სამოსწავლო გეგმა, შემუშავებული საგანგებო კომისიის მიერ ბ-ნ ალექსი ჭიჭინაძის თავმჯდომარეობით, აბუჩად აიგდეს გაზეთებმა, არა-რეფორმად აღიარეს და კენტი სიტყვა არ დასძრეს მის სასარგებლოდ. ასეთი უარყოფა აიხსნება იმით, რომ კრიტიკოსნი საქმეს დასცქეროდნენ ზეციური იდეალის სიმაღლიდან. მაგრამ თუ ცოდვილის დედამიწის ალაბით განვსჯით საქმეს, ეს გეგმა ნამდვილ წინ ნაბიჯის გადადგმად უნდა ჩაითვალოს, მივმართოთ შედარებას.
უკანასკნელის ხუთ-ექვსი წლის განმავლობაში ამგვარი რეჟიმი გამეფდა ჩვენს სკოლებში: შეიყვანდნენ თუ არა ბავშვს სკოლაში, მაშინვე რუსულს ენაზე უწყებდნენ ჟღრუტულს და ყველა საგანს ამ ენაზე აწამებდნენ კურისის დაწყებიდან დასრულებამდე. ქართულს ენას ან ადგილი არა ჰქონდა სრულიად, ან თითო-ოროლა გაკვეთილით ანელებდნენ გამწვავებულს ხალხის სიბრაზეს... თვით რუსული ენა ისწავლებოდა მუნჯური მეთოდით, დედა-ენის დაუხმარებლივ. ერთი სიტყვით, ყოველი სახალხო სკოლა ჩვენში წარმოადგენდა უკანასკნელ ჟამს რუსიფიკაციის და გადაგვარების ქარხანას. ბ-ნ ჭიჭინაძის სამოსწავლო გეგმა თხოულობს: 1) დედა-ენაზე სწავლების ყველა საგნებისას კრუსის დასაწყისიდან მის დასრულებამდე; 2) დედა-ენის გაკვეთილს ყოველდღე, და ხან ორს გაკვეთილსაც; 3) რუსული ენის სწავლებას, როგორც კერძო საგნისას, და ისიც დედა-ენის დახმარებით. სახალხო სკოლა, როგორც რუსიფიკაციის ქარხანა, ისპობა და ხდება განათლების კერად, რომელიც, მართალია, ძლიერი არ იქმნება, მაგარმ სინათლესა და სითბოს მაინც ბლომად მოჰფენს ჩვენს სამშობლოში.
წარმოითქვა აგრეთვე ის აზრიც ქართველსა და რუსულს პრესაში, რომ ბ-ნ ჭიჭინაძის სამოსწავლო გეგმა არაფრით განსხვავდება ყოფილი მზრუნველის იანოვსკის გეგმისაგანაო. ეს მსჯელობაც მეტ-ნაკლებობით ეწინააღმდეგება სინამდვილეს, იანოვსკის გეგმა სავალდებულოდ ჰხდიდა სამის წლის კურსსა; სწავლება დედა-ენაზე საგნებისა მიდიოდა მხოლოდ პირველ ორს წელსა; მესამე წლიდან კი რუსულ ენაზე იწყებოდა სწავლება; ამავე წლიდანვე ძლიერ ვიწრო კალაპოტში იჭედებოდა ქართული ენა, როგორც კერძო საგანი. როცა ეს გეგმა გამოქვეყნდა 1881 წელსა, ჩვენ იგი ვრცლად გავარჩიეთ "დროებაში" და ვეცადეთ აშკარად გაგვეხადნა ყველასათვის მისი ფარული სიფლიდე და შეუსაბამობა.
ბ-ნ ჭიჭინაძის გეგმით კი სწავლა სახალხო სკოლებში გრძელდება ოთხს წელიწადს: მთელის კურსის განმავლობაში გადაცემა ყველა საგნებისა მიდის დედაენაზე; დედა-ენავე, როგორც საგანი, ისწავლება კურსის დასრულებამდინ ხან ყოველ დღე და ხან დღეში ორჯელ; რუსულს ენას ადგილი აქვს, როგორც მხოლოდ ცალკე საგანსა. განსხვავება, ვგონებ, დიდია. და ეს განსხვავება, რასაკვირველია, ნაყოფია თავმჯდომარის მეცადინეობისა.
მაგრამ მასწავლებელთა კომისიას მოუვიდა რამდენიმე შეცდომა, რომელსაც შეუძლიან მისი გეგმა დააუძლუროს, შეუმციროს ნაყოფიერება და სულაც გააუქმოს.
პირველი შეცდომა მდგომარეობს იმასი, რომ კომისიამ თავის გეგმას სარჩულად დაუდო იანოვსკის გეგმა. მოგეხსენებათ, რომ თუ საღს ვაშლს დასდებთ დამპალ ვაშლთან, იმასაც უსათუოდ სიდამპლე გადაედება. აქაც ადვილად შეიძლება მსგავსივე პროცესი მოხდეს.
მეორე შეცდომად უნდა ჩაითვალოს ისა, რომ მეოთხე წლის მომატება კომისიამ იმით დაასაბუთა უმთავრესად, რომ სამის წლის განმავლობაში რუსულს ენას რიგიანდ ვერ შეითვისებენო და ამიტომ საჭიროა მეოთხე წელიწადიო. ამ საბუთიდან ადვილად გამოიყვანებენ იმ დასკვნას, რომ მეოთხე წელს თვით საგნების სწავლება რუსულ ენაზე უნდა მოეწყოსო, რათა ჯეროვანი მისი შეთვისება უზრუნველყოფილი გავხადოთო. ამ დასკვნის გამოყვანა მით უფრო მოსალოდნელია, რომ იანოვსკის გეგმით, რომელსაც კომისიამ დაუკავშირა თავისი გეგმა, სწვლება საგნებისა, როგორც უკვე ვსთქვით, უკანასკნელს წელს დაწესებულია რუსულ ენაზე. მეოთხე წელიწადი კომისიას უნდა მოეთხოვა იმ მოსაზრებით, რომ თვით რუსეთში სამის წლის კურსი საკმარისად არ მიაჩნიათ, საჭიროდ სთვლიან მეოთხე წელიწადსაც, რომელიც ჩვენებური სკოლებისათვის ბევრად უფრო საჭიროა, რადგანაც რუსულის ენის სავალდებულო სწავლება მათში კურსის შეთვისებას ძლიერ აძნელებს და აგვიანებს.
მესამე შეცდომა ის გახლავთ, რომ რუსულს ენას დათმობილი აქვს შვიდი, რვა და ცხრა გაკვეთილი. "სახელოვანმა დეკანოზმა" ვოსტოგროვმაც ასეთი მომატებით დაიწყო რუსულის ენის გაძლიერბა და ბოლოს ავიდა თორმეტ გაკვეთილამდი, რასაც შედეგად მოჰყვა თითქმის გაუქმება ქართულის ენის გაკვეთილებისა... უნდა დაენიშნათ თითო გაკვეთილი დღეში მეორე წლიდან როგორც რუსულის ენისათვის, ისე ქართულისათვის, და დანარჩენი გაკვეთილები ერგუნებინათ სხვა საგნებისათვის, რომელთა რიცხვი არ უნდა განესაზღვრათ მარტო არითმეტიკით და საღმრთო სჯულით.
მეოთხე შეცდომად ჩვენ ვითვლით მას, რომ კომისიამ იმ პატარა კერას სწავლისას, რომესაც ჰქვიან წერა-კითხვის სკოლა ორის წლის კურსით, დაატვირთა რუსულის ენის სწავლება, რაც ამ კერას სრულიად ჩააქრობს აუცილებლივ.
ჩვენი საკუთარი გეგმა თუმცა ბევრს მკითხველს უკვე მოეხსენება ძველის და ახალის ჩვენი ნაწერბიდგან, მაგრამ მაინც მოკლედ მოვიხსენიებთ ახლაც.
რათა მთელს საქართველოში მოეფინოს ქართულის წინგის ცოდნა, აუცილებელ საჭიროებად მიგვაჩნია ყოველს სოფელში, რაც უნდა პატარა იყოს იგი, დაარსდეს ქართული წერა-კითხვის სკოლა ორის წლის კურსით, რომელშიაც რუსულს ენას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ამისთანა პატარა სკოლის შენახვა ისე მცირე ხარჯს ითხოვს, რომ თვით უღარიბეს სოფელსაც შეუძლიან მისი გაძღოლა.
რამდენიმე მახლობელი სოფელი შუაგულს ადგილს აარსებს შეერთებულის ხარჯით სახალხო ქართულს სკოლას ოთხის წლის კურსით, სადაც სწავლება ყოველი საგნისა უნდა მიდიოდეს დედა-ენაზე. რუსული ენა კი უნდა ისწავლებოდეს, როგორ ცალკე საგანი. ამ სკოლაში, გარდა ორის ენისა, საღმრთო სჯულისა და არითმეტიკისა, ჯეროვანი ადგილი უნდა დაეთმოს: ელემენტარულ გეოგრაფიას, ისტორიას, ბუნების მეტყველებას, ჰიგიენას. ყოველ ამგვარ სკოლასთან იმართება პრაქტიკული განყოფილებანი სამეურნეო და სახელოსნო. ამ სკოლის პირველ განყოფილებაში მიიღებიან მხოლოდ ისინი, ვისაც წერა-კითხვის სკოლა დაუსრულებია, ან შინად უსწავლიათ რიგიანად ქართული წიგნი... როცა ჩვენი ხალხი, თავისუფალი რეჟიმის მეოხებით, მოღონიერდება, ამ სახალხო სკოლის კურსს მიუმატებს კიდევ ორის წლის კურსსაც, და მაშინ ჩვენი ხალხის მოზარდი თაობა მთელის რვა წლის განმავლობაში დაწაფებული იქნება განათლების ნაკადულსა...
მაგრამ ეს საკმარისი არ არის კულტურული ხალხისათვის.
საჭიროა დამთავრება განათლებისა, და ეს დამთავრება შეუძლიან მიანიჭოს ჩვენს ხალხს იმ დაწესებულებამ, რომელსაც ჰქვიან სახალხო უნივერსიტეტი და რომელიც ევროპასა და ამერიკაში, ავსტრალიასა და ზელანდიაში მიაჩნიათ საუკეთესო ღონისძიებად მაღალის სწავლის მოფენისათვის მთელს ხალხში. სახალხო უნივერსიტეტის დაარსება და მოქმედება დიდს ფულს არ ითხოვს, და ამიტომ ყოველს კუთხეს საქართველოსას: გურიას, სამეგრელოს, იმერეთს, ქართლსა და კახეთს, შეუძლიან თავისი საკუთარი უნივერსიტეტი დაიარსონ თავისავე მიწა-წყალზე და თავიანთ ნებაზე აწარმოონ. სწავლება ყველა საგნებისა სახალხო უნივერსიტეტებში ყევლგან სწარმოებს ეროვნულ ენაზე და ჩვენშიაც ქართულ ენაზე უნდა იწარმოოს აუცილებლივ...