Litclub.ge

სიმშვიდის, სიხარულის, მწუხარების და ნუგეშის შესახებ
მწუხარების ამბავი

….
ოი, მარიამ, დედავ,
რატომ არ გძინავს ნეტავ…
მთვარე ანათებს არეს,
რაღაც ჩუმი ხმა ისმის,
თითქოს ირხევა სიმი…
ეს ღამის ჩიტი უსტვენს,
თუ კვნესის ლერწმის სტვირი?
თუ შენ ზუზუნებ ჩუმად,
მითხარ,
მღერი თუ სტირი?
…..
მარიამ ჩვილო, სათუთო
წყნარო, მორჩილო, ნათელო,
ცრემლები დაგდის მარიამ.
….
ავაიიიი…! ავაჰმეეეე…!
მიწავ დაფარე ჩემი თვალები!
ეს რასა ვხედავ, ცაო,
თხელი მაჯები,ხელის მტევნები,
დაფლეთილი გაქვს,
შვილო…

ეს რა უქნიათ შენთვის, ავაჰმეე!
რისთვის გგვემეს და გტანჯეს…
დედა მოგიკვდეს, ვერ მოგისწარი?
შენ ჩემო თვალისჩინო…

ავაიიი…
შვილო…
აქა ვარ, შენთან…
აღარა მყავხარ?
ნუთუ მიქრები..
ჯერ ხომ თბილი გაქვს,
თბილი თითები…

მოდი, კალთაში ჩამიდე თავი…
რამ დაგიკაწრა ლამაზი შუბლი…
წამწამებზედაც სისხლის წვეთი გაქვს…
სისხლიან შუბლზეც თმა დაგკრობია…
მოიცა… ნელა გადაგიწიო…
აი, სიცოცხლევ, ასე სჯობია…
მოდი, მაჯებზე გაკოცო ნელა…
გულში ჩავიკრა შენი ხელები…
ო, როგორ მუდამ მენატრებოდი…
ახლა კი როგორ ცივა და ბნელა…

მოიცა, ჩუმად გიმღერებ ნანას…
მოიცა, ისევ ისე დაგარწევ…
ნანააა და ნანააა…
ვაიიი! ავაჰმეე!

ვაი, შენს დედას! გვერდი როგორ გაუგლეჯიათ!
ნუთუ ეს თავად იმან ინება?
ვინ იცის როგორ გამწარდებოდი,
ალბათ, მეძახდი, ალბათ მნატრობდი…
ჰოი, დედებო, ნუ ინატრებთ შვილის დიდებას…

შენი დიდება კი არ მინდოდა
შენი სიცოცხლე მსურდა,
დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა
და სიხარული, შვილო…

ნანაა… ნანინააა…
დაიძინე… გამოშუშდები…
და დამშვიდდები… ჩემო კეთილო…

ანკარა წყაროვ
და ლერწმის სტვირო…
შენ სიყვარულის ზარო,
ჰა, პირი გიყო ბნელმა მორევმა,
ბოროტებისა ხარომ…

ნანა, სიცოცხლევ,
ნანა, სულო,
ნანა ნანინაო…
…..

ვაიიი, სიცოცხლევ, გაგყინვია უკვე თითები…
ვაი, შენს დედას,
ერთად როდის,
სადღა ვიქნებით?

ო, შვილო, შვილო,
ნუთუ მიწა შავად ჩაიშლის
შენს თვალებს, ტუჩებს,
კბილებს და ღიმილს,
ჩემი თვალებით, ჩემი ფიქრებით
ნაალერსებს და
შესწავლილს და
დამახსოვრებულს,
გამეორებულს,
მოგონებულს და შემოვლებულს…
ო, ყოველივე ეს იმდენად ერთადერთია….
რომ რა არის ის, რაც ამას ბედავს…
…….

ო, მეუფეო… ხომ გაგონდება…
როდესაც ჩემი თანატოლები
თამაშობდნენ და ცელქობდნენ, მაშინ
მე მარტო ვიდექ პატარა ბავშვი
დიდ, გრილ ტაძარში…
ხელები გულში მქონდა ჩაკრული,
თვალები შენსკენ ამოპყრობილი
და ვჩურჩულებდი: ” მე უფლის ვარ…
უფლის გოგო ვარ…”
….
მზე მიიდრიკა…
მალე ვარსკვლავებს აანთებ ისევ…
და ჩვენი შვილი მათ ვერასდროს ვეღარ იხილავს?

ო, მამავ! მამავ!
სატრფოვ ჩემო.
მეუღლევ ჩემო,
რისთვის დამტოვე?
მენატრება შენი სინაზე…
მე დავიღალე…
ნუ დამაშორებ…
გამომიგზავნე მეც სიკვდილის თეთრი შროშანი…
და ნუ დამტოვებ დედამიწაზე…