Litclub.ge

უჩემოდ
უჩემოდ
ნაპირს ხომალდები სცილდებიან,
ტოვებენ მიწას ნაძვებიანს, შინდებიანს.
ცხვირსახოცები ფართქალებენ თოვლისფერნი,
როგორც უეცრად შეპყრობილი თოლიები.
უჩემოდ 
ქოჩორს ყვავილებით იჭრელებენ,
სვანეთის მთებში ხეებს ჭრიან ტყისმჭრელები.
ხეს აშიშვლებენ - ნაჯახია დია ცივი, - 
ხე ენგურს მკერდში უგორდება დიაცივით.
უჩემოდ
აფრებს აუშვებენ ადრიანად,
მთვარე აშუქებს ნავს, მებადურს ბადიანა,
თევზი ბზრიალებს და ვარდება კაშკაშითა,
ვით სატევარი ამომხტარი ქარქაშიდან,
უჩემოდ
ჩნდება ქალაქები ტაიგაში,
მშენებლებს მთებშიც ტაშს უკრავენ, - აი, ტაში!
მნგრეველი შრომობს მაღაროში, ვითა ლომი,
და ლაღუმებით ინგრევიან პიტალონი.
მენავეებო, ტყისმჭრელებო, მეთევზენო,
მეზღვაურებო, მნგრეველებო, მხვნელ-მთესველნო,
უჩემოდ ღმერთმა მოგიმართოთ გზა და კვარი,
უთქვენოდ ქვეყნად რა მიშველის, რა წამალი!
უთქვენოდ ყველგან თქვენზე ფიქრი მე მაწვალებს
და თუ უჩემოდ ჩემზე ფიქრობთ, - გენაცვალეთ!