Litclub.ge

მეგობარი
ის, რაც მე შენთვის გამინდვია, ვინ იცის ახლა?
ის, რაც შენს მეტმა არვინ უწყოდა, ვინ უჩურჩულებს
ერთ-ერთ აჩრდილს და თან ანიშნებს,
რომ არაფერი გამიგონია?
ო, საყვარელო, ყოველთვის, მუდამ
სასურველო! როგორ შესძელი
ხუმრობითა და მანჭვა-გრეხით ისე შენიღბვა,
რომ არაფერი შემიმჩნევია – თურმე სარკის წინ
შეძრწუნებულს სული გითრთოდა. მისი შიშველი
საიდუმლო, იქ არეკლილი,
ყოველღამე გაოგნებას იწვევდა შენში?
ო, ღმერთო ჩემო, ჩვენ მეგობრებსაც
ვუმალავთ იმას, რაც ზურგს გვაქცევს,
და შენც ის გრძნობა, რასაც სულაც არ გაურბოდი,
მაშინვე მხოლოდ იმ ერთადერთს მიანიშნე,
ვინც განგვერიდა.
ოღონდ, ვაი, რომ ნავსაყუდლად
შენ ჩემი გული არ აირჩიე.
დღეს შემოდგომის პირველი დღეა. შენ აღარ გახსოვს,
ზღვის სველ სიოს როგორ მოაქვს ჩვენსკენ სიცივე,
როგორ იკვალავს გზას დუნე ნისლში,
შუადღემდე რომ მოიზლაზნება.
შენ დაგავიწყდა, რომ მქრქალ მინდვრებზე
აფენია ხმელი აგვიტი,
აჩრდილებივით ამოდიან ლილისფერი სათოვლიები
და ვერცხლისფერი თავები გვიმრის
მთვარის გარშემო მიმობნეულ ვარსკვლავებს ჰგვანან.
ზემოთ, უმზეო ქარაფებზე მოციმციმე ნაზი სითეთრე
ახალი თოვლი გეგონება.
ხოლო ქვემოთ, გლეხურ ბაღებში, ყვითლად ღუიან
სადაფნი და ქრიზანთემები. მაშ, ჩაგვატარე
ნაშუადღევს ტბის ნაპირებზე, ოღონდ
გოსლამდე ნუ მიგვიყვან, იგი შორსაა,
შენ ხომ არ გიყვარს სიარული,
სამაგიეროდ გიყვარს სოფლის
პატარ-პატარა სასტუმროები.
იქ გემოს ატან უბრალო კერძებს,
მარდი გოგონა ხალისით რომ მოგვართმევს ხოლმე.
რაკი თუთუნი გაახვიე აუჩქარებლად,
რაღა გვაკლია გულითადი საუბრისათვის?
ამ დროს უეცრად ტბის ტალღები უფრო ღონივრად
მოასკდება ქვით ნაგებ შვერილს, რაზეც ვერანდა
არის მკვიდრად დაშენებული.
ადრეულ დაისს ზოგჯერ ქარის სუსხი ერევა,
შენ ხელს მიაწვდენ ალპურ მოსასხამს,
უხერხულად მოიგდებ მხრებზე
და კვლავ სიგარეტს მიუბრუნდები,
თუმც მოკიდებას ამაოდ ლამობ,
თითქოს ნიავი ჭინკასავით გეთამაშება
და ალს გტაცებს ანცად და მარდად.
შემდეგ ესპანელ მწერლებს ახსენებ,
კალდერონსა და ლოპე დე ვეგას,
და არც სმეტანას „გაყიდული პატარძალი“ არ
გავიწყდება,
უცრემლოდ რომ არასოდეს მოგისმენია.
მერე იხსენებ ჩვენს პოეტებს, გრილპარცერს,
ნესტროს,
არც მეგობრები არ გავიწყდება.
ოღონდ ყველაფერს გირჩევნია
მხოლოდ ქალებზე ლაპარაკობდე,
რადგანაც შენთვის დედამიწას მათი რონინი ალამაზებდა.
მაინც არცერთი ქალთაგანი შინ არ წამოგყვა,
რადგან ბევრისკენ გაგირბოდა ყოველთვის თვალი.
თვალს არ აშორებ ახლაც ცბიერ ქალს, რომ გვეკითხება
აქ გარეთ ძალზე ხომ არ ცივაო (რადგანაც ჩვენი
მოშორება უნდა თავიდან). შენ მძიმედ დგები –
აქ ხომ ჯდომა გსიამოვნებდა. მე გული დიდხანს
მაინც არსად არ მიდგებოდა,
რაიც ყოველთვის გულისწყრომას იწვევდა შენში,
წინ დიდი გზა გვაქვს და საუბარიც მრუმე ღამეში
უკეთესია. ბევრი რამ მინდა ახლა გიამბო.
ნეტავ, ვისა აქვს შენებრ დიდი მოსმენის ნიჭი
და მოთმინება. ფრთხილად იყავი!
ხედავ, ჭადარი როგორ ჩრდილავს საკუთარ ფესვებს?
სახლში საყვარლად ინთება შუქი.
ვახშამზე უკვე დავაგვიანეთ.
ტბაზე მიცურავს ეული ნავი და ნიჩბებს, ალბათ, მიჯდომია
შვედი ასული, შენ საალერსო სახელი რომ შეგირქმევია.
ახ, ამბობ ახლაც და ხელს აიქნევ, ალბათ ვიღაც
თავქარიანი მას უეჭველად უზისო ნავში.
ჩვენ ვლაპარაკობთ შვედ ასულზე, სხვა გოგონებზეც,
საჩვენო სულაც რომ არ არიან, თითქოს უფლება
გვქონდეს იმედის. და აი აქ დგას შენი სახლი.
ღამემ ისევე გადაჩრდილა ჩვენი საღამო,
როგორც ჭადარმა თავის ფესვები.
რა დროა ახლა? შენი სახლის წინ დავყუდებულვარ,
შენ იქ შეხვედი, ოღონდ ჯერაც არ გამოსულხარ.
თითქოსდა ყველა ფანჯარაში ჩამქრალა შუქი.
ყველა სტუმარი, ალბათ, ვახშმობს, შენ კი რასა იქმ,
ჭიშკრიდან რომ არ გამოდიხარ? სახლს ირგვლივ ისევ ახვევია
მრუმე სიბნელე, ვერც კედლებს ვარჩევ, ვეღარც სახურავს.
მაშ, რა მღლის ასე? ყველაფერს სჯობდა,
შენს ოთახში რომ მომენახე.
ნეტავ ჭიშკარი რატომ იყო გამოკეტილი?
ვინ გადასწია შიდა ურდული?
ახლა ვერავინ, გვიან მოსული, სახლში თავისით ვეღარ შეაღწევს.
უეცრად მივხვდი, რომ ყველას სძინავს, შენც გძინავს ალბათ
და მეც ძილი უცებ მერევა. ნეტავ სადამდე გაგრძელდება
ჩემი ლოდინი ღამეულ ქარში? იქნებ შენ კიბით
ჩამოდიხარ, ურდულსაც გასწევ. მაშინ ჭიშკარი
გაიღება და შემომიშვებს თავის წიაღში.