Litclub.ge

დამოძღვრის ბალადა (მთარგმნელი: დავით წერედიანი)
უგნურნი, ტრელნი, წბილნი,
ხელმრუდენი, გზაბრუდენი,
ვინც ადგახართ ცოდვის ბილიკს,
წაღმართისკენ არ ბრუნდებით,
მოდით გონზე, თორემ ვინძლო
სახრჩობელამ გიმასპინძლოთ.
განა ცოტა თქვენთაგანი
სამარცხვინოდ დაისაჯა,
გულში შურით, ხელში დანით
ვინც დააცხრა სხვათა ნაჯაფს.

სანამ გვიყვარს ძმა და თვისი,
ძნელსათმენსაც ვითმენთ მანამ,
თორემ განა ჩვენ არ ვიცით,
დილეგია ეს ქვეყანა.
გზვერავს შლეგი, სად და რა დროს
გეცეს, ყელი გამოგღადროს.
ღმერთს მაშინღა გაიხსენებს,
როცა თოკი ცისკენ ქაჩავს.
ო, რა მწარედ იმტვრევს ხელებს,
ვინც დააცხრა სხვათა ნაჯაფს.

შხამის ლესვა, ყაჩაღობა,
გული ხელით, სული კბილით,
,,არ დამასწრონ”! _ უნდო ყოფა,
,,არ წამასწრონ”! _ უნდო ძილი
ნუთუ გვიღირს? ნუთუ გვიღირს
ვამჯობინოთ გმინვა ღიღინს?
არა! ღმერთში დაემტკიცეთ!
სინანული - ცრემლი - აჯა! 
ბოლო-ბოლო, თავში იცემს,
ვინც დააცხრა სხვათა ნაჯაფს.

ვიყოთ მშვიდად, ვიყოთ ძმები,
ისიც გვყოფნის გასაძლები,
იოლ ბრუნავს მართლის გზები,
ონავრისა - ღმერთმა ხვანჯა!
ნუ გგონიათ, ასცდეთ ხიფათს,
ია-ვარდი არვინ კრიფა, 
ვინც დააცხრა სხვათა ნაჯაფს!.