(პასუხად ალ. მირიანაშვილსა)
ბ-მა მირიანაშვილმაც ფეხი გამოჰყო, ფარაში გაერია და "დროების" ფურცლებიდგან კენჭი გვესროლა. ეტყობა მას კარგად არ ჰქონდა შენიშნული, რომ უსუსური ბავშვი, რომელიც შურდულივით კენჭს სხვას ესვრის, ხშირად მოირტყამს ხოლმე თავის საკუთარ თავში, დააზიანებს მას და უტკივარს თავს აიტკიებს. რა თვისების და სუნის მიზეზი ბადავს ამისთანა ბავშვურ შენიშვნებს და წერილებს, როგორც არიან ბ-ნი მირიანაშვილისა და ქუთათური ბორასი, ამის ახსნას და მოხსენებას სხვა დროისათვის გადავდებთ. ეხლა კი ჩვენ არ გადავცდებით შენიშვნების ვიწრო კალაპოტსა და პირველადვე ვიტყვით, რომ ბ. მირიანაშვილი ბევრად უკეთესად მოიქცა ქუთათურს ბორაზედ. უკანასკნელმა სასაცილო უჩინმაჩინის ქუდი დაიხურა, პირველმა კი მამაცურად მოაწერა მთელი თავისი სახელი და გვარი შენიშვნის ქვეშა. ჩვენ ძალიან გვძულს ყოველგვარი იეზუიტობა და მეტად ძვირფასად ვსთვლით პირდაპირობას და ამიტომ ბ-ნს მირიანაშვილს უფრო რბილათ მოვეპყრობით, ვიდრე მოვეპყრობოდით მაშინ, თუ მასაც სირაქლემასავით თავი წაეყო ბალახში და გრძელი ბოლო კი ზევით დაენარჩუნებინა.
ქაღალდის პაწაწა ხუხულა ბ-ნი მირიანაშვილისა დანდობილია ორს ჩხირზედ: ერთი ცოცხალი ტყუილის ჩხირი, მეორე მტკნარი გაუგებრობისა. ჯერ გამოვაცალოთ პირველი ჩხირი.
"დ ე დ ა-ე ნ ი ს" და "ბ უ ნ ე ბ ი ს კ ა რ ი ს" ავტორი კაბინეტის კაცია, ბავშვები თვალითაც არ უნახავს და ამიტომ მის წიგნების ნაცრად ქცევა ადვილი საქმეაო, - საჭიროა მხოლოდ რომელიმე უსუსურმა შურდულივით კენჭის სროლა გაბედოსო. ასე ბრძანებს ბ-ნი მირიანაშვილი. ჯერ კაცმა ტყუილი არ უნდა იკადროს და თუ ღმერთი გაუწყრა და იკადრა, იმისთანა სიცრუე მაინც უნდა სთქვას, რომ პატარა გრძელი ფეხები ებას. თითქმის ყველა სახალხო მასწავლებელმა იცის და ბლომა ნაწილმა ჩვენი მკითხველი საზოგადოებისამაც უწყის, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით მასწავლებელი და ხელმძღვანელი ექვს კლასიანი სასწავლებლისა, რომ ჩვენ თერთმეტი წლის განმავლობაში, შესათვისებლად ბევრგვარი საგნებისა, ერთი საგნიდგან გადავდიოდით მეორე საგანზედ და ვასწავლიდით სხვა-დასხვა დროსა გეოგრაფიასა, არითმეტიკასა, ისტორიასა, რუსულ ენასა, ქართულ ენასა, მეტყელებასა, ლიტერატურის ისტორიას, რომ ჩვენ ვასწავლიდით არა მარტო უფროს კლასებსი, არამედ მოსამზადბელში, სადაც მთელი თვეობით ვაძლევდით გაკეთილებს, რომელზედაც მასწავლებელი იყო მხოლოდ მსმენელი და მაყურებელი, - რომ ჩვენ საშუალო კლასებშიც ხშირად იმისთანა საგანსაც, როგორიც არის საზოგადო გეოგრაფია, ვასწავლიდით ქართულად გადათარგმნით რუსულ ენაზედ, რაიცა არავის გაუბედნია არც ჩვენს წინათ და არც ჩვენს შემდეგ . საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რომ თუმცა უკანასკნელს წლებში ოფიციალურს ადგილს მოვრჩით, მაგრამ ახლა ძალიან ახლო ვდგევართ განათლების საქმესთან, რთი შუაგულთაგანი ადგილი გვიჭირავს და ვიღებთ დაახლოებულს მონაწილეობას სამოქალაქო და სასოფლო სასწავლებლებში.
ამიტომ ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმძღვანელონი არიან ნაყოფნი დედუკიტური მოსაზრებისა და პრაქტიკული გამოცდილებისა.
ესეთია საქვეყნო ფაქტი. ახლა რომელიმე მამაცი სულიერი რომ გამოხტეს და ხმამაღლა დაიყვიროს: გოგებაშვილს ბავშვები თვალით არ უნახავს და მათთვის კი სახელმძღვანელოებს ადგენსო, რა პასუხს უნდა მოელოდეს მკითხველისგან? ყოველი მკითხველი მას დაარქმევს უსირცხო და უგუნურს არსებასა. მაგრამ ბ-ნი მირიანაშვილი არც უსირხვილო ადამიანია და არც სრულიად უჭკუო. იგი არის მხოლოდ გაბრიყვებული ბავშვი.
"დედა ენის" და "ბუნების კარის" დანაცრება! არა ერთი ენერგიული და ნიჭიერი პირი აღიჭურვა ამ კეთილშობილის წადილით (პიროვანი გაბოროტების გამო), მაგრამ სრულიად ამაოდ ჩაიარა მათმა ტყვია-წამალმა. თუ მსხვილმა კაცებმა ამ წიგნებს ვერა დააკლეს-რა, რა უნდა დაუშალონ უსუსურმა ლილიპუტებმა, ისიც ტაშკენთური დაღით დამახინჯებულებმა? თუნდაც მათმა მთელმა გროვამ შეერთებული ოფილი ღვაროს ამ წიგნების ჩხრეკაში და ჯიჯგნაში, ისეთს ვერასფერს დასწერენ, რომლის ნაცრად ქცევა არ შეეძლოს უბრალო სახალხო მასწავლებელს, რომელიც ბედს აუშორებია ხსენებული დაღისაგან.
"დედა ენის" და "ბუნების კარის" ნამდვილი ნაკლულოვანების დასახელება, რასაკვირველია, შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ განვითარებული, გამოცდილი და პატიოსანი პირისათვის. მათი დანაცრების წადილს განიძრახავს მხოლოდ უსუსური, რომელსაც არ ესმის არც თავისი სისუსტე, არც მოწინააღმდეგეს ძალა. იგი ნაცრად ამ წიგნებს ვერ აქცევს, და თვითონ კი შეიძღვნის ჭრილობათა, რომელთაგან იქმნება დიდხანს ვერ განთავისუფლდეს.
რად რჩებოდა და რჩება ამაოდ უკუღმართი ვაჟ-ბატონების ცდა ჩვენი წიგნების დასამცირებლად? გაიცანითო ინგლისის მეცნიერის ბენის აზრი შესახებ საკითხავი წიგნების შედგენისა სახალხო სკოლებისათვის, გაიცანით მოსაზრებანი და გარდაწყვეტილებანიო ამ საგნისავე შესახებ კრებისა, რომელიც ერთი წლის წინედ მოხდა პეტერბურღის პედაგოგიურს მუზეუმში და რომელიც შესდგებოდა გამოჩენილი პედაგოგებისაგან და მეცნიერებისაგან და თქვენ იქ ამოიკითხავთ ამ კითხვის პასუხს: საქმე ის გახლავთ, რომ "დ ე დ ა- ე ნ ა" და "ბ უ ნ ე ბ ი ს კ ა რ ი" აკმაყოფილებენ უმთავრესს მოთხოვნილებათა როგორც ბენესასა, ისე მოხსენებული კრებისასა. როგორც პირველი, ისე მეორე თხოულობენ, რომ პირველი საკითხავი წიგნი სდევნიდეს მხოლოდ ერთს მიზანს - ენის შესწავლას ბავშვისაგან, რომელიც სკოლაში შესვლის დროს ბევრათ უფრო მდიდარია ცოდნით და აზრით, ვიდრე მეტყველებით. თანახმად ამ მოთხოვნილებისა "დ ე დ ა- ე ნ ა" იპყრობს მდიდარს მასალას ენის შესწავლისათვის, რომელიც ამორჩეულია ხალხის სიტყვიერს ნაწარმოებიდგან. რეალური ელემენტის შეტანასაც თხოულობენ პირველსავე წელსა, მაგრამ მცირედ და არა საკითხავ სტატიების შუამავლობით, არამედ საგნების გაშინჯვის და მასწავლებლის ცოცხალი საუბრის შემწეობით. ამ მოთხოვნილებას აკმაყოფილებენ "დ ე დ ა- ე ნ ი ს" სასაუბრონი, რომელთანაც ჩართულია სურათEბი, რომელნიც სრულიად საკმაო მასალას აძლევენ საგნების შესწავლისათვის და მათი კლასიფიკაციისათვის და რომელნიც ისე არიან შედგენილნი, რომ მათი შესწავლა კითხვითა შეუძლებელია და უთუოდ ცოცხალი საუბრის შემწეობით უნდა იქმნენ შეთვისებულნი. მესამე წლისათვის დანიშნულს წიგნისაგან ითხოვენ, რომ იგი უმეტეს ნაწილად იპყრობდეს რეალურს სტატიებს, მაგრამ არა ისეთს მშრალსა და სისტემატურსა, როგორიც არიან უშინსკის "Детский мир"-ის სტატიები, არამედ ცოცხალს მონოგრაფიებსა, რომლებიც შეიცავენ, მაგალითად, ცხოველების ცხოვრებას, ჩვეულებას, დანიშნულებას, სარგებლობას, მავნებლობას და გეოგრაფიიდგან ეტნოგრაფიულს აღწერებს. ლიტერატურული განყოფილებაც მიუცილებელს საჭიროებად მიაჩნიათ, თუმცა მას უფრო ნაკლებ ადგილს აძლევენ წიგნში. "ბუნების კარი" თავისი პროგრამით და შინაარსით უმეტეს ნაწილად ეთანხმება ამ მოთხოვნილებას. განსხვავებაც არის, მაგრამ მისი გაუქმება და სრული თანხმობის დამყარება წიგნსა და პედაგოგიურს მოთხოვნილებას შორის ძნელი საქმე არ არის. ერთი სიტყვით "დედა ენა" მოშორებულია იმისთანა პირველს საკითხავ წიგნების ნაკლულევანებას, როგორიც არის კორფის "Малютка" და "ბუნების კარს" აცდენილი აქვს ნაკლულევანება "Детский мир"-ის მზგავსი წიგნებისა.
თუ "დ ე დ ა- ე ნ ა ს" და "ბ უ ნ ე ბ ი ს კ ა რ ს" ხშირად ბრიყვად იხსენიებენ, ეს ერთი მხრით წარმოსდგება იქითგან, რომ სხვა წიგნები არა გვაქვს, რომელთანაც შედარება შეიძლებოდეს, და ამიტომ ჩვენს სახელმძღვანელოებზედ სჯიან ურომელოდ, შეუდრებლივ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენს წიგნებს სხვა წიგნების გაჩენის გამო არამც თუ ფასი არ დაეკარგებათ მასწავლებელთა საზოგადოების თვალში, არამედ ბევრით მოემატებათ, რადგანაც შედარებით იგინი მოგებაში დარჩებიან. ეს ჩვენ მოწინააღმდეგეთ კარგად იციან და ფონს გასვლის გულისათვის ხმარობენ კიცხვას და ლანძღვას, რომელიც არის იარაღი სუსტთა და თავის თავის იმედის არა მქონე პირთა და რომლის მეოხებით ისინი საზოგადოების თვალში ისე დაბლა იმცირებენ თავსა. "დ ე დ ა- ე ნ ი ს" და "ბ უ ნ ე ბ ი ს კ ა რ ი ს" სიმტკიცე სხვა საფუძველზედ არის დამყარებული, რომელიც შედეგია პირველი საფუძვლისა. საქმე ის გახლავთ, რომ მათ ჰყავთ ძალიან მძლავრი და მოსიყვარულე მეგობარი. ეს მეგობარი გახლავთ პატარა მოზარდი ქართველი. მისი ერთგულების მეოხებით "დედა-ენა" სასიამოვნო სტუმარია ბევრი სახლისა და ბევრი ქოხისა ნუხიდგან დაწყებული ყადორის მდინარემდის. "დ ე დ ა- ე ნ ა ს" უკან მისდევს "ბ უ ნ ე ბ ი ს კ ა რ ი", რომელიც მისთანა სასიამოვნო სტუმარი არ არის, მაგრამ არა ნაკლებ სასარგებლო მეგობარია. ჰკითხეთ სოფლის მასწავლებლებს და თქვენ მათგან შეიტყობთ, რომ "დ ე დ ა- ე ნ ი ს" შინ არ გატანება მეტად საგრძნობელს დასჯას შეადგენს სოფლის ბავშვისათვის. ჰკითხეთ მეგრელ ბავშვებს და თქვენ მათგან მიიღებთ პასუხს: "დ ე დ ა- ე ნ ა მ" ისე შეგვაყვარა ქართული, რომ ერთი წლის განმავლობაში წიგნიც გავათავეთ და ქართული ენაც ვისწავლეთო, თუმცა სკოლაში შესვლამდის ერთი სიტყვაც არ ვიცოდით ქართულიო. რას ამტკიცებს ეს ფაქტი? არა იმას, რომ დედა-ენა მოშორებული იყოს ნაკლულოვანებათა, არამედ იმას, რომ იგი ღარიბი არ არის იმ მსხვილი და მნიშვნელობიანი ღირსებებითა, შინაარსის მიმზიდველობითა, რომელნიც დიდხანს სჭრიან წიგნის ბედსა. ჩვენი წიგნების გაუკეთესებას დახმარება იქნება ესაჭიროებოდეს, მაგრამ ამ დახმარებას პატივს ვერას დროს ვერ ეღირსება უსუსური სიბრიყვე.
სხვა მიზეზებიც არის ამ სიყვარულისა პაწაწია ქართველისა ჩვენი წიგნებისადმი. ეს უმანკო არსება გრძნობს, რომ "დედა-ენისათვის" და "ბუნების კარისათვის" მათს შემადგენელს არ მიუცხვია ლაქა არც კანცელარიების ცვეთით, არც წყალობისა და სუბსიდიები ძებნით, არც ცუღლუტური ორპირობით, და არც მეტანიის მოყრით წინაშე გავლენიანი პირებისა, რომ მათი გზის გაკვეთისათვის უხმარნია მხოლოდ სუფთა, წმინდა ღონისძიება.
"დედა-ენას" და "ბუნების კარს" დანაცრებას ემუქრება და ისიც ვინა? ბატ. მირიანაშვილი და ისიც სადა? "დროების" ფურცლებზედ, რომლის მკითხველებს კარგად ეხსომებათ მისი უსუსური სტატია მასწავლებლის მნიშვნელობაზედ, სტატია, რომლის დაბეჭდვა "ივერიაში" ყოვლად შეუძლებლად დავინახეთ რედაქტორმა და ჩვენა, რადგანაც იგი თავიდგან ბოლომდის იყო წმინდა ბავშვური ტიტინი. რავდენი "დროების" მკითხველი გულიანად გაიცინებდა, როდესაც ამ სტატიის ავტორის (?) მამაცურს მუქარას ამოიკითხავდა!
მაგრამ ბატ. მირიანაშვილმა იქნება მოგვაგონოს: აიო გაბიჩივაძის დედაენაზედ გავილაშქრეთ და ნაცრად ვაქციეთო. ეს სასაცილო ოცნებაა, სხვა არაფერი. ჯერ ერთი ესა, რომ ორი მესამედი მაინც ამ სტატიის შინაარსისა ბატ. მირიანაშვილს სხვისგან ჰქონდა გაგონილი და მეორე ისა, რომ ბატ. გაბიჩივაძის დედნის ნაცრად ქცევა ყოვლად შეუძლებელი იყო, რადგანაც იგი თვითონ იყო ნაცარი, რომელსაც შემადგენელიც ვერაფერში გამოიყენებდა. თვით კომენსკი და პესტალოცი, რომ მკვდრეთით ამდგარიყვნენ და რაიმე მანქანებით მას გამოსარჩლებოდნენ, ამ დედანს გზას ვერ გაუკვლევდნენ ჩვენს სკოლებში. ბატ. გაბიჩვაძის დამარცხება ამ შემთხვევაში მეტად საყურადღებო საქმეა მასწავლებელთა და საზოგადოებისათვის. იგი კაი ხანია მხოლოდ წერის მასწავლებელია და ამასთანავე მშვენიერი კალიგრაფი; დედანი კი შადგინა ყოვლად უხეირო და გამოუსადეგარი.
ეს ფაქტი დღესავით ნათლად გვარწმუნებს ერთი აზრის ჭეშმარიტებაში, რომელიც განათლებულს ქვეყანაში დიდი ხანია აღიარებულია; მაგრამ ჩვენში კი იგი ჯერეთ ვერ შეუგნიათ. საქმე ის არის, რომ სახელმძღვანელოს შედგენა, შექმნა შეუძლიან არა გაუხსნელს პრაქტიკას, არამედ განვითარებულს პირს, რომელსაც პედაგოგიურს გამოცდილებასთან მეცნიერება შესწავლილი აქვს. ამ გვარი პირი ხშირად მარტო დედუქციის ძალით შეუცდომლად იგებს ბავშვის მოთხოვნილებათა და შესაბამ გონების საზრდოს უმზადებს მას, მაშინ როდესაც გაუხსნელი პრაქტიკა მთელ თავის სიცოცხლეში ტრიალებს წვრილმანობის წრეში და ვერას გზით ვერ სწვდება დედა-აზრების, პრინციპის და ნაყოფიერი პლანის სფერასა, ამიტომაც რუსეთში და დასავლეთ ევროპაში სახელმძღვანელოებს ადგენენ არა გაუხსნელი პრაკტიკები, არამედ განვითარებულნი პირნი, რომელთათვის საკმარისია ცოტა ხნობის პედაგოგიური გამოცდილებაც, რომ ბავშვის მოთხოვნილებანი ზედ მიწევნით შეიტყონ და მარჯვედ დააკმაყოფილონ იგინი, მოიგონეთ ვინ იყვნენ და არიან უშინსკი, ბარონ კორფი, ვოდოვოზი, ბუნაკოვი, პაულსონი და სხვა გამოჩენილი რუსის პედაგოგები და თქვენ მთლად დარწმუნდებით ჩვენი აზრის სიმართლეში. ჩვენ ამით არ გვინდა ვთქვათ, რომ სახალხო მასწავლებელმა სრულიად არ უნდა გაბედოს საბავშვო სახელმძღვანელოს შედგენა. ჩვენ თვითონ ვიცნობთ რავდენსამე მასწავლებელს, რომელთაც ამ ასპარეზზედ სასარგებლო შრომა შეუძლიათ, რადგანაც ბუნებით ნიჭი და გახსნილობა მათ ნებას აძლევს, მაგრამ ისინი სრულიად სხვა ჯურისანი არიან ვიდრე ბრიყვი უსუსურნი.
ბატ. მირიანაშვილს საზოგადოების წინაშე მძიმე ვალი უკისრნია. ყოველი მისი კეთილის მყოფელი ეტყვის მას ძალა და ღონე სუბად გაქვს. მოიკრიფე იგი და დაამყარე შენ საქმეზედ, რომ საზოგადოების წინაშე ნათლად გამოხვიდე. თორემ თუ შურდულით კენჭების სროლას მოჰყევი, შენს საქმესაც ნაცრად აქცევ და თავიც შერცხვენილი და დაზიანებული შეგრჩება უკანვე დაბრუნებული ქვებით.
ჩვენ არც წინეთ ნათქვამს დავსწერდით და აღარც სიტყვას გავაგრძელებდით, რომ ბ. მირიანაშვილს რომ ეს აზრი გამოეთქვა: მთელს ჩვენს სიმდიდრეს ამ ჟამად შეადგენს "დედაენა" და "ბუნების კარი"; ძალიან კარგი იქნება, რომ სხვებიც გამოვიდნენ ამ ასპარეზზედ, მხარი მისცენ გოგებაშვილს და გაამდიდრონ ჩვენი საბავშვო ლიტერატურა. ჩვენ ამ აზრსის გამოთქმისათვის მას ძლიერ დაუმადლებდით და ერთგულს შემწეობას აღმოუჩენდით ამხანაგთა. მაგრამ იგი სრულიად სხვანაირად მოიქცა. მან ბატ. ივანე პავლეს-ძე როსტომაშვილი ამომავალს მზედ გამოიყვანა და დაიძახა: ძირს გოგებაშვილი და გაუმარჯოს როსტომაშვილსაო. მათ შეერთებული ძალით და მოსაზრებით ჩვენთვის ორმო გათხარეს. მაგრამ ვინ დაეცემა ძირსა და ვინ ჩავარდება მასში, ამას მკითხველი შემდეგს წერილში იხილავს.