Litclub.ge

“ვერის უბნის მელოდიებიდან”
ხმას არ იღებს. გულში ფიქრობს,
ერია თუ ბერია, -
“მაშინ რაღაც მაინც იყო,
ახლა არაფერია!”

ბევრი უხმოდ წრუპავს “სიტროს” -
“დროს მარილი აკლია”,
“მაშინ ყრუმუნჯობა იყო,
ახლა ლაპარაკია!”

ზოგი ძველ დროს ვერ ელევა,
როგორც კუთვნილ კერიას, -
“ცუდიც ბევრი იყო, მაგრამ
კარგიც ბევრი ერია!”

თავს იზღვევენ ზოგ-ზოგები
და ძველ “მარშებს” მღერიან, -
“მაშინ ყველაფერი იყო,
ახლაც ყველაფერია!”

იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ,
ცოტაა თუ ბევრია, -
“მაშინ არაფერი იყო,
ახლაც არაფერია!”