Litclub.ge

სურათი
ენკენისთვის დასასრული იყო. ღამის თერთმეტი საათი. ბადრი მთვარე ისე ანათებდა ქვეყანას, თითქო ყველასთვის ცხოვლად უნდა დაენახვებინა, თუ რამდენი საცოდაობა ხდება ქვეყანაზედ. ცა მოკამკამებული იყო მუქ ლაჟვარდისფრად და გადაჭედილი ვარსკვლავებით. მე ვიჯექ ბალკონზედ და ვსტკბებოდი მშვენიერის სურათით, რომელიც ჩემ თვალწინ გამოიხატებოდა. მაღლობზედ პატარა ქვითკირის ოთახი, იმის გვერდით ცალის მხრით, ზემოდან ქვემოთ გადმომჩქეფარობდა ნაკადული, რომლის პირიც ვერცხლის ზოლივით პრიალებდა მთვარეზედ. მეორე მხრივ ღობეჩამორღვეული ვენახი დამკვრახებულის ყურძნით და დიდროვანი კაკლის ხეებით. ირგვლივ სრული სიჩუმე. ყოველ სულდგმულს ჩასძინებოდა, თუ განაბული იყო, რომ დამტკბარიყო ამ მშვენიერი, სიტკბოებით სავსე საღამოთი. მხოლოდ პატარა ქვითკირის ოთახიდგან ფეხის აკრეფით გამოდიოდა ორი დედაკაცი შავებით და ისევ ფეხის აკრეფითვე შედიოდა ვენახში; იქიდგან გამოჰქონდათ ყურძნით სავსე კალათები და ვენახის გვერდით მიყუდროებულ მხარეს, დიდს გოდორში ჰყრიდნენ. გოდრის გვერდით იჯდა ახალგაზრდა გლეხი და ჩაფიქრებული დედამიწას ჩასცქეროდა. დედამიწას მაშინ, როდესაც ცა ისე მეფურად იყო მოკაზმული!
მაგრამ ცის სიმშვენიერით მხოლოდ დამშვიდებულის კაცის ოცნებას შეუძლიან ისარგებლოს და პავლიკა კვინიკაძეს კი თავის შავი ფიქრები ისეთ ნაღველს ასმევდნენ, რომ მარტო დედამიწისთვის შეეძლო მათი გაზიარება. კაშკაშა მთვარე კი არ ანათებდა, არა, უფრო ცხოვლად უჩვენებდა იმ მიზეზების სიბნელეს, რომლების მოწყალებითაც ეს ეხლა ქურდულად ჰკრეფდა თავის პატარა ვენახს.
ქართველ კაცს ლხინით უყვარს რთველი. ის ყოველთვის ახალი ღვინის კეთებას ძველი ღვინით შეზარხოშებული შეუდგება ხოლმე.
პავლიკაც მხიარული, გულუხვი კაცია, მაგრამ დღეს კი არ ემხიარულება. წრეულს ყანები კალიამ მოუძოვა და ერთადერთი პასუხისმგებელი ათასის ამის მოთხოვნილებისა ეს პატარა, ნახევარ დღის ვენახია!
- რომელ ერთს გაუძღვე ათი კოკა ღვინით? - ბუტბუტებდა პავლიკა. - პური ვიყიდო, ხემწიფეს ხარჯი მივცე, თუ ჩემს მოვალეებს პირნათლად გავუსწორდე? ეჰ, ღმერთო, შენ იყავ გაჭირვებული კაცის შემწე! - და მხოლოდ ეხლა შეხედა პავლიკამ უმანკო, მოკაშკაშე ღვთის ტაძარს. მერე ნელა წამოდგა, ძალზედ გაიზმორა და პირამდი სავსე გოდორს გადახედა. სიამოვნების მაგივრად მწარე ღიმილმა გაუელვა პირისახეზედ და ნელ-ნელა დაიწყო ფეხსაცმელების ხდა.
დედაკაცმა ისევ ფეხაკრეფით და სიჩუმით ლიტრით წყალი მოიტანა, ქმარს ფეხებზე გადაავლო და შემდეგ გოდრის ქვეშ ხარის ტყავი გაასწორა, მტვერი გადასწმინდა.
პავლიკამ პირჯვარი გადიწერა და უჩუმრად ყურძენზედ შესდგა. კარგა ხანს, შეჭმუხვნილის შუბლით, თავის მძლავრი ღონით სჭყლეტდა ყურძენს; დედაკაცებიც თანდათან უმატებდნენ. მარტო ტკბილს გაუდიოდა შეუწყვეტლივი შხრიალი ქვევრში, რომელსაც გოდრის ძირას ერთი წლის სიცარიელის შემდეგ ხარბად დაეღო ჩაშავებული პირი.
უცებ მოისმა ცხენის ფეხის ხმა, მალე გამოჩნდა მთვარის კაშკაშზედ თვით ცხენიც. ცხენზედ იჯდა მოხუცი დედაკაცი და წინ აღვირით ხელში თორმეტ-ცამეტის წლის ბიჭი მოუძღოდა. რამდენიმე წამის შემდეგ ცხენი პავლიკას კარზედ შესდგა. დედაკაცი მარჯვედ გადმოხტა და საჩქაროდ ვენახისკენ გასწია. პავლიკა მალე შენიშნა კუნჭულში და მეხივით მოულოდნელად თავზედ დაეცა. არც ერთი და არც მეორე ხმას არ იღებდნენ. აქ მყოფი უფრო სისწრაფით სჭყლეტდა ყურძენს და მოსული დაკვირვებით შესცქეროდა იმას. ბოლოს ამის თვალების ნესტარს ვეღარ გაუძლო პავლიკამ და ამოოხვრით უთხრა: რას მიყურებ...…შეგატყობინეს?..
- შემატყობინეს! შემატყობინეს, შე წუწკო, შე ავაზაკო, - დაიბაყბაყა ბებერმა. - გინდოდა მოგეტყუებინე! მერე ჩემ პატარა ობლებს რაღას ეუბნებოდი? შხამად შეგერგოს ის სიმინდი, რომელიც შენ წამოიღე და ზამთარში მშიერი ცოლ-შვილი გამოიკვებე! აგერ მეხვეწებოდი, ოღონდ მამე და ორ კოდში კოკა ღვინოს მოგცემო! აი ლაფი კი დავასხი შენ პირობას! - ამ სიტყვებთან ძალზედ გადააფურთხა გაასპიტებულმა დედაკაცმა.
- კარგი, კარგი, მაიავ! გეყოფა მაგდენი გინება. განა მე ეხლა კი უარს გეუბნევი. აი, ეს ღვინო და ეს შენა; ესე კი, ჩემო მაიავ, რომ ნახევარი უნდა დამაცალო, ყელამდინ ვალში ვარ, ხომ იცი სიკვდილმაც დამაზარალა. ჭირნახულიც, ი რაღაც კალიაა, იმან მომიძოვა, და, აბა, ვის როგორ გავწვდე...
- როგორ თუ დაგაცალო! გინდოდა ქურდულად დაგეწურა, ცარიელზედ დაგესვი და ახლა რაღა პირითღა მეხვეწები.
- არა, მაიავ, მაგას ნუ იფიქრებ. მე შენ თავის დღეში არ მოგატყუებდი! მე თვითონვე მოგიტანდი ღვინოს სახლში! არა, შენ კი არა, ადამიანო, - წყნარის და მწუხარების ხმით ეუბნებოდა პავლიკა, - ი ოხერი ნიკუა გალუსტოვი მინდოდა გამეცურებინა. გუშინ აქ იყო, ჩემს ვენახს შემოუარა, ყურძენი მუშტრის თვალით დაათვალიერა და დამემუქრა, ხვალ პრისტავს მოვიყვან და ასე ფეხზედ აგიწერ ვენახსო. მეც ვიფიქრე, ვაი თუ ერთი ურჯულოა, მუქარა აასრულოს-მეთქი და ასე მოვახერხე, რომ შენთან მაინც პირი არ გამეშავებინა.
- ოჰ, ის ქრისტეს მტერი! - გულში ჩაიკრა ხელი მაიამ, - საპრისტაო რა არის. არა სჯობია ძმურად მოგირიგდეს? რამდენი გმართებს, ბიჭო? - ჰკითხა სრულიად დაწყნარებულმა და პავლიკას სიმართლეში დარწმუნებულმა დედაკაცმა.
- რამდენი და, განა არ იცი კინტუას საქმე, ადამიანო, ხუთი თუმნის თამასუქი აქვს და ხუთი თუმნის პირობის წერილი; თუ დროზე არ ჩავაბარე, დღეში ათი შაური “ტრაფი” უნდა ვაძლიო.
- მერე, შვილო, დიდიხანია ვადა გადავიდა? ეგეები რომ სულ წაგართვას?
- წამართმევს, რაღა ჩიჩინი უნდა, თუ მიპოვნა რამე, მაგრამ რას წამართმევს, ქვეყანაზედ ე ოხერი ბაღის მეტი არა გამაჩნია რა და ამას კი ვერ წამართმევს.
- რატომ, შვილო, ვენახს კი არა, ტყავსაც გაგაძრობს და გაგიყიდის. განა არ ვიცი, რა სისხლის მწოვრებიც არიან. სჯობს შიმშილით სული ამოგძვრეს და კინტუა ვაჭრისაგან ვალი არ უნდა აიღო.
- მა რა მექნა, ჩემო მაია, რომ არ ამეღო, ვაჟკაცი ძმა უცებ გამიფუჭდა, ცხედარი სახლში მედო და რითი დამემარხა? განა არ იცი, მაგათ მეტს კაცი ვის მიმართავს? იმანაც ნახა, რომ მიჭირს, იმის აქეთ გზა არსაღა მაქვს და მაგეთი მუხრუჭი შემიყარა. განა არ ვიცოდი, რომ ეგ ვალი დამღუპავდა, მაგრამ ძმას დამარხვა უნდოდა!

* * *
- აი, შე გუდამშიერო, შენა! შენ გინდა მაჯობო და ეშმაკობით ხელიდგან გამიძვრე! აქ მომეცით! ბიჭებო, აქ მოდით, მოიტანეთ გოდრები!
ეს სიტყვები წარმოსთქვა სირბილით გულამოვარდნილმა ერთმა ბაჯაჯღანა კინტომ, რომელიც თავისის ხნის შესაფერად მომეტებულად ჩასუქებული იყო. ახალუხი, ტიტველა ფეხებზედ ჩუსტებწამოცმული, სიბრაზისაგან და დაღალულობისაგან გაყვითლებული პირის სახით და ხელების კანკალით დეეტაკა დედაკაცებს და ორთავეს ხელიდგან წაჰგლიჯა ყურძნით სავსე კალათები. იმის ძახილზე მალე მოცვივდნენ ორი თუ სამი მოჯამაგირე და მოტანილ გოდრებში დაუწყეს კალათებს ცლა. თითონ ნიკუა კი მივარდა პავლიკას და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაუწყო ნჯღრევა. - დაწურე, დაწურე! დაწურულსაც კარგად წავიღებ, დაგიყენებ თვალებს. მეხი კი დავაყარე შენ ბიჭობას, ჰოდა, ასე მითომ მამატყუე რაღა?! ვენახი ჩუმად დაკრიფე! ვა, რა ბიჭია, ტუტუცი და! ტყუილად, ძმობილო, ტყუილად! აგრე ადვილად ვერ გადმირჩები, სულს ამოგაძრობ, სულსა! - და ამასთან ერთი ყუათიანი მუჯლუგუნი წაჰკრა გვერდში.
პავლიკა აქამომდი გაქვავებული იდგა. მაგრამ ახლა კი მოთმინებიდგან გამოვიდა. სიბრაზე და მწუხარება ახრჩობდა საცოდავს, იმან საჩქაროდ ისკუპა გოდრიდგან და ერთ წამზე ქვეშ ამოიდო ვაჭარი.
- სულს მართმევ, მაგას არა სჯერდები და ცემასაც მიბედავ! აბა მაშ ცემაზე თუა და, ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს.
- მიშველეთ! - საცოდავად ღრიალებდა ერთის წამის წინათ გმირივით დიდგულა კინტუა. - მიშველეთ! მომკლა ამ მამა ოხერმა. ვა, გაგონილა, ფულიც ჩემი დაიკარგოს და ცემაც მე შევჭამო? მიშველეთ! ვა, ხალხნი არა ხართ!!
ნიკუას საჩქაროდ მიეშველნენ ბიჭები, პავლიკას - დედაკაცები და გაიმართა საშინელი ბრძოლა. ვინ ვის სცემდა, აღარავის ესმოდა, ხან ერთი იყო ქვეშ და ხან მეორე. ხელს და კეტს გაუდიოდა ჟაპაჟუპი ადამიანის თავ-პირზედ. მთვარემაც გადიწია და ამ საშინელ სურათს ჯოჯოხეთურ ბნელ ფერს აყენებდა.
ამათ ხმაურობაზედ სოფელმა გაიღვიძა, მეზობლებიც სანთლებით მიეშველნენ და რის ვაი-ვაგლახით ჩხუბი შესწყდა. ძალზე გაბერტყილი და თავ-პირდასისხლიანებული გალუსტოვი თავის მსახურებით მალე გაეშურა სახლისაკენ და თუმცა დიდგულად იგინებოდა, მაგრამ ცალი თვალი კი ხალხისგან გაკავებული პავლიკასკენ ეჭირა და გულით თრთოდა.
პავლიკასაც თავი ჰქონდა კეტით გატეხილი და ორტოტად სისხლი გადმოსდიოდა; მარჯვენა ხელით სისხლს იწმენდდა და ჩოხის კალთებზე იგლესდა, ბოლოს ცოლი ტირილით მივიდა და თავის შეხვევა დაუწყო:
- რა იყო, ბეჩა, რომ ჩხუბი არ გაგემართა? - ესაყვედურებოდა ქმარსა. - აბა, რომ მოეკალი იმ უსულოს, მაშინ რაღა გვეშველებოდა; მუშა კაცი თავს გვადგიხარ და ლამის შიმშილით გავწყდეთ და შენ რომ არა გვყვანდე, მაშინ რაღა გვეშველება?
- იქით გამეცალე, ნუ ღრიალებ, უშენოდაც გულს ცეცხლი მეკიდება. ჩხუბი კი არა, რომ მომეკლა, კარგს ვიქმოდი. ჰოი, რამდენი ჩემისთანა უბედურია მაგის ხელში, რამდენის სული ტრიალებს მაგის გაქონილ ჯიბეში! აი დაიქცეს ის დღე, როდესაც ეგენი გადმოსახლდნენ ჩვენს სოფელში!

* * *
ნახევარ საათის შემდეგ, როდესაც ხელმეორედ გადავიხედე ბალკონიდგან, შემდეგ სურათს წარმოადგენდა ბრძოლის ველი: მთვარეს ძალზე გადაეწია და სრულიად აღარ ანათებდა ჩემ წინ მდებარე არე-მარეს. ვარსკვლავები მთვარის მოშორებით თითქო უფრო ბრწყინავდნენ, მაგრამ კი ვერ ანათებდნენ ჩაბნელებულ ღამეს. გოდორს გვერდით უდგა მაია დიდი კვარის ნაჭერით ხელში და ანათებდა პავლიკასაც და თავის დაღმეჭილ, მაგრამ ძრიელ მეტყველ პირისახესაც. ამას ეცვა მწვანე მაუდის ქათიბი, მხარზედ ყურთმაჯებ შეყრილი, მიხაკისფერი კაბა ყვითელის მოკლე სარტყელით, თავზე ეხვია ჭრელი დიდი ქალაღაია და იქიდგან გამოწეწილი ძალზე ჭაღარა კავები; ეს გაშტერებით შესცქეროდა პავლეს ძირ დაღებულს პირისახეს და თითქოს სცდილობდა ამოეკითხა იმაზედ, თუ რა შავი აზრები ტრიალებდნენ იმის გულში. გოდორში იდგა პავლე თეთრი ჩვრით თავშეხვეული და სახეზედ ორ კვალად სისხლის წრეები ჰქონდა ჩავლილი. მშვენიერი შავი თვალები, ლამაზი ცხვირი და შავი ხშირი ულვაშები თითქო უფრო შვენოდნენ წითელი სისხლის ზოლებით.
ის ღრმად ჩაფიქრებული ჩასცქეროდა გოდორს და ისეთის გაშმაგებით სჭყლეტდა ყურძენს, თითქო ყურძენი კი არა, იმის ფეხქვეშ ათასი ნიკუები იყვნენ და ეშურვებოდა იმათ დასრესას. შორიდგან, სურათის დასასრულებლად, სიბნელეში მოჩანდა ვენახი თავისის ახოვანი ხეხილებით და მოისმოდა სევდიანი ჩუხჩუხი პატარა ნაკადულისა, რომლის ტალღებშიაც გვერდიდგან გამოიჭვრიტებოდა ციაგი ჩამავალი მთვარის სხივები და რაღაც მოძრავ ბრჭყვიალა ქმნილებას მიაგავდა.

1883