Litclub.ge

ოდა წყლისპირას
ხალისიანად მოცეკვავე ახალგაზრდობის
ხმაურიანი ზეიმიდან გამოვიპარე.
ტირიფების ქვეშ, წყლის ნაპირას
ჩამოვჯექი
გაშლილ პალტოზე
კბოდესთან ახლოს, ჯერაც ფხიზელ ბალახებს შორის.
ტბის წიაღიდან, ერთი შეხე, როგორ გადმოდის
და მოდგაფუნებს ღამის ტრაუნი.
როგორ ლაპლაპებს შუაწელზე,
ვარსკვლავთა შუქით ოდნავ, ოდნავ განათებული.
მაგრამ
ტალღები ტბაში ბრუნდება,
ლაჩარი ტალღა, კიდეებზე ჩამუქებული.
კენწეროებში ქარი აღარ დანავარდობდა,
მხოლოდ ბალახი ირხეოდა ქარის ქროლაზე,
შუქის არილი სადაც ჯერაც არ ჩამქრალიყო,
თრთოდა ნიავი.
ხოლო იქ, სადაც ჩალის ღერო ჩემი ხელით
ცვარს ისრუტავდა,
ღამის სიო საითკენღაც გარბოდა ჩუმად.
უსახელოა, ო, მეგობრებო, მამის სიცოცხლე
მისგანვე ქმნილში. სახელარმქონე
არის ვარსკვლავი, სახელარმქონე არის ყვავილი.
უსახელოა მთა და წყალი და - შუქში ზემოთ
რომ შეფრთხიალდა, ის
მოფარფატე, გრძნობაგრძელი, ჰაერში მფრენიც.
უსახელოა ადამიანიც. მე აქ,
ღამის ბრწყინვალებაში
ვსუნთქავ და ვხედავ, ხშირად მამისგან უკუგდებულს
მკერდში ტირილი მიქვავდება
მე, ანუ იმ კაცს, აღარაფერზე რომ არ ტირის
დიდიხანია.
ჰოდა, ნუგეშად რაღა უნდა დამრჩენოდა,
თუ არა მხოლოდ
ძმადნაფიცობა იმ უსახელო
ვარსკვლავქართან და ტალღების ჩქამთან?