Litclub.ge

ფენომენური ქალი (მთარგმნელი:ანი კოპალიანი)
მშვენიერ ქალებს უკვირთ, ჩემი ძალა რაშია.
არ ვარ ლამაზი, მით უმეტეს, არ ვგავარ მოდელს 
ხოლო როდესაც ვცდილობ ავუხსნა,
ეჭვი აქვთ _ ვბოდავ.
მე ვამბობ: 
ჩემი მკლავების ყოველი გაშლა,
ან ჩემს თეძოებს შორის მანძილი
ანდა ნაბიჯის გადადგმა ჩემი
ან ჩემი ბაგის ყველა განძრევა
ამხელს _ 
ქალი ვარ ფენომენურად,
ფენომენური ქალი
ეს მე ვარ.

როდესაც ხალხში გავდივარ ხოლმე,
ჩვეულებრივად მშვიდი და მკაცრი,
თავგზა ებნევათ 
და ფეხზე დგომა
უჭირთ და მუხლზე ეცემა ყველა
იქ მყოფი კაცი.
და ნდომით სავსე მათი ბზუილი
არაქათს მაცლის.
მე ვამბობ:
ცეცხლი ჩემი თვალების,
ან ჩემი წელის ყველა შერხევა,
ან ელვარება ჩემი კბილების,
ან ნიავქარი ჩემი ფეხების
ამხელს _
ქალი ვარ ფენომენურად,
ფენომენური ქალი
ეს მე ვარ.

კაცებს თავადაც ძალიან უკვირთ,
თუ რისგან ეკვრით თვალებზე ლიბრი. 
და ცდას და გარჯას თუმც არ აკლებენ
მაინც, მგონია, ვერ მიაკვლევენ,
მიზეზს ამ ჩემი ფარული ხიბლის.
და როცა თვითონ ვცდილობ, ვაჩვენო,
ყველა შორს მირბის.
მე ვამბობ:
რკალი ჩემი ხერხემლის
ან ათინათი ჩემი თვალების
ან სიცხე ჩემი მკერდის შეხების
ან ჩემი სტილის იდუმალება.
ამხელს _
ქალი ვარ ფენომენურად,
ფენომენური ქალი
ეს მე ვარ.

რატომ არასდროს ვუხრი თავს ვინმეს _
თქვენ უკვე უწყით,
თვალში რად არვის არ ვეჩხირები,
ხმას რად არ ვუწევ.
და როცა გვერდზე ჩაგივლით თქვენს რიდს
რად ვიწვევ უცებ.
მე ვამბობ:
ჩემი ქუსლების ჩქამი, 
ან ჩემი თმების მბზინავი ბადე
ან ჩემი ხელის სუსტი მტევანი
ან შენი სწრაფვა _ ჩემზე ზრუნავდე _
ამხელს _
ქალი ვარ ფენომენურად,
ფენომენური ქალი
ეს მე ვარ.