საქათმის კარებს რომ არ გიღებ,
ამისთვის მემდური, ყვინჩილა?
რა გიყო, რა ჩემი ბრალია,
მეზობლის მამალმა გიჩივლა.
მოვარდა დეზების წკარუნით,
- ამ ყმაწვილს არავინ
პატრონობთ?
არადა, ყივილზე ეტყობა,
ყივანახველა აქვს, ბატონო.
გამოვა, შეჯდება სარზე და
გაჰკივის საზიზღარ არიებს,
უფროსებს არ ვჩივი, ბატონო,
ყივანას გადასდებს ვარიებს.
ახლავე მომშორდეს აქედან
და თავის ეზოში ირბინოს,
არადა, მიყარეთ კაკალი,
როდესაც დავაგლეჯ ბიბილოს.
მაშ რაღად მემდური, როდესაც
მეზობლის მამალმა გიჩივლა;
სულ მალე, სულ მალე მორჩები
და ისევ გაგიშვებ, ყვინჩილა.