Litclub.ge

*** მე თუ მიყვარდა-მიყვარდა
მე თუ მიყვარდა - მიყვარდა!
თუ არ მიყვარდა - მძულდა!
ისე მძულდა და მიყვარდა, 
სულ ვიდექ აღსასრულთან.
მე არ შემეძლო ნახევრად,
ან ისე - სხვათა შორის!
სულ მდევდა გაუხედნავი
მითქმა-მოთქმა და ჭორი.
ვისაც ვუყვარდი, ჯვარს მაცვა,
ვით მამამ ძე და ღმერთი.
ვინც მძულდა, არაკაცთაგან,
არ გამიწირავს ერთიც.
ჩემი საფლავი ცაშია,
თქვენი ცხოვრება - აქვე...
უკვე აღარ ვარ საშიში,
რამდენიც გინდათ, მაქეთ!
მე გავაღწიე აკლდამას,
დაბეჭდილს თქვენი ხელით,
არ გავჩენილვარ საკვდავად
და ეს ალიბი გშველით.
სულ მარტო ვიყავ, სიკვდილიც
მარტოობაა, სხვა რა?!
ის სხვისთვის იყო სასჯელი,
ჩემთვის ცხოვრების შარა.
მეც ვივლი დაუსრულებლივ,
როგორც ვიარე დღემდე;
ტანჯვის და სევდის უფლებით,
ასი მკვდარი წლის შემდეგ.
 
1995