2005 წლის 7 დეკემბერს, სტოკჰოლმში წაკითხული სანობელე ლექცია
1958 წელს ასეთი რამ დამიწერია:
"არ არის მკვეთრი განსხვავება რეალურსა და ირეალურს, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. ესა თუ ის მოვლენა, თავისთავად, არ არის მხოლოდ სიმართლე ან ტყუილი: ის შეიძლება ორივე ერთად იყოს."
მიმაჩნია, რომ ეს მოსაზრება დღემდე აქტუალურია და ახლაც დაგვეხმარება, რათა რეალობას ხელოვნების მეშვეობით ჩავწვდეთ. ამას მოგახსენებთ როგორც მწერალი, მაგრამ როგორც მოქალაქემ მაინც უნდა ვიკითხო: რა არის ჭეშმარიტება? რა არის სიცრუე?
დრამატურგიაში ჭეშმარიტება ოდითგანვე მოუხელთებელ ცნებად ითვლებოდა. მისი აღმოჩენა მუდამ გვიჭირს, თუმცაღა, ძალაუნებურად, სულ მის ძიებაში ვართ. ეს ძიება აშკარად ითხოვს ძალისხმევას, ეს ჩვენი მოვალეობაა. ხშირად გაუცნობიერებლად გადავეყრებით ხოლმე წყვდიადში ჭეშმარიტებას, უბრალოდ შევეფეთებით, ანდა მხოლოდ თვალს ვკიდებთ იმ ხატებასა და ფორმას, რომელიც სიმართლეს შეესაბამება. მაგრამ ჭეშმარიტება ის გახლავთ, რომ დრამატურგიაში არ მოიძევება ერთადერთი ჭეშმარიტება: ის იქ ბევრია. ეს ჭეშმარიტებები ერთმანეთს კიდეც იწვევენ, კიდეც გაურბიან... ერთმანეთს ასახავენ, უარყოფენ, ნიშნს უგებენ და ერთმანეთის ვერაფერი გაუგიათ. ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ წამიერი ჭეშმარიტება მოიხელთეთ, მუჭში გაქვთ გამომწყვდეული, მაგრამ შემდეგ ის ხელიდან გისხლტებათ და გეკარგებათ.
ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ იბადება ჩემი პიესები. ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ. ჩემი საკუთარი პიესების განხილვაც გამიჭირდება. იმასღა თუ გეტყვით, რომ იქ ასე მოხდა, ასეთი რამ ითქვა.
ჩემი პიესების უმრავლესობას, ძირითადად, ერთი ფრაზა, სიტყვა ან ხატება აძლევს დასაბამს. სიტყვას მაშინვე მოსდევს სახე, ხატება. მაგალითად დაგისახელებთ ორ ამოსავალ წერტილს, მოულოდნელად რომ მეწვია საიდანღაც. შემდეგ მათ წარმოსახვაც მოჰყვა... მეც მივყევი.
"დაბრუნებასა" და "ძველ დროებაზე" მოგახსენებთ. "დაბრუნების" დასაბამი გახლავთ "სად წაიღე მაკრატელი?" "ძველი დროების" - "მუქი, სიბნელე." პიესების დაწერამდე ამის მეტი მეც არაფერი ვიცოდი.
აშკარა იყო, რომ პირველ პიესაში ვიღაც მაკრატელს ეძებდა და მის შესახებ ეკითხებოდა სხვა ვიღაცას, რომელსაც, სავარაუდოდ, მის მოპარვას აბრალებდა. ისიც ვიცოდი, რომ ეჭვმიტანილი არც იმ მაკრატელს დაგიდევდათ და არც მის მაძიებელს.
"მუქი" ვიღაცის თმა უნდა ყოფილიყო, ვიღაც ქალის. სწორედ ეს "მუქი" იყო პიესის გასაღები. ორივე შემთხვევაში იძულებული ვიყავი ამ ორ ამოსავალ წერტილს დავყრდნობოდი. ეს ყველაფერი ვიზუალურად ხდებოდა, ჩემ თვალწინ... თანდათანობით გადადიოდა ბნელიდან ნათელში.
პიესის წერას ყოველთვის ჩემებურად ვიწყებ: პერსონაჟებს A-ს, B-ს და C-ს ვარქმევ.
პიესაში, შემდგომ "დაბრუნებად" რომ დასათაურდა, ვხედავდი, როგორ შედიოდა ვიღაც ერთობ გაპარტახებულ ოთახში და მაკრატელზე ეკითხებოდა თავისზე ახალგაზრდა კაცს, რომელიც გაქუცულ დივანზე მოკალათებულიყო და გაზეთს კითხულობდა - კერძოდ, დოღის ამბებს ჩაღრმავებოდა. ჩემი ვარაუდით, A მამა იყო, B - მისი შვილი. მხოლოდ ვარაუდით, დარწმუნებული არ ვიყავი. ამაში მერეღა დავრწმუნდი, როდესაც B-მ (მოგვიანებით ლენიმ) უთხრა A-ს (მოგვიანებით მაქსს): "მამა, მოდი რა, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. რაღაც მინდა გკითხო. აი, სადილად რაც ვჭამეთ, იმას რა ჰქვია? საერთოდ რა არის? ძაღლს რატო არა ყიდულობ? შენ ხო ძაღლების მზარეული ხარ. გეფიცები. ძაღლებისთვის ამზადებ საჭმელს." ასე რომ, რახან B A-ს "მამას" უწოდებდა, სავსებით ლოგიკური მომეჩვენა მათი მამა-შვილობა. თანაც საჭმლის მომზადება აშკარად A-ს მოვალეობა გახლდათ, თუმცაღა მისი ეს საქმიანობა მაღალ შეფასებას არ იმსახურებდა. ეს იმაზე ხომ არ მიგვანიშნებდა, რომ ოჯახში დედა არ იყო? ჯერ არ ვიცოდი. მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი, დასაწყისმა ხომ არასდროს იცის დასასრული-მეთქი.
"მუქი, სიბნელე." ფართო ფანჯარა. საღამოს ცა. კაცი - A (შემდგომ - დილი) და ქალი - B (შემდგომ - ქეითი) ოთახში სხედან და სასმელს წრუპავენ. "მსუქანი, გამხდარი?" კითხულობს კაცი. ვისზე ლაპარაკობენ? ჰოდა, მეც ვხედავ ქალს, C-ს (შემდგომ - ანას). ფანჯარასთან დგას სიბნელეში. მათკენ ზურგით. მუქი თმა აქვს.
უცნაური წამია - შექმნა პერსონაჟები, რომლებიც აქამდე არ არსებობდნენ. შემდეგ ხდება რაღაც მოულოდნელი, ელდის მომგვრელი, საოცარი და ზოგჯერ უეცრად მოვარდნილ ზვავს ემსგავსება. ავტორი გაურკვეველ მდგომარეობაშია. მას თითქოს პერსონაჟები არ სწყალობენ, არ ემორჩილებიან. ძნელია მათთან შეგუება, შეუძლებელია მათი ჩარჩოში მოქცევა. მათ ვერაფერს უკარნახებ. გარკვეულწილად, ავტორი მათ უსასრულო თამაშს ეთამაშება - კატა-თაგვობანას, აბა გამოიცანის, დამალობანას. მაგრამ ბოლოს ხელში ცოცხალი ადამიანები შეგრჩება - ადამიანები სურვილებითა და გრძნობებით, ადამიანები, რომლებსაც ვეღარ შეცვლი, ვერ მართავ და ვერც დაამახინჯებ.
ასე რომ, ხელოვნებაში ენა ერთობ ორაზროვანი რამეა. ეს არის ქვიშა, რომელიც ფეხქვეშ გეცლება, ყინული, რომელიც ფეხქვეშ გიტყდება.
როგორც გითხარით, ჭეშმარიტების ძიებას არა აქვს დასასრული. შეუძლებელია ამ პროცესის გადადება. მას იმავე წამს უნდა გაუსწორო თვალი, სახვალიოდ ვერ შემოინახავ.
აი, პოლიტიკური თეატრი კი სულ სხვა პრობლემებს წამოჭრის. ნებისმიერ შემთხვევაში თავი უნდა ავარიდოთ დამოძღვრას, ჭკუის სწავლებას. აქ მთავარი ობიექტურობაა. პერსონაჟებმა თვითონ იციან თავიანთი საქმე. ავტორმა არ უნდა შეზღუდოს ისინი, არ უნდა მოაქციოს საკუთარი გემოვნების, განწყობა-დამოკიდებულების თუ სიმპათიების ჩარჩოში. მწერალი პერსონაჟებს სხვადასხვა კუთხით უნდა მიუდგეს, ლაღად, თავისუფლად, ანაზდად უნდა "დაესხას თავს," და, ამავე დროს, გარკვეულწილად გზაზე არ გადაეღობოს. თუმცაღა, ეს ყოველთვის არ ხერხდება. პოლიტიკური სატირა ამ წესებს არ ემორჩილება. ფაქტიურად, სწორედ ამის საპირისპიროს აკეთებს, რაც არის კიდეც მისი ნამდვილი ფუნქცია.
"დაბადების დღეში" ჩემი პერსონაჟები თავისუფლად დაეხეტებიან შესაძლებლობათა უღრან ტყეში... იქამდე, ვიდრე საბოლოოდ დამემორჩილებოდნენ.
აი, "მთების ენაში" კი მსგავსი არაფერი ხდება. ეს პიესა შეკუმშული, სასტიკი და უხეშია. და მიუხედავად ამისა, მასში ჯარისკაცები მაინც ახერხებენ გართობას, მაინც ხალისობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯალათი იოლად იღლება, მალე ამოსდის ყელში თავისი საქმიანობა. ცოტაოდენი სიცილი მასაც სჭირდება გასამხნევებლად. ეს ხომ ბაღდადში აბუ ღურაიბის მოვლენებმაც დაადასტურა. "მთების ენა" მხოლოდ 20 წუთს გრძელდება, მაგრამ ის შესაძლოა განუწყვეტლივაც მიმდინარეობდეს, დღითი-დღე, დაუსრულებლად.
პიესაში "მიწა მიწადვე" მოქმედება წყალქვეშ უნდა ხდებოდეს: ქალი იხრჩობა, ტალღებიდან ხან მოჩანს მისი ხელი, ხანაც ქრება. ეს ხელი ცდილობს ვიღაცას მოეჭიდოს, მაგრამ ამაოდ: ვერც წყალქვეშ პოულობს ვინმეს და ვერც ზედაპირზე. იქ მხოლოდ ჩრდილები, ანარეკლი და წყლის ნაკადია. სასიკვდილოდ განწირული ქალი წყალწაღებულ ქვეყანაში... თავს ვერ აღწევს საფრთხეს, რომელიც თითქოს სხვებს უნდა დამუქრებოდა და არა მას.
მაგრამ ისიც სხვებივით იღუპება.
პოლიტიკოსთა ენა ვერ ბედავს ამ სფეროში შეჭრას, რადგან პოლიტიკოსთა უმრავლესობას (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია) აინტერესებს არა ჭეშმარიტება, არამედ ძალაუფლება და ამ ძალაუფლების განმტკიცება-შენარჩუნება. ძალაუფლება რომ განიმტკიცონ, ხალხი უთუოდ უმეცარი უნდა იყოს, არ იცოდეს სიმართლე - სიმართლე საკუთარ ცხოვრებაზეც კი. ჩვენ ტყუილების გაუვალ ქსელში ვართ გახლართული და სიცრუით ვსაზრდოობთ.
ყველამ ვიცით, რითიც ამართლებენ ერაყის დაბომბვას. გვითხრეს, სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების ისეთ იარაღს ფლობს, რომელთაგან ზოგიერთი 45 წუთში აღგვის პირისაგან მიწისა ყველაფერსო. ხომ გვჯეროდა, ხომ მიგვაჩნდა სიმართლედ. ტყუილი კი აღმოჩნდა. ისიც გვითხრეს, ერაყს კავშირი აქვს ალ-კაიდასთან და პასუსხს აგებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიაზეო. ეგეც დავიჯერეთ. არ უნდა დაგვეჯერებინა. გვითხრეს, ერაყი მსოფლიოს კეთილდღეობას ემუქრებაო. დავიჯერეთ და კვლავ შევცდით. სიმართლე კი სულ სხვა რამ ყოფილა. გვიჯობს გავიაზროთ, როგორ ესმის აშშ-ს თავისი როლი და რა გზით ცდილობს მის შესრულებას.
მაგრამ ვიდრე აწმყოს დავუბრუნდებოდე, მინდა ახლო წარსულზეც, ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. მე მგონი, მოკლედ მაინც უნდა მიმოვიხილოთ ეს პერიოდი.
ყველამ ვიცით, რა მოხდა საბჭოთა კავშირსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ომის შემდგომ პერიოდში: სისტემატური ძალადობა, მხეცობა, თავისუფალი აზრის ჩახშობა. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის დადგენილი და დადასტურებული.
ვფიქრობ, რომ აშშ-ს მაშინდელი დანაშაულებრივი მოქმედება მხოლოდ ზედაპირულად არის გაშუქებული. არც დოკუმენტური მასალა, არც აღიარებული ბოროტმოქმედება (თუკი საერთოდ თვლიან ამას ბოროტმოქმედებად)! ეს უნდა ითქვას, და ეს სიმართლე უშუალოდ უკავშირდება დღევანდელ მსოფლიოს. მართალია, აშშ-ს გარკვეულწილად ზღუდავდა საბჭოთა კავშირის არსებობა, მაგრამ მისი იმდროინდელი ქმედებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნათლად მოწმობს, რომ ის თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა.
აშკარა ინტერვენცია სუვერენულ სახელმწიფოში, ფაქტიურად, არასდროს ყოფილა ამერიკის ჩვეული მეთოდი. ის იმას უფრო ანიჭებს უპირატესობას, რასაც თავად "დაბალი ინტენსიურობის კონფლიქტს" უწოდებს. "დაბალი ინტენსიურობის კონფლიქტში" კი ის უნდა ვიგულისხმოთ, რომ ათასობით ადამიანი კვდება, კვდება ნელა, დიდხანს და არა ისე, როგორც მხეცური დაბომბვის დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს გული დააავადო, ხელი შეუწყო იქ ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას და თვალი ადევნო მის ლპობას. და მაშინ, როცა მოსახლეობა დამორჩილებული ანდა სასიკვდილოდ განწირულია (ეს ხომ, ფაქტიურად, ერთი და იგივეა) და როცა ძალაუფლებას შენი საკუთარი მეგობრები, სამხედროები და დიდი კორპორაციების მფლობელები დაპატრონებიან, შენ კამერის წინ აცხადებ, რომ დემოკრატია ზეიმობს. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავი იყო იმ წლების ამერიკის საგარეო პოლიტიკაში.
როგორ შემიძლია გვერდი ავუარო ნიკარაგუას ამბებს. ეს ხომ იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ წარმოედგინა ამერიკას საკუთარი როლი - მაშინაც და ახლაც.
1980-იანი წლების მიწურულს ლონდონში აშშ-ს საელჩოში სხდომას ვესწრებოდი.
აშშ-ს კონგრესს უნდა გადაეწყვიტა, დამატებით დაეფინანსებინა თუ არა "კონტრას" კამპანია ნიკარაგუას წინააღმდეგ. მე იმ დელეგაციის წევრი გახლდით, რომელიც ნიკარაგუას სახელით ლაპარაკობდა, მაგრამ ამავე დელეგაციის გაცილებით მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო ღირსი მამა ჯონ მეტკალფი. აშშ-ს კორპუსის ლიდერი იყო რაიმონდ საიცი (მაშინ მეორე კაცი ელჩის შემდეგ, მოგვიანებით - თავად ელჩი). ღირსმა მამა მეტკალფმა გვითხრა:
"ბატონებო, მე ნიკარაგუას ჩრდილოეთ მხარეში ვმოღვაწეობ. ჩემმა მრევლმა ააშენა სკოლა, ჯანმრთელობისა და კულტურის ცენტრები. ჩვენ მშვიდად ვცხოვრობდით, მაგრამ რამდენიმე თვის უკან "კონტრას" ძალებმა იერიში მიიტანეს ჩემს სამწყსოზე. ყველაფერი გაანადგურეს - სკოლაც და ჯანმრთელობისა და კულტურის ცენტრებიც. ძალა იხმარეს მომვლელებსა და მასწავლებლებზე, მხეცურად ამოხოცეს ექიმები. ნამდვილ ველურებივით იქცეოდნენ. გთხოვთ, აუკრძალოთ აშშ-ს მთავრობას ამ თავზარდამცემი ტერორისტული აქტების მხარდაჭერა."
რაიმონდ საიცი ერთობ გონიერი, სანდო და გამოცდილი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობდა. მას დიდად სცემდნენ პატივს დიპლომატიურ წრეებში. მან მოუსმინა სასულიერო პირს, წამით დაფიქრდა და დინჯად მიუგო: "მამაო, ერთ რამეს გეტყვით. ომის დროს ყოველთვის უდანაშაულონი ისჯებიან." დარბაზი გაირინდა. ყველა საიცს შევყურებდით, მას კი წარბიც არ შეუხრია.
უდანაშაულონი მართლაც ყოველთვის ისჯებიან.
ბოლოს ვიღაცამ თქვა: "მაგრამ ამ შემთხვევაში უდანაშაულო ხალხი თქვენი მთავრობის მხარდაჭერით ჩადენილ ერთ-ერთ მხეცურ ქმედებას ემსხვერპლა. თუ კონგრესი კვლავაც გამოუყოფს "კონტრას" თანხებს, კიდევ არაერთი ასეთი ძალადობის მოწმენი გავხდებით. განა ასე არ არის? განა თქვენი მთავრობა დანაშაულს არ სჩადის, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეთა დარბევა-ამოჟლეტას უჭერს მხარს?"
საიცს არც ამჯერად შეუხრია წარბი, შესაშურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა: "არა მგონია, აქ წარმოდგენილი ფაქტები რაიმეს ამტკიცებდეს".
როდესაც საელჩოდან გავდიოდით, ერთმა ამერიკელმა სამხედრომ მითხრა, ძალიან მომწონს თქვენი პიესებიო. მე მისთვის ხმა არ გამიცია.
უნდა შეგახსენოთ, რომ იმხანად პრეზიდენტმა რეიგანმა განაცხადა, "კონტრა" ჩვენი ქვეყნის მამამთავრების მორალური ეკვივალენტიაო.
40 წლის მანძილზე უჭერდა აშშ მხარს ნიკარაგუაში სომოზას სასტიკ დიქტატურას. ნიკარაგუელმა ხალხმა ეს რეჟიმი 1979 წელს დაამხო სანდანისტების მეთაურობით. მან უდავოდ დიდი რევოლუცია მოახდინა.
იმასაც ვიტყვი, რომ სანდანისტები ანგელოზები არ ყოფილან. ზედმეტი თავდაჯერებულობით გამოირჩეოდნენ და მათი პოლიტიკური ფილოსოფია მთელ რიგ ურთიერთგამომრიცხავ ელემენტებს შეიცავდა, მაგრამ გონიერი და ცივილიზებული ხალხი ნამდვილად იყო. მათ სტაბილური, პლურალისტური საზოგადოება შექმნეს, გააუქმეს სიკვდილით დასჯა; ასობით ათასმა ღარიბ-ღატაკმა გლეხმა შვებით ამოისუნთქა; ასი ათას ოჯახს გადაეცა მიწა დასამუშავებლად; აშენდა 2000 სკოლა. შესანიშნავმა საგანმანათლებლო კამპანიამ ქვეყანაში წერა-კითხვის უცოდინართა რიცხვი საგრძნობლად შეამცირა (მოსახლეობის 1/7-მდე); განათლება და სამედიცინო მომსახურება უფასო გახდა; სამჯერ შემცირდა სიკვდილიანობა ბავშვთა შორის; ძირფესვიანად ამოიძირკვა პოლიომიელიტი.
აშშ-მ ეს ყველაფერი მარქსისტულ-ლენინურ მავნებლობად მონათლა. ამერიკის მთავრობა შეშფოთდა: თუკი ნიკარაგუას ნება მიეცა დაედგინა სოცილურ-ეკონომიკური სამართლიანობის ნორმები, აემაღლებინა ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სტანდარტები, მიეღწია სოციალური ერთიანობისთვის და დაემკვიდრებინა ეროვნული ღირსების გრძნობა, რა გასაკვირი იქნებოდა, მის მეზობელ ქვეყნებსაც რომ აემაღლებინათ ხმა. აშშ, ცხადია, ყოველ ღონეს იხმარდა, ელ სალვადორსაც რომ არ მიებაძა ნიკარაგუასთვის.
წეღან ვახსენე "სიცრუეთა ქსელი," რომელშიც თავფეხიანად ვართ გახლართული. პრეზიდენტმა რეიგანმა ნიკარაგუას, არც მეტი, არც ნაკლები, "ტოტალიტარული საპყრობილე" უწოდა. ეს მაშინვე აიტაცა მასმედიამ და ბრიტანეთის მთავრობამ და უტყუარ და სამართლიან დახასიათებად მიიჩნია. არადა, სანდანისტური რეჟიმის პერიოდში არანაირ ხოცვა-ჟლეტას არ ჰქონია ადგილი; არ ყოფილა წამების შემთხვევა; არ მომხდარა სისტემატური და ოფიციალური სამხედრო ძალადობა: ნიკარაგუაში არავინ ხოცავდა სასულიერო პირებს. ის კი არადა, ფაქტიურად, მთავრობაში სამი მღვდელიც იყო - ორი იეზუიტი და ერთიც მისიონერი. სადაც სამართალია, ტოტალიტარული საპყრობილეები იქვე, მეზობლად იყო - სალვადორსა და გვატემალაში. აშშ-მ 1954 წელს დაამხო გვატემალაში დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობა და როგორც ცნობილია, ამის შედეგად ხელისუფლებაში მოსულ სამხედრო რეჟიმებს 200 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
1989 წელს ექვსი საქვეყნოდ ცნობილი იეზუიტი მხეცურად იქნა მოკლული სან სალვადორის ცენტრალურ ამერიკულ უნივერსიტეტში ალკატლის ბატალიონის მიერ, რომელიც წვრთნას აშშ-ში გადიოდა - ჯორჯიაში, ფორტ ბენინგში. მამაცი ადამიანი, არქიეპისკოპოსი რომერო ვერაგულად მოკლეს მესის დროს. დაიღუპა 75 000 ადამიანი. რატომ დახოცეს ეს ხალხი? პასუხი ერთია: მათ სჯეროდათ, რომ შეიძლებოდა ცხოვრების გაუმჯობესება. ასეთმა რწმენამ ისინი დაუყოვნებლივ კომუნისტების რიცხვს მიათვალა. ისინი იმიტომ მოკლეს, რომ გაბედეს და ხმა აიმაღლეს არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ, სამართლიანად იბრძოდნენ სიღატაკის, ეპიდემიების, დეგრადაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.
აშშ-მ, ბოლოს და ბოლოს, დაამხო სანდანისტების მთავრობა. მართალია, ამას რამდენიმე წელი მოანდომა და დიდ წინააღმდეგობასაც წააწყდა, მაგრამ გაუსაძლისმა ეკონომიკურმა ძალადობამ და 30 000 ადამიანის დაღუპვამ სულიერად გატეხა ნიკარაგუელი ხალხი. კვლავ სიღატაკეში ჩაცვივდნენ, კვლავ ამოერთვათ სული. ქვეყანაში გაიხსნა კაზინოები და წერტილი დაესვა უფასო ჯანდაცვასა და განათლებას. დიდებით დაბრუნდა დიდი ბიზნესი. "დემოკრატიამ" იზეიმა!
ასეთი "პოლიტიკა" მარტო ცენტრალური ამერიკის მიმართ როდი გამოიყენებოდა. არა, მან მთელი მსოფლიო მოიცვა და დასასრულიც არ უჩანს. შთაბეჭდილებას კი ისეთს გვიქმნიან, თითქოს მსგავსი არაფერი მომხდარიყოს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ მხარს უჭერდა და უმეტეს შემთხვევაში თავადვე უდგამდა სულს ყველა მემარჯვენე სამხედრო დიქტატურულ რეჟიმს მთელ მსოფლიოში. გაიხსენეთ ინდონეზია, საბერძნეთი, ურუგვაი, ბრაზილია, პარაგვაი, ჰაიტი, ფილიპინები, გვატემალა, ელ სალვადორი და, რა თქმა უნდა, ჩილე. არ შეიძლება იმ საშინელების პატიება, რაც აშშ-მ 1973 წელს დაატეხა თავს ჩილეს; ამ დანაშაულს ის ვერასდროს გამოისყიდის.
ზემოხსენებულ ქვეყნებში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. მოხდა თუ არა ეს? ახასიათებს თუ არა ასეთი რამ აშშ-ს საგარეო პოლიტიკას? პასუხი ერთია: დიახ, ეს მოხდა, ხალხი გაიჟლიტა და ეს ჩვეულებრივი ამბავია აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის. მაგრამ ვითომც არაფერი!
თითქოს არაფერი მომხდარა. არასდროს. თურმე მაშინაც კი არ ხდებოდა, როცა ხდებოდა! ბევრს არაფერს ნიშნავდა, უმნიშვნელო რამ გახლდათ. აშშ-ს დანაშაულებრივი მოქმედება სისტემატური იყო, აულაგმავი, სასტიკი და არაადამიანური, მაგრამ ამაზე ძალიან ცოტა თუ ლაპარაკობდა. ეს მართლაც არ უნდა დავუკარგოთ ამერიკას. საყოველთაო ბედნიერებისთვის მებრძოლის ნიღაბს ამოფარებული, ის მთელ მსოფლიოში უმსგავსოდ მანიპულირებდა საკუთარი ძალაუფლებით. ის ხომ ჰიპნოზის დიდოსტატია.
აშშ უდავოდ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეა. კი არის ულმობელი, გულცივი, სასტიკი, მაგრამ ჭკვიანიც გახლავთ. და კიდევ ერთობ თავისებური მოვაჭრეა: ის წარმატებით ვაჭრობს საკუთარი თავის სიყვარულით. და გამარჯვებულიც ის არის. დააკვირდით, რამდენჯერ ახსენებენ "ამერიკელ ხალხს" ტელევიზორის ეკრანიდან ამერიკის პრეზიდენტები: "მივმართავ ამერიკელ ხალხს, რომ დადგა ლოცვისა და ამერიკელი ხალხის უფლებათა დაცვის ჟამი და მე ვთხოვ ამერიკელ ხალხს, ენდოს თავის პრეზიდენტს და მხარი დაუჭიროს მის ქმედებას, რომელიც ამერიკელი ხალხის საკეთილდღეოდ არის მიმართული."
ბრწყინვალე ფანდია! აქ ენა აზრის დასაფარავად გამოიყენება. სიტყვები "ამერიკელი ხალხი" კარგი სატყუარაა. ბევრი ფიქრი არ სჭირდება კაცს. გადაწექი ბალიშზე და მიეცი ნეტარებას! მერე რა, რომ ეს ბალიში ახშობს შენს აზროვნებას, შენს უნარს კრიტიკულად შეაფასო მოვლენები, სამაგიეროდ მოხერხებული ხომ უდავოდ არის! მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება 40 მილიონ ღარიბ-ღატაკს და იმ 2 მილიონ ქალსა და მამაკაცს, ამერიკის საპყრობილეებში რომ იტანჯება.
აშშ აღარ დაგიდევთ დაბალი ინტენსივობის კონფლიქტებს. აღარაფერში სჭირდება თავშეკავება ან რაიმეს მიკიბ-მოკიბვა. ის ახლა თამამად მოქმედებს, უშიშრად და დაუფარავად. აშშ-ს, უბრალოდ, არ ანაღვლებს არც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, არც საერთაშორისო კანონმდებლობა და არც განსხვავებული აზრი. ამ უკანასკნელს უსუსურად და უადგილოდ მიიჩნევს. გარდა ამისა, მას ერთი პატარა ბეკეკაც ჰყავს, რომელსაც საბელით მიათრევს და რომელიც ერთობ საწყალობელი და ინერტული ვინმეა: დიდი ბრიტანეთი.
სად არის ჩვენი მორალი? ოდესმე კი გვქონია ასეთი რამ? რას ნიშნავს ეს სიტყვა? აქვს მას რაიმე კავშირი დღესდღეობით იშვიათად გამოყენებულ ტერმინთან - "სინდისი?" სინდისთან, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ საკუთარ, არამედ სხვათა მოქმედებასაც აკონტროლებს? ნუთუ მოკვდა ეს ყველაფერი! აი, თუნდაც გუანტანამოს ყურე ავიღოთ. სამი წლის მანძილზე იქ ასეულობით ადამიანია დაპატიმრებული - ბრალწაუყენებლად, გაუსამართლებლად. ფაქტიურად, იმ ხალხს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ამ აშკარა უკანონობის ჩამდენნი არ დაგიდევენ ჟენევის კონვენციას. და ე. წ. "საერთაშორისო საზოგადოებაც" არა მარტო უშვებს ამ უკანონობას, არამედ საერთოდ ხუჭავს მასზე თვალს. ეს დანაშაულებრივი ძალადობა ჩაიდინა ქვეყანამ, რომელიც საკუთარ თავს "თავისუფალი სამყაროს ლიდერად" ასაღებს. ვფიქრობთ გუანტანამოს ყურეს მცხოვრებლებზე? რას გვაუწყებს მათზე მასმედია? მხოლოდ შიგადაშიგ თუ გაგვაბედნიერებს მწირი ცნობებით. ის ხალხი კი გადაგზავნილია ამ უკონტროლო ადგილას, საიდანაც ალბათ დაბრუნება აღარ უწერია. ახლა იმ ადამიანებმა შიმშილობა გამოაცხადეს და მათ იძულებით კვებავენ - მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეებსაც. ცუდის მეტს ვერაფერს ვიტყვი ამ იძულებით კვებაზე. მათ არც ტკივილგამაყუჩებელს აძლევენ და არც ანესთეზიას უკეთებენ. მილაკს ჩასჩრიან ცხვირში და ხახაში და სულ ეს არის! ისინი კი სისხლს არწყევენ. განა ეს წამება არ არის? რა გვითხრა ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა? რა და არაფერი. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რაღას ამბობს? ისიც არაფერს. რატომ დუმან? იმიტომ, რომ აშშ-მ გააფრთხილა: "გუანტანამოში ჩვენი მოქმედების გაკრიტიკება არამეგობრული საქციელია. ან ჩვენთან უნდა იყოთ, ან ჩვენს წინააღმდეგ"-ო. ჰოდა, ბლერმაც პირში წყალი ჩაიგუბა.
ერაყზე თავდასხმა ბანდიტური აქცია გახლდათ, აშკარა გამოვლინება სახელმწიფო ტერორიზმისა, რომელიც შეურაცხყოფს საერთაშორისო სამართალს. ერაყში შეჭრა თვითნებური სამხედრო ოპერაცია იყო - უტიფარი სიცრუის, დამორჩილებული მასმედიისა და საზოგადოების მიერ ინსპირირებული. ამ აქციის მიზანია ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური კონტროლის გაძლიერება შუა აღმოსავლეთზე. აშშ-ს ამ შემთხვევაში განმათავისუფლებლის ნიღაბი აუფარებია (ეს არის თავის მართლების უკანასკნელი საშუალება - ყველა სხვა დანარჩენმა არ გაამართლა). ამას ვუწოდებ სამხედრო ძალის საზარელ გამოვლინებას, რომლის სინდისზეც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი და დასახიჩრებაა.
ჩვენ ერაყელ ხალხს დავაყარეთ კასეტური ყუმბარები, გაღარიბებული ურანი, თავს დავატეხეთ უბედურება, წამება, განუკითხავი ხოცვა-ჟლეტა, დეგრადაცია და ყველაფერ ამას "შუა აღმოსავლეთში თავისუფლებისა და დემოკრატიის დამყარებას" ვარქმევთ.
ბოლოს და ბოლოს, რამდენი ადამიანი უნდა მოკლა, მასობრივი მკვლელი და სამხედრო დამნაშავე რომ გიწოდონ? ასი ათასი? გარწმუნებთ, ეს საკმარისზე მეტია. სწორედ ამიტომ უნდა წარდგნენ ბუში და ბლერი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. მაგრამ ბუში ჭკვიანია: ბლერისაგან განსხვავებით, მას არ მოუხდენია საერთაშორისო სასამართლოს რატიფიკაცია. ამიტომ თუ რომელიმე ამერიკელი ჯარისკაცი ან პოლიტიკოსი აღმოჩნდება საბრალდებულო სკამზე, ბუში მაშინვე ძალას მიმართავს. აი, ტონი ბლერის გასამართლება კი შეიძლება. თუ სასამართლოს სურს, შემიძლია მისი მისამართიც გავუმხილო: ლონდონი, დაუნინგ სტრიტ №10.
ამ შემთხვევაში ბუშსა და ბლერს ნაკლებ ადარდებთ დახოცილი ადამიანები. მათ ეს მეორეხარისხოვან საკითხად აქციეს. ვიდრე ერაყში ამბოხება დაიწყებოდა, ამერიკულმა ყუმბარებმა და რაკეტებმა სულ ცოტა 100 000 ერაყელი მაინც იმსხვერპლა. იმ ხალხზე არავინ ლაპარაკობს. ვითომ არც მოუკლავთ. არსად არის დაფიქსირებული მათი სიკვდილი. "ჩვენ არ ვითვლით მიცვალებულებს," განაცხადა ამერიკელმა გენერალმა ტომი ფრენკსმა.
სულ ცოტა ხნის შეჭრილი იყო აშშ ერაყში, როცა ბრიტანული გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა ტონი ბლერის ფოტო, რომელიც ერაყელ ბიჭუნას ლოყაზე კოცნის. "მადლიერი ბავშვი" - ასეთი გახლდათ მინაწერი. რამდენიმე დღის შემდეგ კი გაზეთის შიდა გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო სხვა ოთხი წლის ბიჭისა, რომელსაც ორივე ხელი ჰქონდა მოწყვეტილი. გაზეთი გვამცნობდა, რომ მისი ოჯახი აფეთქებას ემსხვერპლა და ის იყო ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი. "როდის დამიბრუნებენ ხელებს?" კითხულობდა ბიჭუნა. ამაზე კომენტარი არ გაკეთებულა. დიახ, ის ბავშვი არ ჰყავდა ხელში აყვანილი ტონი ბლერს, არც სხვა დასახიჩრებული პატარა, არც ვინმეს გასისხლიანებული გვამი აეხუტებინა გულზე. სისხლი ბინძურია! ის გისვრის პერანგსა და ჰალსტუხს, როდესაც ტელეეკრანიდან გულწრფელი სიტყვით მიმართავ მაყურებელს.
2000 მოკლული ამერიკელი დიდ უხერხულობას ქმნის. მათ ღამით მარხავენ. პანაშვიდებიც უხმაუროა (შორს ცოდვისგან!). დასახიჩრებულნი თავიანთ საწოლებში ლპებიან - ზოგიერთ მათგანს წამოდგომა აღარ უწერია. ასე რომ, მკვდრებიც ლპებიან და სახიჩარნიც, ოღონდ განსხვავებულ საფლავებში.
გთავაზობთ ნაწყვეტს პაბლო ნერუდას ლექსიდან "ახლა ცოტა რამ უნდა აგიხსნათ":
ერთ დილას ცეცხლი ეკიდა ზეცას,
ათასმა კოცონმა იფეთქა ერთად
და შთანთქა ყველა დაბადებული.
მერე სულ იყო ცეცხლის ენები,
იყო დენთი და იყო სისხლი.
სიკვდილის მაცნე თვითმფრინავიდან,
სიკვდილის მაცნე - ხელბეჭდიანი,
ფარჩით მოსილი.
შავი ბერები ლოცვას გვითვლიდნენ,
ციდან გვიკლავდნენ ბავშვებს.
ბავშვების სისხლი ქუჩებს ღებავდა,
მიწანწკარებდა ნელა, მორჩილად,
სულ ისე, როგორც ბავშვების სისხლი.
ტურები, ტურებს რომ ეჯავრებათ,
ქვები, ეკლებიც რომ ვერ იტანენ,
გველები, გველებს რომ ეზიზღებათ.
მე და შენ ვნახეთ
ესპანური სისხლის მდინარეები,
სისხლის ტალღებმა
გშთანთქეს და გაგანადგურეს.
თქვენ გეუბნებით,
მოღალატე გენერლებო:
მოდით და ნახეთ
ჩემი სახლი იავარქმნილი,
მოდით და ნახეთ
ესპანეთი აოტებული:
ყველა ფანჯრიდან ყვავილთა ნაცვლად
ალმოდებული ლითონი ცვივა.
ორმოდ ქცეულა ესპანეთი.
მოკლულ ბავშვთაგან იარაღი იბადება,
დანაშაული კი ტყვიას ბადებს,
ერთ დღეს გულში რომ დაგეძგერებათ.
და მეკითხებით:
თუ პოეტი ხარ, რად არ უმღერი
სიზმრებს და ფოთლებს,
რად არ უმღერი შენი ქვეყნის
ცნობილ ვულკანებს?
მოდით და ნახეთ სისხლი ქუჩებში.
მოდით და ნახეთ
ქუჩებში სისხლი.
მოდით და ნახეთ
სისხლი ქუჩებში.
ნერუდას ლექსიდან ნაწყვეტი იმიტომ კი არ შემოგთავაზეთ, რომ რესპუბლიკური ესპანეთი სადამ ჰუსეინის ერაყისთვის შემედარებინა. ეს ლექსი მხოლოდ იმიტომ შეგახსენეთ, რომ თანამედროვე პოეზიაში, მგონი, არავის შეუქმნია მოსახლეობის დაბომბვის ასეთი შთამბეჭდავი სურათი.
ზემოთ შევნიშნე, აშშ ახლა უკვე ღიად მოქმედებს-მეთქი. მართლაც ასეა. მისი ოფიციალური პოლიტიკა ამჟამად "ყოვლისმომცველ დომინირებად" მოიხსენიება. ჩემი მოგონილი ტერმინი არ გეგონოთ: ეს მათი ტერმინია და მთელ მიწა-წყლზე, ჰაერზე, კოსმოსზე, ყველა რესურსზე კონტროლის დაწესებას ნიშნავს.
აშშ ახლა 702 სამხედრო ობიექტსა ფლობს 132 ქვეყანაში (მხოლოდ შვედეთია ბედნიერი გამონაკლისი). გაურკვეველია, როგორ მოხვდა იმ ქვეყნებში, მაგრამ ფაქტია, იქ არც თუ ურიგოდ გრძნობს თავს.
აშშ-ს საბრძოლო მზადყოფნაში აქვს 8000 ბირთვულ ქობინიანი რაკეტა. მათგან 2000 უკვე შემართულია: 15 წუთი თუ სჭირდება მათ ამოქმედებას. ეს გახლავთ ბირთვული იარაღის ახალი, გაუმჯობესებული სისტემა და მას "ბუნკერის გამანადგურებელი" ეწოდება. და ბრიტანეთიც, არასდროს რომ ეუბნება აშშ-ს უარს თანამშრომლობაზე, მზად არის შეცვალოს საკუთარი ბირთვული რაკეტა "ტრაიდენტი." ნეტავ ვიცოდე, ვის უმიზნებენ! უსამა ბინ ლადენს? მე? შენ? იმას? ჩინეთს? პარიზს? მოდი და გაიგე! ერთი კი ცხადია: ეს ინფანტილური შეშლილობა ანუ ჩვენი დაშინება ბირთვული იარაღით ამერიკის თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის ამოსავალი წერტილია. უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ მუდამ სამხედრო მზადყოფნაშია და არც აპირებს დაძაბულობის შესუსტებას.
თავად აშშ-ს ათასობით (თუ არა მილიონობით) მოქალაქე გაბეზრებული, დარცხვენილი და განრისხებულია საკუთარი მთავრობის მოქმედებით. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ადამიანები ჯერ არ ქცეულან ერთიან პოლიტიკურ ძალად. თუმცაღა, როგორც ჩანს, ეს დღითი დღე მზარდი მღელვარება და შეშფოთება აღარ შენელდება.
ჩემთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტ ბუშს Hჰყავს მთელი რიგი კომპეტენტური ადამიანებისა, რომლებიც მოხსენებებს უწერენ. სიამოვნებით შევთავაზებდი ჩემს სამსახურსაც - აი, თუნდაც ასეთ მოკლე სატელევიზიო მიმართვას (თითქოს უკვე ვხედავ მას ტელეეკრანზე: დინჯია, საგულდაგულოდ თმადავარცხნილი, თავდაჯერებული, გულწრფელი, შიგადაშიგ მაამებელი, მზაკვრულად მომღიმარე, სიმპათიური... ერთი სიტყვით, კაცური კაცი):
"ღმერთი სახიერია. ღმერთი დიდია. ღმერთი სახიერია. ბინ ლადენის ღმერთი კი ცუდია. ის ცუდი ღმერთია. სადამის ღმერთიც ცუდი იყო, თუკი საერთოდ ჰყავდა ასეთი. სადამი ბარბაროსია. ჩვენ არა ვართ ბარბაროსები. ჩვენ ადამიანებს თავებს არ ვაყრევინებთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ღმერთსაც უნდა. მე არა ვარ ბარბაროსი. მე ვარ მშვიდობისმოყვარე დემოკრატიის მიერ დემოკრატიული გზით არჩეული ლიდერი. ჩვენ გულჩვილი საზოგადოება ვართ. გულჩვილად ვაგზავნით ადამიანებს ელექტროსკამზე და გულჩვილად ვუშხაპუნებთ სასიკვდილო ინექციას. ჩვენ დიადი ერი ვართ. მე არა ვარ დიქტატორი. ის კი არის. მე არა ვარ ბარბაროსი. ის კი არის. ის ნამდვილი ბარბაროსია. ისინი ყველანი ბარბაროსები არიან. მე ვფლობ მორალურ ავტორიტეტს. ამ მუშტს ხედავთ? აბა, უსუნეთ."
მწერალი ადვილად მოწყვლადი, თითქმის უმწეო არსებაა. მაგრამ ამაზე არ უნდა ვიწუწუნოთ. მწერალი აკეთებს საკუთარ არჩევანს და მას ვეღარსად გაექცევა. ფაქტია, რომ მწერალი დაუცველია, ქარი მას ყოველი მხრიდან უტევს - ზოგჯერ მართლაც საკმაოდ სუსხიანი. მწერალს სულ რაღაც ემუქრება, სულ საფრთხე ელის. ვერც თავშესაფარს ჰპოვებს და არც არავინ დაიცავს... რა თქმა უნდა, თუ არ იცრუა. თუკი იცრუებს, მაშინ მფარველიც გამოუჩნდება და, შესაძლოა, პოლიტიკოსობასაც გამოჰკრას ხელი.
ამ საღამოს რამდენჯერმე ვახსენე სიკვდილი. ახლა კი ჩემ საკუთარ ლექსს შემოგთავაზებთ. მისი სათაურია "სიკვდილი."
სად იპოვეს მოკლული?
ვინ იპოვა მოკლული?
როცა იპოვეს, მართლა მკვდარი იყო მოკლული?
როგორ იპოვეს მოკლული?
ვინ იყო ის მოკლული?
ვინ იყო მიტოვებული მოკლულის
მამა, შვილი, ძმა,
ან ბიძა, ან დედა?
მკვდარი იყო მოკლული, როცა მიატოვეს?
მიატოვეს მოკლული?
ვინ მიატოვა?
მოკლულის სხეული შიშველი იყო,
თუ სამოგზაუროდ გამოწყობილი?
რამ გაიძულათ მოკლულის მკვდრად გამოცხადება?
გამოაცხადეთ მოკლული მკვდრად?
კარგად იცნობდით მოკლულს?
რა იცით, რომ მოკლული მოკვდა?
განბანეთ მოკლულის სხეული,
დაუხუჭეთ მოკლულს თვალები,
დამარხეთ მოკლული,
თუ მიატოვეთ?
ეამბორეთ მოკლულის სხეულს?
როდესაც სარკეში ვიყურებით, გვეჩვენება, რომ გამოსახულება ზუსტია, მაგრამ, აბა ერთი მილიმეტრით მაინც გაიწიეთ განზე და ნახავთ, როგორ შეიცვლება ის. ჩვენ, ფაქტიურად, ანარეკლთა უსასრულო ჯაჭვს შევყურებთ. მწერალმა ზოგჯერ უნდა დაამსხვრიოს სარკე, რადგან ჭეშმარიტება შეიძლება სარკის მიღმა იმალებოდეს.
მჯერა, რომ არსებულ უთანხმოებათა მიუხედავად, ჩვენი, როგორც მოქალაქეების მტკიცე, ურყევი და მარადიული ვალია ჩვენი ცხოვრებისა და ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სურათის წარმოჩენა. ფაქტიურად, სხვა გამოსავალი არც გვაქვს.
თუ ჩვენ პოლიტიკურ შეხედულებებში არ აისახება ასეთი ნება, მაშინ არც იმის დაბრუნების რაიმე იმედი უნდა გვქონდეს, რაც თითქმის დავკარგეთ კიდეც - ადამიანური ღირსების.