წვიმა როგორ მოვა -
ცაა ცარიელი,
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა,
მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.
გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება,
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.
მოდი,
გეხვეწები,
ასე ბანალურად -
გთხოვ და ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.
მოდი,
თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ - ისე ჩაიხუთა,
თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი,
თუნდაც გამებუტე,
მოდი,
ჩამეხუტე.