Litclub.ge

დილა
დილა არის. ცა ლაჟვარდი
მზისა სხივით იფერება
და ქურდულად მიმალულა
თვით მთვარე და ვარსკვლავთ კრება.

მობიბინე ვარდ-ყვავილი
გულ-მკერდს იშლის, იფურჩქნება,
გაიღვიძა მთა და ბარმაც
სამეჯლისოდ ემზადება.

ველს გაჰკივის იადონი,
ია კრთება, მორცხვობს ნაზობს,
მას ნამს აფრქვევს კლდის ჩანჩქერი,
მოცელქობს და მოკისკასობს.

მიჯნურივით გაუღიმა
ქვეყანამ ცას, ცამ ქვეყანას
და ორივე მწყობრად ჰგალობს
საამქვეყნო გამოცანას:

დღით მზე ჰნათობს, ღამით მთვარე,
დღე ღამეს სდევს, ღამე დღესო,
თუ წყვდიადი არ გინახავს,
ფასს ვერ დასდებ სინათლესო,

ვინც წარსულს დროს სტირს და მოსთქვამს,
ის აწმყოსაც ინანებსო,
მკვდარს ტირილი ვერ აღადგენს,
მოვლა უნდა საღს და მრთელსო.

მშვიდობის გზა მთვარე-ვარსკვლავთ,
ქებათ-ქება _ მნათობ მზესო;
ვაშა, ვაშა ბუნების წესს,
რომ ნათელი მოსდევს ბნელსო!..”