Litclub.ge

სული
ეძღვნება ჰანს კაროსას

სული არ არის უსხეულო. იგი წვენივით
ფესვსა და ყლორტში მოედინება.
სულია ისიც, ხოჭოს ზურგზე, პეპელას ფრთებზე
წერტილებად და რგოლისებრად რომ აფენია.
ის არის სხივი, კაცს და ცხოველს თვალში რომ უდგას.
თუმც შუბლებს მიღმა და ჩვენს ენებზე
ზოგჯერ ცრუ სულსაც გადუქროლია.
მან წინ გაუსწრო ღმერთის სუნთქვას ისე საოცრად,
როგორც ნიავმა, მოდენილმა უფლის ბაგედან,
ოდესღაც ჩვენში ჩასახლებულმა.
წყლის სიღრმიდანაც იმას ხაპავს ნათლისმცემელი,
მოციქულებსაც თავზე ცეცხლად ის ეფრქვეოდა.
ჩვენ კი კვლავ მიწა გვეძვირფასება.
პოეტის მზერა ყველაფერს სწვდება:
სამების სხივის კვალის ძებნაში
ყველა სულდგმულის ბნელ სიღრმეში ის იხედება.
იგი დაეძებს სამების სხივს და არა იმას,
რაც ყველა სულდგმულს ატყუებს და აშორიშორებს.
დაეძებს იმას, სტიქიის გულში
მათ რომ შეკრავს და გაამთლიანებს,
რამაც ყოველი ყოველივედ უნდა გარდაქმნას.
მაშ, შენც აღენთე სიყვარულის მსხვერპლის კოცნისას,
კოცნას სიცოცხლე სიცოცხლითვე უმაგიერებს.
დიახ: “სიცოცხლე სიცოცხლით ხარობს და ზეიმობა გულით სწადია”.
ტკბილად შეგერგოს ღვინო და პური.
ქორწილი არის დასაბამიც, სიყვარულიც, სიკვდილ-სიცოცხლეც.