ჩვენ მოგვივიდა დიდად საინტერესო წიგნი თავ. ანდრია ერისთავისა, რუსულად გამოცემული პეტროგრადში ამ მოკლე ხანში. წიგნის სათაური ამნაირია: “Вопрос "Кономичекской и духовной жизни грузин”. Издание “ Северной печати”, 1916. (“კითხვები შესახებ ქართველთა ეკონომიური და სულიერი ცხოვრებისა”).
თავ. ანდრია ერისთავი ერთად ერთი წარმომადგენელია სახელმწიფო საბჭოში საქართველოდან. თავ. ანდრია ერისთავი, ამასთანავე ერთად, ერთი წარმომადგენელია განაპირა ქვეყნებისა, ეგრეთ წოდებული “ინოროდცებისა”, რომელიც აქამდის შედიოდა უკიდურეს მემარჯვენეთა ჯგუფში და ახლა ცოტა მარცხნივ გადაიხარა და მემარჯვენეთა ცენტრში უჭირავს ადგილი.
ბევრს ჩვენში დიდად აკვირვებს ეს გარემოება. “სად საქართველოს წარმომადგენელი და სად რუსეთის უკიდურესი მემარჯვენეთა პარტია, რომელსაც ჭირივით ეზიზღება და რომელიც ყოველნაირად ებრძვის არარუსთა მისწრაფებას და პოლიტიკურ ინტერესებსო”, - ამტკიცებენ ბევრნი. ამნაირი პოლიტიკური პოზიციის შეუფერებლობა ვერაფრით ვერ აუხსნიათ ზოგიერთს, გარდა პირადი ტაქტიკური მოსაზრებისა თავ. ანდრია ერისთავის მხრივ.
არიან ისეთებიც, რომელთაც ეჭვი შეაქვთ თავ. ანდრია ერისთავის პოლიტიკურ გულწრფელობაში...
ვინც თავად ანდრია ერისთავის ზევით დასახელებულ წიგნს თვალს გადაავლებს, ის უეჭველად დარწმუნდება, რომ თავ. ანდრიას მისი პოლიტიკური და სოციალური მსოფლმხედველობა ნებას არ აძლევდა სახელმწიფო საბჭოში ის რომელიმე სხვა ჯგუფს მიკედლებოდა, გარდა უკიდურეს მემარჯვენეთა ჯგუფისა, რომ მისი ადგილი უსათუოთ იქ უნდა ყოფილიყო, სადაც მან თითონ აირჩია. ამნაირად, ყოველივე ლაპარაკი თავ. ანდრია ერისთავის გულწრფელობაზედ, ანდა მის პოლიტიკურ გამოურკვევლობაზედ, სრულიათ უსაფუძვლო და შემცდარია. როცა თავ. ანდრია ერისთავმა ნამდვილი თავისი ფიზიონომია დაგვანახვა, თავისი ახალი წიგნის საშუალებით, ჩვენ დავრწმუნდით, რომ თავ. ანდრიას გარკვეული, კარგად მოსაზრებული და ბეჯითი პოლიტიკური პროგრამა ჰქონია და ის სრულიად კანონიერად უმშვენებს მხარს რუსეთის სახელმწიფო საბჭოს მემარჯვენეთა პარტიას.
რა მიზანს ემსახურება რუსეთის მემარჯვენეთა პარტია, რაში მდგომარეობს მათი მოქმედების პროგრამა, მათი მიმართულება?
როგორც მოგეხსენებათ, უმეტესი ნაწილი მემარჯვენეებისა შესდგება მსხვილი თავად-აზნაურობისაგან და უმაღლესი ხარისხის სახელმწიფო მოხელეებისაგან. ცხადია აქედგან, რომ მათი მიზანი მსხვილი მემამულეების ინტერესების დაცვაში გამოიხატება ეკონომიურ სფეროში და არსებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური რეჟიმის დაცვაში და გაძლიერებაში - პოლიტიკაში.
სრულიად ამნაირივეა თავ. ანდრია ერისთავის მიმართულებაც: ისიც, როგორც რუსეთის მემარჯვენეები, გამოდის მსხვილი მემამულეების დამცველად და არსებული პოლიტიკური რეჟიმის მომხრედ. ამ მხრივ არავითარი განსხვავება მათ შორის არ არსებობს, მათი ხმა, მათი მიმართულება შეთანხმებულია, ერთსულოვანია, ერთფეროვანი.
მაგრამ თავ. ანდრია ერისთავი ქართველია, და სრულიადაც არ მალავს თავის ქართველობას და ეს შეადგენს, ჩემის აზრით, მოსაწონ მხარეს მისი გამოსვლისას. როგორც ქართველი მემამულე, ის არ არის კმაყოფილი რუსეთის პოლიტიკისა საქართველოში და უმეტესი ნაწილი მისი წიგნისა შეიცავს დაურიდებელ კრიტიკას ამ პოლიტიკისას. მაგრამ საფუძვლები ამ კრიტიკისა არისტოკრატიულია და არა დემოკრატიული, ან პროგრესიულ-ბურჟუაზიული. თავ. ანდრია ერისთავი უჩივა რუსეთის ადგილობრივ და ცენტრალურ პოლიტიკოსებს იმის გამო, რომ მათ ჯეროვანის ყურადღებით არ მოეკიდენ მსხვილი ქართველი მემამულეების ინტერესებს, დაასუსტეს თავისი პოლიტიკით ეს ერთათ-ერთი ძლიერი და ფხიზელი კლასი, - მისი აზრით, - საქართველოში.
თავ. ანდრია ერისთავი ბრძანებს (გვ. 62): “ვინც იცნობს საქართველოს წარსულს, იმან უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხის ისტორია იმავე დროს არის ისტორია მისი თავად-აზნაურობისა, რომელიც 2000 წლის განმავლობაში გამოდიოდა, სამღვდელოებასთან ერთად, მებაირაღტრეთ ნაციონალურ იდეისა და მართლმადიდებლობისა”.
რა გასაკვირველია, თავ. ანდრია ერისთავის აზრით, რომ რუსეთის მთავრობას მოესურვებია და აღესრულებია კიდეც ქართველი თავად-აზნაურობის და სამღვდელოების დასუსტება და ჩამოქვეითება, როცა თვით ქართველმა ინტელიგენციამ ვერ დააფასა თავად-აზნაურობის ისტორიული სამსახური და ზურგი შეაქცია მას? ამით, თავ. ანდრია ერისთავის აზრით, ინტელიგენცია აცდა ისტორიულს და ნაციონალურ გზას და დაისახა იმნაირი იდეალები, რომელთაც არავითარი საერთო არა აქვთ ქართველი ხალხის ბედთან და მომავალთან.
თავ. ანდრია ერისთავი იმდენად გულდაწყვეტილია ამნაირი რუსეთის პოლიტიკის ხასიათით, იმდენად მავნებლათ და არა სასარგებლოთ სთვლის მას, რომ სოციალისტობასაც კი სწამებს ყოფილ კავკასიის ნამესტნიკს გრაფ ვორონცოვ-დაშკოვს...
თავ. ანდრიას ვერ წარმოუდგენია, რომ იმნაირი კანონის შემოღება, როგორც დროებით ვალდებულ გლეხთა მიწების გამოსყიდვაა, შესაძლებელი ყოფილიყოს, თუ არა სოციალისტების გავლენით. თურმე, ნუ იტყვით, ეს კანონი სოციალისტური ხასიათის ყოფილა და უსამართლობაზედ აშენებული!.. კანონის უსამართლობა, რასაკვირველია, ეხება თავად-აზნაურობას, რომელიც მოტყუებული და გაქურდული დარჩა...
ამნაირია თავ. ანდრია ერისთავის საზოგადოებრივი შეხედულებანი! როგორც ხედავთ, ეს ნამდვილი კლასობრივი ან წოდებრივი იდეოლოგიაა. ხალხი, ერი, მისთვის არ არსებობს; ერთადერთი ძალა, რომელზედაც შეიძლება საქართველოში ლაპარაკი, თავად-აზნაურობაა და ამის გამო თავად-აზნაურობის დაქვეითება და დასუსტება თვით საქართველოს დაქვეითებას და დასუსტებას მოასწავებს. სამწუხაროდ, თავ. ანდრია ერისთავი თავის ამნაირ კრიტიკულ ანალიზს საქართველოს ცხოვრებისას პირდაპირ დასკვნებს არ უკეთებს, მაგრამ ეს დასკვნები თავისთავად ნათელია. ვისაც საქართველოს გაძლიერება და ბედნიერება უნდა, მან ხელი უნდა შეუწყოს თავად-აზნაურობის გაძლიერებას და აღორძინებას - აი ფარული ფორმულა თავ. ანდრია ერისთავისა.
ჩვენი მკითხველისთვის სრულიათ არ არის საჭირო განმარტება, რომ წამოყენებულ ფორმულას ჩვენ ვერ მივემხრობით. ჩვენც გვსურს საქართველოს გაძლიერება, აღორძინება, მაგრამ ა ხ ა ლ ი და ა რ ა ძ ვ ე ლ ი შ ი ნ ა ა რ ს ი თ. ჩვენ გვინდა შევქმნათ ახალი საქართველო, დავბადოთ ახალი დროის შესაფერი და მშრომელი ხალხის დამცველი პირობები და არა ძველ კალაპოტში ჩავაყენოთ ჩვენი ქვეყანა. თავ. ანდრია ერისთავის ფორმულა გულისხმობს ძველს, ფეოდალურ საქართველოს, ჩვენ კი ვფიქრობთ ახალ საქართველოზედ; ის ალერსს უგზავნის წარსულს, ჩვენ მივილტვით მომავლისაკენ, მაგრამ ძველის დაბრუნება - წმინდა უტოპიაა, აუსრულებელი ოცნებაა, მაშინ, როდესაც მომავლისაკენ ლტოლვილება, მის დაახლოვებისათვის დაუღალავი მუშაობა - რეალური მიზანია, რომლის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას არა რომელიმე ვიწრო წრე, არამედ თვით ხალხი, მშრომელთა უმრავლესობა.
რა საშუალებით, ვისი იმედით ფიქრობს თავ. ერისთავი თავის იდეალების განხორციელებას? ეს მის საიდუმლოებას შეადგენს, რომელიც ავტორმა არ მოისურვა ჩვენ გაგვიზიაროს. ყოველ შემთხვევაში, თვით ქართველი მშრომელი ხალხის და ქართველი ინტელიგენციის დიდი იმედი არ უნდა ქონდეს თავ. ანდრიას, ვინაიდგან ის გულმოდგინე უარისმყოფელია ქართველების თვითმოქმედებისა.
უკიდურესი მემარჯვენე თავადი ერისთავი, როგორც უკიდურესი მემარცხენენი დასელები, საქართველოს ავტონომიის, საქართველოს პოლიტიკური თვითმართველობის წინააღმდეგია. კიდევ მეტი: თავ. ანდრია ერისთავი ბრძანებს (გვ.12): “მე ვერ წარმომიდგენია, რომელ ჭკვიან (Серьезный) ქართველს შეუძლია იმ პირობებში, რომელშიდაც ცხოვრობს ეხლა უმრავლესობა მისი თანამემამულეებისა, იოცნებოს თავის ქვეყნის ავტონომიაზედ, როცა უსაჭიროესი მოთხოვნილებები ჩვენი ქვეყნისა ჯერ არ არიან დაკმაყოფილებულნი”.
ამნაირად, თავ. ანდრია ერისთავი, როგორც თავად-აზნაურობის იდეოლოგი, კითხვას აყენებს ამნაირად: გარდაქმნა საქართველოში სოციალური ურთიერთობისა მსხვილი მემამულეების სასარგებლოდ და მიღება შეუცვლელად იმ პოლიტიკური რეჟიმისა, რომელიც ეხლა გაბატონებულია რუსეთში.
სხვანაირია ლოზუნგები სხვა მომქმედი ჯგუფებისა საქართველოში.
დასელები ბრძანებენ: გარდაქმნა სოციალური ურთიერთობისა პროლეტარიატის სასარგებლოდ და მიღება უცვლელად იმ პოლიტიკური რეჟიმისა, რომელიც ხალხის მეცადინეობით და ბრძოლით იქნება მოპოებული რუსეთში როგორც რუსეთის ხალხისათვის, ისე არა რუსთა ხალხთათვის.
ფედერალისტები ამტკიცებენ: გარდაქმნა სოციალური ურთიერთობის სასარგებლოდ მთელი მშრომელი ხალხისა, განურჩევლად პროლეტარიატისა და გლეხობისა, და შემოღება საქართველოში დემოკრატიულ პრინციპებზე აშენებული პოლიტიკური თვითმართველობისა, რომელიც უნდა მომდინარეობდეს როგორც ბუნებრივი შედეგი იმ დემოკრატიული ბრძოლისა რუსეთში, რომელსაც მიზნად ექნება რადიკალური გარდაქმნა პოლიტიკური რეჟიმისა მთელ სახელმწიფოში.
რანაირ სოციალურ და პოლიტიკურ ლოზუნგს იძლევა ის ჯგუფი, რომელიც თავის თავს “ნაციონალ-დემოკრატს” უწოდებს, ჩვენ არ ვიცით. თუ დავიჯერეთ მათი რწმუნება, რომ მათ აინტერესებთ არა სოციოლოგია, არა პოლიტიკა, არამედ მატერიალური და სულიერი კულტურა ჩვენი ქვეყნისა და მართლა მარტო ამით განისაზღვრა მათი პროგრამა, მაშინ ეჭვს გარეშეა, რომ დასახელებული ჯგუფი პოლიტიკურ პარტიად შეუძლებელია რომ ჩაითვალოს და ყოველნაირად საზოგადოებრივი და პოლიტიკური ომი მათთან ფუჭი და უმიზნო უნდა იქნეს, რადგანაც კულტურის საქმე ყველა პარტიებს, განურჩევლად მიმართულებისა, დიდად აინტერესებს.
იგივე არ ითქმის თავ. ანდრია ერისთავის გამოსვლის შესახებ. ახალი მისი წიგნი მოწმობს, რომ ავტორი გარკვეული პოლიტიკური მიმართულების კაცია და ეს გარემოება მას ახასიათებს, როგორც საუკეთესო წარმომადგენელს მსხვილი თავად-აზნაურობისა. ჩვენ არ ვეთანხმებით არც ერთს დებულებას მისი წიგნისას, არ ვიზიარებთ არც ერთს მის მოსაზრებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიძლია არ აღვიაროთ, რომ მისი ზევით დასახელებული წიგნი მშვენიერი ნიმუშია მსხვილი თავად-აზნაურობის იდეოლოგიისა და ამ მხრივ ის უსათუოდ მიიქცევს საყოველთაო ყურადღებას.
1916