ოხ, სიყვარულო,
მშვენიერო ქალბატონო,
კარიდან კარზე მოსიარულევ,
გულიდან გულში მოხეტიალევ,
შენთვის ღიაა ყველა გული,
კარი - ყოველი;
აქ, ამ სოფელში,
ერთადერთი სასურველი ხარ საპატარძლო,
უთვალავი გყავს ხელის მთხოველი.
შენ შეგიძლია
ერთდროულად ათას კაცთან იქორწინო, ივნებიერო,
გახელებული სუნთქვითა და
გაწყვეტამდე დაჭიმულ ლაგამს ჩაფრენილი ნაზი ხელებით.
ცრემლები შენი მოგონილია,
ათასჯერაც რომ აგვაცრემლო - ვერ შეგელევით.
ჩვენა ვართ შენზე მონადირენი,
თოფს არ გესვრით,
ხმალს არ დაგცემთ,
მხოლოდ ცოცხალი და უვნებელი გვსურხარ, გვჭირდები!
არ შეგიძლია
საუკუნოდ ერთ ვინმეზე რომ დაიწინდო,
ბეჭდების ბორკილს ვერ აიტანს შენი თითები.
გინდ ნელა ჰფრენდე პეპელასავით,
მაინც ძნელია შენი დაჭერა
თვით ფეხმალმა მორბენალმაც რომ
დაუზოგავად გდიოს და გდიოს.
ბოლოსდაბოლოს
ყველა საკნიდან თავს დაიძვრენ,
ყველა ჯალათს გაექცევი,
ვერვინ შეიძლო
გულის დილეგში სამუდამოდ რომ დაგამწყვდიოს.
ოხ, სიყვარულო...
ჩემი ბავშვობის მეგობარო, დაქალებულო,
მოგიტევე ყველა ღალატი - შენ ერთს რომ გშვენის...
დაბრუნდი ისევ,
რომ წიგნის ყდაზე, ისე როგორც სახლის კარებზე,
საკუთარი გვარის ნაცვლად ამოვტვიფრო სახელი შენი...