Litclub.ge

მეტოქე (მთარგმნელი:ანი კოპალიანი)
მთვარეს ღიმილი რომ შეეძლოს, შენ გემგვანება. 
ერთნაირ განცდას ბადებთ ორივე - 
ლამაზები ხართ, მაგრამ ირგვლივ ყველაფერს ახმობთ. 
სხვისი სინათლის ქურდები ხართ შენცა და ისიც. 
და თუ მის ტუჩებს სამყაროზე დარდი ამრგვალებს, შენი - არც კი თრთის, 

შენი ნიჭია აქვავებდე ირგვლივ ყველაფერს. 
მავზოლეუმში ვახელ თვალებს, შენც მუდამ აქ ხარ, 
ქვის მერხზე ფრჩხილებს აკაკუნებ, სიგარეტს ეძებ, 
გესლიანობით შენც ქალს გავხარ, მაგრამ ცივი ხარ, 
და სული მიდგის მკითხო რამე დამაბნეველი. 

მთვარეც შენსავით იგდებს მასხრად თავის მორჩილებს, 
მაგრამ დღის შუქზე თავად ხდება ღიმისმომგვრელი. 
რაც შეეხება შენს შერყეულ თავდაჯერებას, 
მას ფოსტით ვიღებ - იმ სიზუსტით, გულს რომ მიჩუყებს - 
თეთრსა და სუფთას, გოგირდივით სულისშემხუთველს. 

ყოველ ცისმარ დღეს შენზე რაღაც ახალი მესმის, 
აფრიკაშიც რომ გაემგზავრო, ვერ დამივიწყებ.