Litclub.ge

წინააღმდეგობა თუ გაუგებრობა
ვთქვათ თქვენ წარმოსთქვით ამისთანა მსჯელობა: სანდრო ჭკვიანი ვაჟია, მაგრამ ხანდახან სცდება. გულუბრყვილო მსნენელი ამ აზრს ლოგიკური მხრივ კანონიერად ჩასთვლის და დავას არ აგიტეხავთ. მაგრამ თუ რომელიმე სულიერი დამსწრე ამ მსჯელობისა, გამსჭვალულია პოლემიკური ქავილით, გაკილვის მადით, იგი თქვენს აზრს უთუოდ კუდს გამოაბამს, წინააღმდეგობა გამოსჩხრეკს და თამამად გეტყვით: თუ სანდრო ჭკვიანია, მაშ რაღათა სცდება, და თუ სცდედბა, რიღას ჭკვიანი ყოფილაო და გააბამს ქსელს თავის მჭერვმეტყველებისას.
ცოტა არ იყოს, ეს გაკილვის მადით გამსჭვალული პირი წარმოგვიდგა თვალ-წინ, როდესაც ჩვენ წავიკითხეთ "ივერიაში" გარჩევა ჩვენის რუსულის წერილისა "Нормальное писмо", რომელიც შეუთხზავს ბ-ნს ღრიანკელს. თუმცა მრუდე აზრი არა ერთია შიგ მოქცეული, მაგრამ ჩვენ ახლა ბევრს არ გამოვეკიდებით. მივაქცევთ ყურადღებას მხოლოდ ერთს განსაზღვრას წერის კანონისას, რომელიც ჩვენს კრიტიკოსს სჩვენებია წინააღმდეგობად ჩვენის დედააზრისა.
ირიბის ხელის მომხრენი ამბობენ: თუ წერის დროს ქაღალდი სწორედ, პირდაპირ დაიდეთ თქვენ წინ, სტრიქონებს ვერ გაავლებთ, არა კრუნჩხეთ მარჯვენა ხელი: ხოლო ამ კრუნჩხვას მოსდევს არა მარტო ტკივილი და მალე დაღალვა, არამედ ერთი ავადმყოფობაც ხელისა, სახელდობრ სამწერლო კრუნჩხვა (писчий спазм). ეს საბუთი შეთხზული, მოჭრილი საბუთი არ არის: მას აქვს ნამდვილი, რეალური საფუძველი და დამყარებულია გამოცდილებაზედ. იგი, სხვათა შორის, მოჰყავს, როგორც დამაბრკოლებელი მიზეზი პირდაპირის წერისა, გამოჩენილს დოქტორს რობიდანდს თავის შესანიშნავს თხზულებაში "Школьная Рименя", რომელიც ორის წლის წინად გამოსცა ცალკე წიგნად იმისთანა სერიოზულმა ჟურნალმა, როგორიც არის "Вестник Воспитания" . - ამ საბუთს, რომ მხარი ავუქციოთ, თვალები დავხუჭოთ, განა ეს პასუხი იქმნება, არა. მოწინააღმდეგეთ სრულს საფუძველს მივცემთ სთქვან ჩვენზედ: ჩვენ საბუთს გაექცნენ, რადგანაც ვერაფრის თქმა ვერ მოახერხესო.
როდესაც მე პირველად ვსწერდი სტატიას ქართულს ენაზედ ირიბის ხელის წინააღმდეგ, ერთი გამოცდილება მოვახდინე. ბევრმა ქართველმა იცის, რომ განსვენებული დიმიტრი ბაქრაძე რუსულად სწერდა ირიბი ხელით, ხოლო ქართულად პირდაპირი ხელით. ორივე ხელი მშვენივრად იცოდა. მივედი ტკბილსა და დაუზარელს დიმიტრისთან და ვსთხოე ჩემ თვალწინ დაეწერა მამაო ჩვენო რუსულად და ქართულად. სურვილი იმ წამსვე შემისრულა. რუსულის წერის დროს ჩვენმა სასიქადულო ისტორიკოსმა ქაღალდი დადო სრულიად ალმაცერად, ირიბად, ასე რომ მარცხენ ნაპირი ქაღალდისა მარჯვენა გვერდს გასცქეროდა, ქარტული წერა რომ დააპირა, ქაღალდი მოაბრუნა: მაგრამ სრულიად პირდაპირ არ დაიდო წინა, ცოტა ირიბი მდებარეობა მისცა და ქართული მამაო ჩვენო დასწერა პირდაპირი ხელით იმისთანავე სისწრაფით, და იმავე ხნის განმავლობაში, როგორც რუსული მამაო ჩვენო.
ამის შემდეგ მე ვსთხოვე ქაღალდი სრულიად სწორედ დაედო. და ისე ეცადნა ქართული პირდაპირი წერა. სცადა მაგრმ ორივემ ცხადად დავინახეთ, რომ ამ პატარა ცვლილებამ დიდი დაბრკოლება დაბადა: კალამი ზევით იწევდა, ხელი უნდა წამდაუწუმ ეკრუნჩხა და ნიდაყვისათვის ხშირად ეცვალა ადგილი. ეს მოვლენა შეუძლიან შეამოწმოს ყოველმა მკითხველნმა და საკუთარი გამოცდილებით დარწმნდეს მასში.
ეს დაბრკოლება კარგად აქვთ შეგნებული ყველა წერის ხელობის მცოდნეთ და ამიტომ როდესაც პირდაპირი ხელის მომხრენი ამბობენ: ქაღალდი პირდაპირ უნდა იდოსო, ზედ დაუმატებენ ხოლმე დაახლოებითო (приблизительно), და თუ არ უმატებენ, ეს უმეტეს ნაწილად, იგულისხმება მათგანა. მეც ჩემს წერილში ამას ვამბობ: რათა ხელმა თავისუფლად იმოძრაოს, ქაღალდზედ დასვას დაუბრკოლებლივ პირდაპირი ასოები, საჭიროა ქაღალდი დასდოთ ცოტათი ირიბად, სახელდობრ იმდენად, რომ კალამი წარმოადგენდეს პარალელურ ხაზს ქაღალდის გვერდებთანა. წინააღმდეგ, შემთხვევაში, თუ თქვენ ქაღალდს მთლად სწორედ დასდებთ, სტრიქონები ზევით გაიწევენ, ხელის კრუნჩხვა და ნიდაყვის გარდანაცვლება ხშირად დაგვჭირდებათ, და თუმცა თქვენ ასცებით მარცხნივ ირიბს ხელს, მაგრამ სამაგიეროდ მოგივათ მარჯვნივ ირიბი ხელი, რაც უარესია პირველზედა. მცირეოდენი დაირიბება ქაღალდისა არც პირდაპირ ჯდომას აბრკოლებს, და არც თვალების ნორმალურს მდგომარეობასა და ტრიალს უშლის.
ეს განსაზღვრა (ограничетне) პირდაპირის წერის კანონისა არამც თუ არ ეწინააღმდეგება მას, არამედ განამტკიცებს, შეურყველად ხდის. უამისოთ მაგ კანონს ადვილად გამოუთხრიან ძირს მიმდევარნი ირიბის ხელისა.
ეხლა თვითონ მკითხველმა განსაჯოს: ჩვენ ვართ დამნაშავენი წინააღმდეგობაში, თუ კრიტიკოსი გაუგებორბისა და ცუდუბრალო კილვაში.