყენებს სპეციალური ლიტერატურიდან ამოკრეფილ მასალას. ა. დიუმა ზოგადად გაცნობილია კიროსისა და ქსერსის თავგადასავალს, მითრიდატე ევპატორიასა და პომპეუსის ბრძოლებს, ბიზანტიის იმპერატორ ერეკლე I-ის, ქართველი მეფეების-ფარნაოზის, მირიანის, ბაკურის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის, თეიმურაზ I-ისა და ვახტანგ VI-ის სახელებსა და ღვაწლს: აქემენიდების, სასანიდების, არშაკიდებისა და სეფევიდების დინასტიების ისტორიას; ძველი ირანის რელიგიას (ზოროასტრიზმი, მითრა), მაჰმადიანობის გავრცელებასა და ღებრების ისტორიულ ბედს...ყოველივე ეს მცირე როდია ისეთი ბელეტრისტისათვის, როგორიც დიუმა იყო. თავის რომანებში იგი ხომ ძალიან ხშირად უცერემონიოდ ექცეოდა ისტორიას, რის გამოც „გრაფ მონტეკრისტოსა“ და „სამი მუშკეტერის“ავტორს არ შეიძლება ყოველთვის ენდოს მკითხველი.
საერთოდ, დიუმა-ბელეტრისტის ისტორიზმი სრული ფიქციაა, საინტერესო ეპიზოდი, უტრირებული და გაზვიადებული, წარმტაცი და დინამიური ამბებით მდიდარი ფაბულა,-აი ჩარჩო , რომელშიაც ათავსებს მწერალი ცალკეულ მხატვრულ სურათებს. ფრანგულ ლიტერატურაში პირველი ისტორიულრომანტიკული დრამის „ჰენრიხ III-ის ავტორს, რომელიც კონვეირული სისწრაფით წერდა საკუთარ თუ სხვის სიუჟეტებზე აგებულ რომანებს, ისტორია არსებითად ყურმოჭრილ მონად მიაჩნდა. დიუმას იტაცებდა მშფოთვარე და მძვინვარე პერიოდები რომელიმე ქვეყნის, უმთავრესად საფრანგეთის, წარსულისა. კულინარიული ინტერესებით აღჭურვილი მწერალი ასე მსჯელობდა რომანის ბუნებაზე: „რომანი ხომ სადილივითაა:საჭიროა დასაწყისშივე მივაწოდოთ მკითხველს მიმზიდველი რამ; დავიწყოთ საინტერესოთი თუ მოსაწყენით, მოქმედებით თუ შემზადებით, ვილაპარაკოთ პერსონაჟებზე მას შემდეგ, რასაც მათ ვაჩვენებთ, თუ ვაჩვენოთ ისინი მას შემდეგ, რაც მათ შესახებ მოვუთხრეთ?“-კითხულობდა იგი. და ალ. დიუმა პირველი მეთოდის მომხრეა:რომანისტი ჯერ გიტაცებთ, შემდეგგიხსნით რომ გაფანტოს თქვენი მოწყენა, ზედიზედ ხატავს მოქმედებით აღსავსე პრეპიტიებს, გმირების ურთერთ შეჯახებებსა და კატასტროფებს. მწერალი არას დაგიდევთ ისტორიული დეტალების ამ ფაქტების სიზუსტეს, ნაკლებად იცავს ეპოქის რეკვიზიტს, გვერდს უვლის მოქმედი პირების ქცევათა შინაგან ლოგიკას და ფსიქოლოგიურ სიმართლეს. მან იცის, რომ მკითხველთა ფართო მასის თვალში ყველა ეს ნაკლი კომპისირებული იქნება წარმტაცი და კარგად მოყოლილი ამბით. ისტორიაზე ძალმომრეობა ნებადართულია, თუ ამ ფაქტს ახალშობილა მოყვებაო, -ამბობდა დიუმა. მართლაც, ისტორიასთან სწორედ ასეთი უკანონო და ძალმომრეობითი ხასიათის სიმბიოზის ნაყოფია ა.დიუმას ისტორიული რომანები. დიუმას მხატვრული პრაქტიკა სავსებით ამართლებდა მისივე თეორიულ პოსტულატებს.
ალ. დიუმა უწინარეს ყოვლისა, შესანიშნავი მთხრობელი და განუზომელი ფანტაზიის მწერალია.
კარგად ახასიათებს ბალზაკი „მონტე-კრისტოს“ავტორის პროზას. განსკაიას იგი ატყობინებდა, რომ მთელი დღე თავააუღებლად კითხულობდა „სამ მუშკეტერს“....დიუმა , რასაკვირველია, ცუდად ერკვევა ისტორიაში, მაგრამ უნდა ვაღიაროდ, რომ იგი მომხიბლავი მთხრობელიაო-დასძენდა „ადამიანური კომედიის „შემოქმედი.
ამავე ღირსებითა და ნაკლოვანებით ხასიათდება დიუმა, როგორც მოგზაური-მემუარისტი, თუმცა თავის სამგზავრო დღიურებში იგი უფრო განსწავლული ჩანს, ვიდრე რომანებში(საერთოდ, დიუმა სერიოზულად თვლიდა თავის თავს ერუდიტად, თუმცა მეცნიერულ ცოდნაზე პრეტენზიას არ აცხადებდა).
კავკასიაში მოგზაურობისას ა.დიუმას ჩვეულებრივ აინტერესებს ისტორიული ძეგლები. ასე, მაგ., იგი დაწვრილებით მოგვითხრობს დარუბანდის კარების ისტორიას, იცის, რომ ერთ-ერთი კარი საქართველოში წამოუღიათ იქედან; ათარიღებს ბაგრატის ტაძრის აგების დროს; ანანურის ციხე-სიმაგრის აღწერასთან დაკავშირებით ზუსტად მოგვითხრობს არაგვისა და ქსნის ერისთავთა მტრობის ისტორიას; სამეგრელოზე მსჯელობისას კრიტიკულად იყენებს შარდენისა და გამბას ცნობებს, ხოლო თუ რომელიმე ძეგლის ან ისტორიული მოღვაწის შესახებ მასალა არ გააჩნია, ამასაც აღნიშნავს, მაგ.,თამარის შესახებ იგი ამბობს, რომ მე ყველგან ვეძებდი და ყველას ვეკითხებოდი თამარ მეფის ისტორიას, მაგრამ ვერაფერს წავაწყდი გარდა ბუნდოვანი გადმოცემებისა და ლერმონტოვის რამდენიმე ლექსისა, მაშინ როცა თამარ მეფის ციხე-დარბაზები ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდაო. თბილისში ჩამოსული, იგი სათანადო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალით აღჭურვილი ჩანს. საქართველოს დედაქალაქზე დიუმას წაუკითხავს არაბი მოგზაურისა და დეოგრაფოსის ხაუკალის, შარდენის, ტავერნიეს, გულდენშტედტის, დიუბუა დემონპერეს, კლაპროტის, გამბასა და სხვა მოგზაურთა და გეოგრაფოსთა დღიურები და ნარკვევები. ამავე დროს დიუმა არ ივიწყებს, ამ ავტორთა ცნობები შეადაროს რეალურად დანახულს და გულდასმით შეამოწმოს ისინი. მწწერალი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ვინც თბილისს იცნობს მხოლოდ კლაპროტისა და კავალერ გამბას აღწერილობათა მიხედვით, იქ ჩასვლისას ვერ მიხვდება, რომ ფეხი დასდგა სწორედ იმ ქალაქში, რომელიც ამ მოგზაურთ აქვთ აღწერილი(თავიXXXII „ტფილისი“).
მიუხედავად ასეთი განცხადებისა, ა.დიუმა მაინც ღრმად ვერ სწვდება სინამდვილეს. ნაწილობრივ ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო მოგზაურის განსაკუთრებული მდგომარეობა, სახელდობრ - მისი ფარული იზოლაცია, რომელშიაც მოხვედრილი იყო მთავრობის (კერძოდ, ალექსანდრე II-ისა) და ჯანდარმერიის მუდმივი მეთვალყურეობის წყალობით. ყოველ მის ნაბიჯს თვალს ადევნებდნენ, მაგრამ ისე რომ დიუმას არაფერი ეგრძნო. და ეს მეთვალყურეობა მთელი მისი მოგზაურობის მანძილზე გრძელდებოდა. რით იყო გამოწვეული ასეთი სიფრთხილე?
დიუმას ჯერ კიდევ 40-ან წლებში უნდა ემოგზაურა რუსეთსა და კავკასიაში. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა მწერალმა ვერ შესძლო შემდეგი გარემოების გამო. 1840 წელს ალ. დიუმამ გამოსცა რომანი დეკაბრისტებზე, სათაურით: „ფარიკაობის მასწავლებლის მოგონებანი, ანუ თვრამეტი თვე ს-პეტერბურგში“. ამ ნაწარმოებში ბევრ გამოგონილ და ნებისმიერად შეთხზულ ეპიზოდებთან ერთად აღწერილი იყო დეკაბრისტების დასჯა სენატის მოედანზე, რამაც ნიკოლოზ I-ის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ჯალათიიმპერატორის სიციცხლეში დიუმასთვის რუსეთის საზღვრები დახშული აღმოჩნდა. მხოლოდ ალექსანდრე II-ის გამეფების შემდეგ, როცა გადასახლებული დეკაბრისტები დაბრუნებულ იქნენ ციმბირიდან, დიუმას გაუადვილდა დიდი ხნის ოცნების განხორციელება, თუმცა 1858 წელს რუსეთში ჩამოსული მწერალი მაინც ვერ ასცდა ჟანდარმერიის მუდმივ ზედამხედველობას.
მიუხედავად ამისა, ქართული სტუმართმოყვარეობით გაბრუებულ და თვითონაც ფრთხილ დიუმას მაინც აღნიშნული აქვს კავკასიის ხალხთა ცხოვრების ზოგი ფრიადსაყურადღებო დეტალი მაგ.,იგი კარგად ხედავს ეკონომიურად დაქვეითებული ქართული არისტოკრატიის სიბეჩავეს, მისი თვალი ამჩნევს დახეულ ტანსაცმელს ამაყი თავადებისა და აზნაურების ტანზე პროვინციებში, დაბალი ფენების „საშინელ სიღატაკეს“ სამეგრელოში, მეფის რუსეთის კოლონიური ომის სისასტიკეს კავკასიაში და ა.შ.
უაღრესად საინტერესოა დიუმას უშუალო ცნობები საქართველოს დედაქალაქზე. იცნობს სათანადო ლიტერატურასაც. მაგ; თბილისში ცხოვრების სიძვირის შესახებ დიუმას ნაამბობი ეხმაურება პუშკინის ცნობებს. საფიქრებელია, დიუმას წაუკითხავს „არზრუმში მოგზაურობა“; პუშკინი წერდა: „ტფილისში გამაკვირვა ფულის სიაფემ.გავიარე ეტლით ორი ქუჩა და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვხტი, იძულებული გავხდი გადამეხადა ორი მანეთი ვერცხლით, პირველად მეგონა ,რომ მას უნდოდა ესარგებლა ახლად მოსულის უცოდინარობით, მაგრამ მითხრეს -სწორედ ამდენი ღირსო. სხვა ყველაფერიც ასევე ძვირია“. პუშკინის ამ ცნობას თითქოს დიუმაც იმეორებს,როდესაც ანალოგიურ შემთხვევას აგვიწერს. გარდა ამისა, დიუმაც ისევე აღტაცებულია თბილისის აბანოთი, როგორც პუშკინი; აღწერის მთელი პასაჟები და ცალკე დეტალებიც კი მოგვაგონებენ პუშკინის გადმოცემის ზოგიერთ ადგილს.
ყველაფერი, რაც თბილისში უშვალო დაკვირვების საგანია დიუმასათვის, ცოცხლდება მწერლის მსუბუქ და გონებამახვილობით სავსე თხრობაში. კარგია აღწერა ბალისა კავკასიის მთავარმართებელ ბარიატინსკისთან, აგრეთვე ქალაქის ბაზრისა და კარავანსარაის სურათები და სხვ. ჩვენ არ მოგვეპოვება უფრო უკეთესი აღწერა თბილისის თეატრისა, ვიდრე ა.დიუმამ დაგვიტოვა.

* * *
ალ.დიუმამ განსაკუთრებული სიმპატიით ლაპარაკობს ქართველებზე, ვფიქრობთ, არც ერთ ხალხზე არ უწერია მას ასეთი სიყვარულით და აღტაცებით. დიუმას მიაჩნია, რომ საჭიროა ამ ერის საგანგებო შესწავლა: „მე არაფერს ვლაპარაკობ ქართველებზე ,- წერს იგი, -რომლებსაც საქართველოს გარეშე ვერსად ნახავთ და რომელნიც იმდენად საუცხოო, კეთილშობილი, პატიოსანი, მამაცი, გულუხვი და შემმართებელი ერია, რომ მას სპეციალური გამოკვლევა უნდა მიეძღვნას“.
დიუმას განსაკუთრებით ხიბლავს ქართველების სილამაზე. იგი ერთმანეთს ადარებს ქართველსა და ჩერქეზს და აღნიშნავს: „ამბობენ, ჩერქეზები დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ხალხიაო. ეს შეიძლება მართალი იყოს მხოლოდ კაცების მიმართ, ქალების მიმართკი სადავოა. ჩემი შეხედულებით, ქარტველს სრულიად თავისუფლად შეუძლია შეეცილოს ჩერქეზებს სილამაზეში. ჩემს დღეში არ დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რომელიც ნოღაის ველებში პირველი ქართველის შეხვედრამ მოახდინა ჩემზე“.
ქართველებისა და ჩერქეზების სილამაზის შესახებ ბევრი უწერიათ XVII, XVIII და XIX საუკუნე პირველი ნახევრის უცხოელ (ინგლისელ, ფრანგ, გერმანელ) მოგზაურთ.მათი შთაბეჭდილებანი ტრადიციულად დამკვირდნენ დასავლეთ ევროპის მეცნიერებასა და ფილოსოფიაშიც კი (დარვინი, ვილკელმანი, კანტი, ჰეგელი...) ამ მხრივ ევროპელი მწერლებისათვის ერთ-ერთ ძირითად მასალას წარმოადგენდა, მაგალითად, XVII საუკუნის ფრანგი ვაჭარი-იუველირისა და მოგზაურის ჟან შარდენის (1643-1713) განთქმული „მოგზაურობა“. ეს წიგნი წაუკითხავს დიუმასაც. შარდენი 1672-1673 წ.წ. იყო საქართველოში. ის წერდა: „ქართველების ტომი უმშვენიერესია აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა, მთელ ქვეყანაზედაც. აქ არ მინახავს არც ერთი ცუდი სახის ქალი ან კაცი, ანგელოზებივით ლამაზებიც ბევრი შემხვდა. ქალების უმეტესი ნაწილი ბუნებას ისეთი სიკეკლუცით დაუჯილდოვებია, რომ სხვა ასეთს ვერსად შეხვდებით. შეუძლებელია თვალი მოჰკრათ აქაურ ქალს და არ შეგიყვარდეთ. არ შეიძლება დახატოთ ქართველი ქალების სახესა და ტანადობაზე უმშვენიერესი სახე და ტანადობა; მშვენიერი, თვალტანადნი, წერწეტნი და კეკლუცნი. იშვიათად ნახავთ, რომ ქალი უშნოდ იყოს გასუქებული. მხოლოდ ის აუშნოებს ქართველ ქალებს, რომ ფერ-უმარილს იცხებენ, უმშვენიერესნი სხვებზე უფრო მეტად იცხებენ უმარილს“.
„კავკასიის“ ავტორისათვის თითქმის ყვლა ასეთი, ძირითადი ლიტერეტურულ-ისტორიული წყარო საქართველოზე ცნობილია. მაგრამ დიუმა, რომლის ამორული თავგადასავალი და მშვენიერი სქესისადმი სიყვარული კარგადაა ცნობილი, თვის შთაბეჭდილებებზე მოგვითხრობს უშუალოდ და ლიტერატურული ტრადიციების გვერდის ავლით. ამიტომ მისი სიტყვები ყოველთვის მოკლებულია შაბლონსა და სხვის მიერ თქმულის განმეორებას.
ალ. დიუმას კალამს თითქოს თაფლი ეცხება, როცა იგი კონკრეტულად ხატავს რომელიმე ქართველის გარეგნობას. მწერალი განსაკუთრებით მოხიბლულია ქართველი ქალების სილამაზით. ბარიატინსკის ბინაში მოხვედრილი ფრანგი რომანისტი შენიშნავს: „ზედმეტია იმის თქმა, რომ აქ იყვნენ ყველაზე ლამაზი და ყველაე მომხიბლავი თბილისელი მანდილოსნები. გაკვრით უნდა ვთქვა, რომ მიუხედავათ იმისა, რომ ქართველი ქალების სილამაზე საქვეყნოდაა ცნობილი, აქ იყვნენ ორი თუ სამი ევროპელი მანდილოსნი... რომლებიც მათ არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ“.
დასავლეთ საქართველოს ქალების სილამაზის გამო დიუმა წერს: „მთელი ძველი კოლხეთის ქალები მშვენიერი გარეგნობისა არიან. ჩვენ გვინდოდა გვეთვა, ისინი ქართველ ქალებზე უფრო ლამაზე არიანო, მაგრამ დროზე გაგვახსენდა, რომ უწინ იმერეთი, გურია და სამეგრელო საქართველოს მხარეები იყვნენ“. ამ შეხედულებას მწერალი თავისი წიგნის სხვა ადგილსაც გამოთქვამს: „როგორც ვთქვით, მეგრელი ქალები, მეტადრე ქერა შავთვალა და შავგვრემანი ცისფერთვალება ქალები ულამაზესი არიან დედამიწის ზურგზე“.
დიუმა აღტაცებულია ქართველი მამაკაცების გარეგნობით. იმერლების, გურულებისა და მეგრელების შესახებ იგი ამბობს:
„ევროპაში წარმოდგენაც არა აქვთ კოლხეთის ხალხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს სულ უბრალო მსახურებსაც კი თავადიშვილის იერი აქვს“ (თავი L IX „მოლითი“).
დაღისტანში დიუმამ გაიცნო „უმამაცესი ოფიცერი“ რომან ბაგრატიონი, რომლის დარდიმანდობამ და გულუხვობამ იგი პირდაპირ მოხიბლა: „ეს იყო ქართველი თავადიშვილის ჭეშმარიტი ტიპი, მამაცი, ქველი, გულუხვი, სტუმართმოყვარე, პოეტური სულისა და წარმოსადეგი გარეგნობის კაცი“,- ჰყვება მწერალი.
დიუმა არ იქნებოდა ფანტასტიკურის მოყვარული და გაზვიადების ოსტატი, რომ იგი ასეთ რასმე არ მიმართავდეს თავისი მოგზაურობის წიგნშიაც. მწერალს თითქოს აკვიატებია აზრი ქართველების მიდრეკილებაზე ღვინის უზომო სმისადმი: „არსად იმდენს არ სვამენ, რამდენსაც რუსეთში, თუ საქართველო არ მივიღეთ მხედველობაში. საინტერესო იქნებოდა რუს და ქართველ მსმელთა შეჯიბრება. შეიძლება სანაძლეო დავდო, რომ დალეულ ბოთლთა რიცხვი თითო ადამიანზე თორმეტამდე ავა, მაგრამ წინდაწინ ვერ ვიკისრებ იმის თქმას თუ ვის დარჩება გამარჯვება“. (თავი IX). „ქართულ სუფრაზე ჩვეულებრივ მსმელები ხუთ-ექვს ბოთლ ღვინოს სვამენ, უფრო დიდი მსმელები კი თორმეტ-თხუთმეტ ბოთლს. გამოირჩევიან ისეთებიც, რომლებიც ბოთლობით კი არა, ტიკობით სვამენ, ესენი ოც-ოცდახუთ ბოთლამდე ადიან. ასე, რომ ქართველი საშუალოდ თხუთმეტ ბოთლს სვამს“. ვფიქრობ, დიუმა იმეორებს დასავლეთ ევროპის ლიტერატურასა და სამგზავრო აღწერილობებში გავრცელებულ შეხედულებებს ქართველების გადაჭარბებულ ღვინის სმაზე და თვითონაც შიეაქვს დიდი წვლილი ამ საკითხში.ჯერ კიდევ 1740 წელს ნადირ-შაჰზე ფრანგულად გამოცემული წიგნის ანონიმი ავტორი წერდა: „ეს ხალხი (ქართველები, ა. გ. ) საუკეთესოა დედამიწის ზურგზე; მამაკაცები ახოვანნი, შესახედავნი, ძალოვანნი არიან და დიდად დღეგრძელნი იქნებოდნენ, ზედმეტად რომ არ ეძალებოდნენ ღვინოს. რისგანაც მათი სხეული ნაადრევად ძაბუნდება. რაც შეეხება ქალებს, ისინი ოთიდგანვე ულამაზესებად ითვლებიან აზიაში“.
დიუმას, როგორც ჩანს, წაუკითხავს ეს წიგნი. მოკლე ცნობები ნადირ შაჰზე მას სწორედ ამ წიგნიდან უნდა ჰქონდეს ამოკრეფილი.
გაზვიადებული და გროტესკულია დიუმას შენიშვნაც ქართველების ცხვირზე, რაზედაც ქვემოთ ვიტყვით.
საინტერესოა დიუმას შეხედულება ქართული სიმღერების შესახებ. იგი არაა ღრმა, მაგრამ კარგად ახასიათებს თანამედროვე ევროპელის დამოკიდებულებას ქართული მელოდიებისადმი: დიუმას წიგნში ბევრი რამ შეთხზულისა და გამოგონილის შთაბეჭდილებას სტოვებს. მკითხველის ღიმილს იწვევს მწერლის მიერ სერიოზულად მოთხრობილი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ცოცხლად მოიხარშა ერთი ეპისკოპოსი თბილისის აბანოს ცხელ აუზში. და, საერთოდ, მოჭორილი თუ ანეკდოტური ამბებისადმი დიუმა, რათქმაუნდა, გულგრილი არაა. მცირეოდენი როლი როდი უნდა ეთამაშა აგრეთვე ჩვენი ავტორი-მოგზაურის სურვილს-ევროპული მკითხველი გაუკვირვებია ფანტასტიკური შემთხვევების აღწერით. დიუმა დამკვირვებელი და მიამიტია ერთსა და იმავე დროს.
მაგრამ არის სფერო, სადაც ა. დიუმა საქმიანად და შინაურულად გრძნობს თავს, ნაკლებად ცდება და განსაკუთრებით გულუხვია თავისი ოქროპირობის ხარჯზე-ესაა სფერო მწერლის კულინარული მიდრეკილებებისა. დიუმას სპეციალისტი-მზარეულის ცოდნით და გემოვნებით მსჯელობს ქართული სუფრის კერძებისა და ღვინოების ღირსებებზე, საგანგებოდ აღწერს მწვადს, ხოლო როცა შესაფერი გარემოება წარმოიშვება-გაბმით და მკითხველის თავმოსაბეზრებლად ჰყვება გასტრონომიულ საკითხებზე. ამ მხრივ ყველაზე სანიმუშოა მოგზაურობის ის ადგილები, რომელნიც მწერლის ფოთში ყოფნის აღწერას შეიცავენ.
ასეთ შემთხვევებში დიუმას კალამი ავრცელებს მოწყენას, რომლის აჩრდილისაც თვითონვე ეშინია.

* * *
ა. დიუმას მოგზაურობის წიგნში დიდი ადგილი უჭირავს ე. წ. კავკასიის ომის მასალას, კერძოდ კი ცნობებს შამილის, მისი ჯალაბისა და ჰაჯი-მურატის შესახებ. მწერლის ასეთ ყურადღება იმდროინდელი კავკასიისადმი შემთხვევითი არაა და ნაკარნახებბია იმ დიდი ინტერესით, რასაც საერთოდ იჩენდა ევროპა მურიდისტული მოძრაობისადმი დაღისტანში. რუსეთში გამგზავრების წინ, სახელდობრ, 1858 წლის ზაფხულში, დიუმა თავის გაზეთ „მონტე-კრისტოში“ (17 ივნისის თარიღით) ათავსებს საუბრებს („Causerie”) და მკითხველებს ატყობინებს, რომ განზრახვა აქვს ნახოს ის კლდე კავკასიაში, სადაც მიჯაჭვული იყო პრომეთე და პირადად ინახულოს შამილი. თანაც კითხულობდა: „იცის თუ არა ჩემი სახელი შამილმა ან თუ ნებას დამრთავს ღამე გავატარო მის კარავშიო“. თავის დროზე დიუმას ამ დაპირებას მკითხველისადმი დოსტოევსკის ჰუმორეული შენიშვნა გამოუწვევია, ხოლო ერთ მხატვარს (ნ. ა. სტეპანოს) კარიკატურაც დაუბეჭდავს, რომელზედაც გამოსახულია შამილი, რომლის ჩოხის კალთისათვის ხელი აქვს ჩავლებული დიუმას, ხოლო სურათის წარწერაში მთიელთა წინამძღოლი ეუბნება მას: „მუსიო დიუმა, თავი დამანებე, რუსების თავდასხმის მოსაგერიებლად მიმეჩქარება“. მეტიც: კავკასიაში ჩამოსული ფრანგი მწერლის თვალწინ გაუთამაშებიათ საომარი სცენა და „სამი მუშკეტერის“ ავტორს იგი ნამდვილ ბრძოლად მიუჩნევია. მაგ., წიგნის ერთ თავში (V: „აბრეკი“) დიუმა აგვიწერს კაზაკებისა და მურიდების შეტაკებას, სადაც ორივე მხარე მძიმე დანაკლისს განიცდის, სინამდვილეში კი მთიელთა თავდასხმის ეს ინსცენირება მოწყობილი ყოფილა ჩირ-იურთში დაბანაკებული ნიჟეგოროდის პოლკის ყოფილი უფროსის ა.მ. დონდუკოვ-კორსაკოვის ფარული მითითებით, ხოლო გამოჩენილი ფრანგი მწერლის ფანტაზიას ვერ შეუმჩნევია კავკასიური ომის მისტიფიკაცია, გათამაშებული იმ კაცისათვის რომელსაც მთელი გულით ეწადა შამილის ნახვა (დიუმასთვის უჩვენებიათ ცხვრის სისხლში ამოსვრილი ძონძები და უამბნიათ მოგონილი ამბები ვითომცდა ტყეში მომხდარი შეტაკების შესახებ). რაც შეეხება დიუმას ცნობებს შამილისა და მისი გარემოცვის შესახებ, მოგზაურობის ეს ნაწილი ნაკლებ ორგინალურია. მთავარ წყაროს დიუმასათვის, სხვა მასალებთან ერთად წარმოადგენს შამილთა ტყვედ ნამყოფ, დავით ჭავჭავაძის შვილების გუვერნიორ ფრანგ ა. დრანსეს წიგნი „შამილის ტყვე ქალები), რომელიც ჯერ ფრანგულად დაიბეჭდა 1857 წელს, ხოლო მისი რუსული თარგმანი ორჯერ გამოიცა დიუმა თვითონ ასახელებს ამ წიგნს „კავკასიის“ შენიშვნაში და შემდეგ ნაირად აფასებს მას: „ქალბატონმა დრანსემ თავის მოგონებებში სათაურით „ფრანგი ტყვე ქალის მოგონებები შამილზე“ თავისი თავგადსავალი ისეთი გასაცვიფრებელი სისადავითა და სიზუსტით მოგვითხრო, რაიცა დამახასიათებელია იმ დაკვირვების ნიჭისათვის, რომელსაც ქალები ზედმიწევნით ფლობენ“ (თავი XLIV)
ეტყობა, დიუმა იცნობდა აგრეთვე ე. ვერდერევსკის წიგნსაც „შამილთან ტყვეობა“, რომელიც პირველად 1856 წელს დაიბეჭდა, რუსულად, ხოლო მეორე წელს მისი ინგლისური თარგმანიც გამოვიდა ლონდონში.
საერთოდ, 50-დან და 60-იან წლებში ევროპაში გულდასმით ადევნებდნენ თვალს ყველაფერს, რაც კავკასიის ომზე იბეჭდებოდა. ამიტომ გასაკვირი არაა, თუ ა. დიუმა საკითხის ცნობით ჰყვება მურიდიზმის ცალკეულ ეპიზოდებს, რომელთა გაცნობა მას შეეძლო სპეციალური ლიტერატურის საშუალებითაც ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. უეჭველია, დიუმას წაუკითხავს პატარა ნარკვევი ნევეროვსკისა, რადგან ავარელი ხანების ამოწყვეტისა და დაღსტნის მეორე იმამის ჰამზად-ბეგის თავგადასავლის თხრობა მისი მოგზაურობის დღიურში არსებითად დასახელებული წიგნაკის ზოგიერთ პასაჟს პირდაპირ იმეორებს. რაც შეეხება 1832 წელს როზენის მიერ გიმრის აღების, იმამ ღაზი-მუჰამედის სიკვდილისა და შამილის გადარჩენის ისტორიას, დიუმას ამათ შესახებ შეეძლო ამოეკითხა ურიცხვ კორესპონდენციებსა და ცალკე სტატიებში, რომლებიც მის დროს უხვად იბეჭდებოდა დასავლეთის პრესაში (აღნიშნული ისტორიული ეპიზოდები უცხოეთის ჟურნალ-გაზეთებში თითქმის სტერეოტიპული ერთფეროვნებით მეორდებიან).
კავკასიური ომების სხვა ეპიზოდებსაც დიუმა შედარებით სწორად გადმოსცემს. ახულგოს აღება 1839 წელს, დარღოს ექსპედიცია1845 წლისა (როცა მ. ვორონცოვი მთიელებისაგან ალყა შემორტყმული აღმოჩნდა) და სხვა მომენტები ამ ომისა-დიუმასთვის კარგად ცნობილია. მოგზაურობაში შეტანილია მთელი თავი (XLV) შამილის უფროსი ძის ჯემალ ედინის შესახებ, რომელიც ახულგოს აღებისას წაიყვანა რუსის მხედრობამ ამანათად. მამამ იგი დაიბრუნა მხოლოდ 1855 წლის გაზაფხულზე წინანდლიდან გატაცებული ქართველი ტყვე ქალების, ანა წავწავაძისა და ბარბარე ორბელიანის, სამაგიეროდ. დიუმას ხელთ ჰქონია ექიმ პიოტროვსკის მოგონება, რომელიც გაზ. „კავკაზში“ დაიბეჭდა 1858 წელს, საკმაოა უბრალო შედარება ამ მოგონებისა დიუმას ცნობებთან, რომ ჩვენი ავტორის უშუალო ლიტერატურული წყარო გაირკვეს. ფრიად საყურადღებოა ა. დიუმას ცნობები ჰაჯი-მურატზე. უწინარეს ყოვლისა საგულისხმოა მწერლის წინასწარმეტყველური სიტყვები განთქმული კავკასიელი მთიელის შესაებ: იგი ლეგენდის გმირია. რაც მეტი დრო გავა, მისი აჩრდილი უფრო გაიზრდებაო. ლ. ტოლსტოის გენიამ ფრანგი მწერლის ეს ვარაუდი სინამდვილედ აგცია.
დიუმამ იცის ჰაჯი-მურატის მკვლლობის ადგილი, უტყუარია ცნობა იმის შესახებ, რომ ტფილისში მოუტანიათ მისი მოკვეთილი თავი. მე მაქვს სურათი ამ თავისა, ნატურისაგან გადაღებულიო - ამბობს დიუმა. ჰაჯი-მურატის თავი მართლაც იყო გამოფენილი თბილისში და მისგან სურათი გადაუღია მხატვრა კორადინს.
რაც შეეხება 1854 წელს წინანდალზე ლეკების დაცემისა და იქიდან დ. ჭავჭავაზისა და ილია ორბელიანის ჯალაბის გატაცების ეპიზოდს, იგი დიუმას მთლიანად მოთხრობილი აქვს ვერდერევსკის წიგნის მიხედვით, ოღონდ ზოგიერთი მომენტის გამოკლებით. გარდა ამ წიგნისა, დიუმა სარგებლობს დრანსეს მოგონებითაც.
„კავკასიაში“ აგრეთვე შეტანილია მთელი თავი (XLIV) „თავადი ილიკო ორბელიანი“, რომელიც ეხება ამ ოფიცრის (გრ. ორბელიანის ძმის, ნიკ. ბარათაშვილის ბიძისა და მეგობრის) ტყვეობას შამილთან. ეს ისტორიული ფაქტი მოხდა 1842 წელს, როცა შმილის მურიდებმა ყაზიღუმუქში დაატყვევეს იგი და მოჰგვარეს იმამს მის რეზიდენციაში, დარღოში (საჩაჩნო). დიუმა მთლიანდ ემყარება დრანსეს, რომელსაც ჩუწერია ილია ორბელიანის მამაცობის ერთი ეპიზოდი (დრანსეს გარდა ეს ეპიზოდი არავის აქვს მოთხრობილი). დიუმას პირდაპირ გადაქვს თავის წიგნში დრანსეს ცნობები. ოღონდ ზოგიერთ მომენტს თავისებურად აზვიადებს. მაგ., დრანსეს მიხედვით ილია ორბელიანს მიუახლოვდა „ერთი ნაიბი შეიარაღებული კაცებით“, დიუმას კი ნაიბის ამალის რიცხვი 9000-მდე გაუზრდია (ჩვენ ვიცით, რომ შამილის დარღოსეულ სერალში, სადაც აღნიშნული ეპიზოდი უნდა გათამაშებულიყო, 900 კაციც ვერ დაეტეოდა!). მწერლის ფანტაზია აქ უსაზღვროა და მოკლებულია იმ სიზუსტესა და ლაკონიურობას, რომელიც დიუმასვე მიაჩნია დრანსეს წიგნის უმთვარეს ღირსებად.
საერთოდ, დიუმა უხვად სარგებლობდა არამარტო მზამზარეულის საისტორიო მასალით, არამედ მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებითაც, თუმცა, სამწუხაროდ იგი ფრიად დაბალი ხარისხის ნიმუშებსაც ენდობოდა ხოლმე. ასე, მაგ. შეხედულება ქართველების „არაჩვეულებრივ ცხვირზე“ (იხ. თავი XLVII, „საქართველო და ქართველები“) მას შეუმუშავებია ბესტუჟევ-მარლინსკის რომანის „მოლანურის“ ზეგავლენით. (შდრ. მარლინსკის „მოლანური“. თავი V). ეს მონაჭორი მეორე ხარისხოვანი რუსი პროზაიკოსისაა ერთგვარ დისონანსად იჭრება დიუმას თხრობაში ქართველების შესახებ და იგი არც ერთი კონკრეტული მითითებით არაა დასაბუთებული* (ისევე, როგორც დაუსაბუთებულია იგი თვითონ მარლინსკის მხატვრულად უსუსურ მოთხრობაში). რომანტიკოს დიუმას საერთოდ იზიდავს რუსული რომანტიკული პროზის ამ უფერული წარმომადგენლის თხზულებანი, რომელთაგან ზოგიერთი მისთვის უთარგმნია მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტ კალინოს, რომელიც მხატვარ მუანესთან ერთად თარჯიმნად ახლდა მას კავკასიაში მოგზაურობის დროს. მაგ. „კავკასიის“ მე-XXVI, თავი „გამოთხოვება კასპიის ზღვასთან“ პირდაპირ იმეორებს მარლინსკის ლირიკული მონოლოგის - „Прошание с Каспием (1834)“ - სათაურს და ამ მონოლოგის ფრანგული თარგმანიტაც მთავრდება ( რუსულ გამოცემაში იგი გამოტოვებულია). დერბენდის „კედლის“ ახწერისას დიუმა აგრეთვე მარლინსკით სარგებლობს. ამ ავტორისადმი დიუმას განსაკუთრებულ ყურადღებას მოწმობს აგრეთვე ლიტერატურული დასესხების სხვა ფაქტებიც. კალინოს მისთვის გადაუთრგმნი მარლინსკის მოთხრობა „Фрегат „Надежда“, ხოლო მოთხრობა „ამალათბეგი“ ფრანგ მწერალს თავისებურათ გადაუკეთებია და გამოუცია „Sulttanetta“-ს სახელწოდებით.
„კავკასიის“ საუკეთესო ფურცლებს შეადგენს მხოლოდ ის ადგილები, რომლებიც ასეთი საეჭვი ღირებულების ლიტერატურული წყაროების ზეგავლენისაგანაა თავისუფალი და, როგორც ვთქვით მწერლის უშუალო დაკვირვებებს შეიცავენ. მაგალიტად, შესანიშნავად აქვს გადმოცემულიდიუმას თვისი შთაბეჭდილებანი კავაკასიის და, კერძოდ, საქართველოს ბუნებაზე. ბრწყინვალედაა დახატული ყარანაის ქედი (დაღისტანი). ჩვენ თვითონ მოგვივლია ეს მხარე და უნდა ვთქვათ, რომ დიუმა მოდელის უტყუარ ასლს გვაწვდის. (თავიXVII). ასევე კარგია ქარ-თოვლიან ამინდში თბილისიდან ფასანურმდე მგზავრობის აღწერები. მოგზაურობის ეს ადგილები საუკეთესო ნიმუშებია დიუმას პეიზაჟური მხატვრობისა.
დიუმას გადამდები და გულღია სიცილი ცნობილია. იგი თავის მოგზაურობის წიგნშიაც ხუმრობს ხოლმე, მიმართავ თვით ირონიასაც, მაგ, ჰყვება, თუ როგორ მოხდენილად შეადარა მხატვარმა მუანემ იგი კასპიის ზღვაში დაჭერილ სელაპს; როდესაც დერბენდში მწერალთან მიჰყავდათ ცხენები გასამგზავრებლად, იგი ეკითხება მეგზურთ -ამათაც ხომ არ წაუკითხავთ ჩემი თხზულებანიო. ხუმრობით შენიღბული ასეთი თვით რეკლმა უწყინარია, ამბიციას მოკლებული და ამიტომ-მისატევებელი.
„კავკასია“ იკითხება დიდი ინტერესით. იგი არაა ღრმა ნაწარმოები, მაგრამ არც მოსაწყენია. 23 პირიქით. და მკითხველიც მზადაა აპატიოს „სამი მუშკეტერის“ ავტორს არ ერთი ტყუილი და გაზვიადებანი, რომელთაც იგი, ძლიერი ეფექტების მოყვარული მწერალი, ასე მსუბუქად და გრაციით აწვდის მას.

* * *
დასასრულ რამდენიმე სიტყვა დიუმას იკონოგრაფიის გამოც.
მოგზაურობის დღიურიდან ჩვენ ვგებულობთ, თუ როგორ უვლიდა დიუმა თავის „ხუჭუჭ თმას“ თბილისში რომ „მოდის მიხედვით“ და უმოწყალოდ შეუკრეჭიათ მისთვის. ამგვარი თმით გამოიყურება მწერალი იმ სურათში, რომელიც მოთავსებულია ტომის ალბომში „რუსკი ხუდოჟესტვენნი ლისტოკ“ (1859,№17). ის გადაღებულია დიუმას რუსეთში ყოფნის დროს და, მაშასადამე, ზუსტად გადმოგვცემს 1858 წელს თბილისში ჩამოსული მწერლის გარეგნობას.
დიუმა არა ერთხელ აღნიშნავს, თუ როგორ იძენდა იგი კავკასიაში ხანჯლებს, დამბაჩებს და ადგილობრივ ტანსაცმელს თბილისში მწერლისათვის გადაუღიათ სურათი რომელზედაც გამოსახულია კავკასიურ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი დიუმა ბოხოხის ქუდითა და სატევრით.
დიუმას ეს პორტრეტიც რამდენჯერმე დაიბეჭდა.
ორივე სურათიდან იცქირება ზანგის სისხლნარევი ფრანგი მწერალი, რომელსაც ასე იზიდავდა ყველაფერი უჩვეულო და ექსტრავაგანტური.