Litclub.ge

ყვავილების სახლი
ოტილის შეეძლო პორტ-ო-პრენსის უბედნიერესი გოგო ყოფილიყო. აკი ბეიბიმაც ურჩია, ყველაფერს ანგარიშიანად უნდა უყუროო.
_ მაინც რას? _ ჩაეკითხა ოტილი, რადგან პატივმოყვარე გახლდათ და ქათინაურები ერჩივნა ლორსა თუ სუნამოს.
_ რასა და შენს გარეგნობას, _ მიუგო ბეიბიმ, _ მშვენიერი ღია ფერის კანი გაქვს, თვალებიც _ თითქმის ლურჯი და ასეთი ლამაზი, ეშხიანი სახე. ამ გზაზე სხვა რომელ გოგოს ჰყავს შენსავით ერთგული კლიენტები, მათგან ყოველი მზადაა იმდენი ლუდი გიყიდოს, რამდენის დალევასაც შეძლებ.
ოტილიმ აღიარა, მართალიაო, და ღიმილით მოჰყვა თავისი მონაგების ჩამოთვლას:
_ აბრეშუმის ხუთი კაბა მაქვს და მწვანე ატლასის წყვილი ფეხსაცმელი, სამი ოცდაათიათასფრანკიანი ოქროს კბილი და იქნებ მისტერ ჯემისონმა ან ვინმე სხვამ ერთი სამაჯურიც მაჩუქოს.
და ბეიბიმ მხოლოდღა ამოიოხრა, რადგან მეტი ვერაფრით გამოეთქვა თავისი გულისწყრომა.
ბეიბი მისი საუკეთესო მეგობარი იყო. მეორე მეგობარიც ჰყავდა _ როზიტა. ბეიბი ბურთს ჰგავდა _ მრგვალი, ბზრიალა. უბრალო ლითონის ბეჭდები მწვანე რგოლებს აჩნევდა პუტკუნა თითებზე. კბილები ხეზე ამომწვარი დამღებივით ჩაშავებოდა და რომ გაიცინებდა, მის ხმას ზღვაზეც გაიგონებდით.
ყოველ შემთხვევაში, მეზღვაურები ასე ირწმუნებოდნენ. როზიტა, მეორე მეგობარი, მამაკაცთა უმრავლესობაზე ბევრად მაღალიც იყო და ღონიერიც. ღამით, კლიენტთა სიახლოვეს, იგი კეკლუცად რონინებდა სულელი თოჯინის ხმაზე მოტიტინე, ხოლო დღისით ფართო, მხტუნავი ნაბიჯით დააბოტებდა და მხედრულ ბარიტონს გამოსცემდა. ოტილის ორივე მეგობარი დომინიკელთა რესპუბლიკიდან ჩამოსულიყო და ეს საკმაო მიზეზად მიაჩნდა, რათა ადგილობრივ ბევრად მუქკანიან ჰაიტელებზე მაღლა დაეჭირა თავი. ოტილიც რომ აქაური იყო, არად დაგიდევდნენ.
_ შენ ჭკუა გაქვს, _ ეტყოდა ბეიბი და მართლაც ჭკუას კარგავდა მახვილ გონებაზე. ოტილი ხშირად შიშობდა, მის მეგობრებს არ შეემჩნიათ, რომ არც წერა იცოდა და არც კითხვა.
კოშკივით აწოწილი და ვიწრო სახლი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, სურომოდებული მყიფე აივნებით იყო მოჭიქული. თუმცა გარედან აბრა არ ჰქონია, მას შანზ-ელიზეს ეძახდნენ.
ამ სახლის დიასახლისი _ შინაბერა, შეზღუდული ხეიბარი, ზედა სართულის ოთახიდან მმართველობდა. იქ შეკეტილი, სარწეველა სავარძელში ქანაობდა და ათ-ოც კოკა-კოლას სვამდა დღეში. სულ თუ მოვთვლით, სამუშაოდ რვა ქალბატონი ჰყავდა აყვანილი. ოტილის გარდა არც ერთი არ ყოფილა ოცდაათზე ნაკლებისა. საღამოობით, როცა ქალბატონები პარმაღზე შეიყრებოდნენ სალაყბოდ და კომიქსებს ინიავებდნენ, გზაარეული ფარვანებივით რომ აპობდა ჰაერს, ოტილი უფროსი, უშნო დებით გარემოცულ თვალწარმტაც ზმანებამორეულ ბავშვს მიაგავდა.
დედამისი გარდაიცვალა. მამა, პლანტატორი, საფრანგეთში დაბრუნდა, ხოლო ოტილი მთაში წაიყვანა გაუთლელი გლეხების ოჯახმა, რომლის ახალგაზრდა ვაჟთაგან ყოველი წოლილა მასთან სადმე ჩრდილოვანსა და მწვანილოვან ალაგას. სამიოდ წლის წინ, თოთხმეტი წლისა, ოტილი პირველად ჩამოვიდა პორტ-ო-პრენსში ბაზრობაზე.
ორი დღე-ღამის სავალ გზაზე იგი ხორბლის ათფუთიანი ტომრით ზურგზე მოაბიჯებდა. შესამსუბუქებლად ტვირთს ჯერ ცოტაოდენი მარცვალი გადმოაკლო, მერე _ ოდნავ მეტიც და იმ დროისათვის, როცა ბაზრობას მიაღწია, ტომარაში აღარაფერი დარჩენოდა. ოტილი ატირდა, როცა წარმოიდგინა ოჯახის განრისხება, ნავაჭრ ფულს რომ ვერ ჩაიტანდა შინ, მაგრამ ცრემლს დიდხანს არ უდენია, ერთი სანდომიანი შეზარხოშებული კაცი დაეხმარა მის შეშრობაში. მან ქოქოსის ნაჭერი უყიდა და თავისი ბიძაშვილის მოსანახულებლად წაიყვანა, რომელიც შანზ-ელიზეს დიასახლისი გახლდათ. ოტილის ვერ დაეჯერებინა თავისი იღბლიანობისა _ მუსიკალური აპარატის ჰანგები, ატლასის ფეხსაცმელი და ხალისიან მამაკაცთა საზოგადოება ისევე უჩვეულო და მომხიბლავი იყო, როგორც მის ოთახში ელექტრონათურა, რომლის ჩართვა-ამორთვით ვერ ძღებოდა. მალე იგი ყველაზე ცნობილი გოგო გახდა ამ გზაზე, დიასახლისი ორმაგს ითხოვდა მის სანაცვლოდ და ოტილისაც პატივმოყვარეობა მოეძალა, საათობით შეეძლო სარკის წინ ტრიალი. თან გამუდმებით ფიქრობდა მთებზე.
ახლაც, სამი წლის შემდეგ, ბევრი რამ მთებისეული კვლავ თან ახლდა: იქაური ქარები ქროდა მის ირგვლივ, არც მკვრივი მაღალი თეძოები მოსდუნებია და არც ხვლიკის ტყავივით გახეშეშებული ტერფები დარბილებია.
როცა მისმა მეგობრებმა სიყვარულზე ჩამოაგდეს სიტყვა, მამაკაცებზე, ვისზეც გული შევარდნოდათ, ოტილი სევდამ შეიპყრო.
_ როგორ უნდა მიხვდე, რომ შეყვარებული ხარ? _ იკითხა მან.
_ აჰ, _ თვალმიბნედით წარმოთქვა როზიტამ, _ ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს პილპილი მოგაფრქვიეს გულზე და ძარღვებში წვრილ-წვრილი თევზები გიცურავენ.
ოტილიმ თავი გაიქნია; თუკი როზიტა არ ცრუობდა, მაშ, არასოდეს ჰყვარებია, რადგან არ უგრძვნია ამგვარი რამ ამ სახლში მოსიარულე რომელიმე მამაკაცის მიმართ.
ამან ისე დაადარდიანა ოტილი, რომ ბოლოს და ბოლოს ჰუნგანთან წავიდა, ჯადოსანთან, რომელიც ქალაქის თავზე, მთაში ცხოვრობდა. მის მეგობართაგან განსხვავებით, ოტილი თავისი ოთახის კედლებს ქრისტიანული სურათებით არ რთავდა. მას სწამდა არა ერთი ღმერთის, არამედ საკვების, სინათლის, სიკვდილის, სიღატაკის მრავალი ღვთაებისა. ჰუნგანი ამ ღვთაებებს იყო მიახლებული; მათ საიდუმლოებებს თავის საკურთხეველზე დარაჯობდა, შეეძლო გოგრის ჩხრიალში გაეგონა მათი ხმები, ხოლო მათი ძალა წამლის ულუფებად დაენაწილებინა. ღმერთებთან გაბაასების შემდგომ ჰუნგანმა ასე ურჩია: გარეული ფუტკარი დაიჭირე და მუჭში გაიჩერე, თუკი ფუტკარმა არ გიკბინა, იცოდე, სიყვარულს მიაგენიო.
შინისაკენ მიმავალი ოტილი მისტერ ჯემისონზე ფიქრობდა. იგი ორმოცდაათს გადაცილებული კაცი იყო, სამშენებლო პროექტის ამერიკელი მონაწილე. ოტილის მაჯებზე მოჟღრიალე ოქროს სამაჯურები მან აჩუქა და ცხრატყავას ტოტებით დახუნძლულ ღობესთან ჩავლისას ოტილის მოუნდა გაეგო, ყოველივე ამის შემდეგ შეყვარებული ხომ არ იყო მისტერ ჯემისონზე.
შავი ფუტკარი ცხრატყავას მოსდებოდა. ოტილიმ გაბედული თავდაჯერებით ჩაბღუჯა ერთი მთვლემარე მათგანი. მისი ჩხვლეტა დარტყმას ჰგავდა, რომელმაც მუხლი მოჰკვეთა და იქვე ჩაჩოქილი ისე მწარედ აატირა, ვერ გაიგებდი, ფუტკარმა ხელი დაუნესტრა თუ თვალები.

* * *
მარტი იდგა და კარნავალი ახლოვდებოდა. შანზ-ელიზეზე ქალბატონები კოსტიუმებს იკერავდნენ. ოტილი მოცლილი იყო, რადგან გადაეწყვიტა, საკარნავალო კოსტიუმი სულაც არ ჩაეცვა. ხმაურიან სადღესასწაულო უქმეებზე, როცა დოლები მთვარეს შესძახის, იგი თავის სარკმელთან ჩამოჯდა და გონებადაფანტული ადევნებდა თვალს მომღერალთა პატარ-პატარა ჯგუფებს, ცეკვითა და დაფის ცემით რომ მიუყვებოდნენ ქუჩას; იგი სტვენასა და სიცილს აყურადებდა და მათში გარევის სურვილს არ გრძნობდა.
_ კაცი იფიქრებს, ასი წლისააო, _ თქვა ბეიბიმ და როზიტამაც დაამატა: _ ოტილი, რატომ მამლაყინწების ბრძოლაზე არ გამოგვყვები?
იგი მამლაყინწების ჩვეულებრივ შერკინებას არ გულისხმობდა.
ამ დღეს შეჯიბრის მსურველთ კუნძულის ყოველი კუთხიდან ჩამოჰყავდათ თავიანთი უმძვინვარესი ფრინველები.
ოტილიმ წასვლა გადაწყვიტა და ყურებზე წყვილი მარგალიტი მოირგო.
იქ რომ მივიდნენ, სანახაობა ის-ის იყო იწყებოდა. ვეება ჩარდახის ქვეშ შეჯგუფებული ზღვა ხალხი გმინავდა და გაჰყვიროდა, მეორე ჯგუფს კი შიგ შეღწევა ვერ მოეხერხებინა და გარშემო იყო შექუჩებული. შანზ-ელიზეს ქალბატონებისთვის სანახაობაზე შესვლა სიძნელეს არ წარმოადგენდა. მეგობარმა პოლიციელმა გზა გაკაფა მათთვის და რინგის ახლოს დასხა. მათ ირგვლივ მყოფი სოფლელები დაბნეულობამ მოიცვა, როცა ასეთ ელეგანტურ კომპანიაში ამოყვეს თავი. ისინი რიდით შეჰყურებდნენ ბეიბის ლაქწასმულ ფრჩხილებს, ყალბ ბრილიანტებს როზიტას თმის სარჭებზე, ოტილის მარგალიტის საყურეების ციაგს. ამასობაში ბრძოლებიც გაჩაღდა და ქალბატონები უმალ მიივიწყეს.
ამით გულდაწყვეტილი ბეიბი აქეთ-იქით მოჰყვა თვალის ცეცებას მათკენ ნასროლი მზერის ძიებაში. უცებ მან იდაყვი წაჰკრა ოტილის.
_ ოტილი, _ უთხრა, _ თაყვანისმცემელი შეგიძენია. შეხე იმ ბიჭს, აი იქით, ისე მოგშტერებია, თითქოს ცივი სასმელი იყო.
ოტილიმ ჯერ კი იფიქრა, ნაცნობი იქნება ვინმეო, რადგან ბიჭი ისე შესცქეროდა, თითქოს უეჭველად უნდა ეცნოთ, მაგრამ ეს როგორ უნდა მომხდარიყო, როცა ოტილის ასე ლამაზი არასოდეს სცნობია ვინმე. არავინ, ასე გრძელი ფეხებისა და პატარა ყურების მქონე. ოტილი მიხვდა, რომ ბიჭი მთიელი იყო. მისი ჭილის სოფლური ქუდი და სქელი პერანგის გახუნებული სილურჯე ბევრს რასმე ეუბნებოდა. წითურ ბიჭს ლიმონივით ნათელი კანი გუავას ფოთოლივით გადასტკეცოდა და თავი ისეთივე მედიდური ღირსებით ეკავა, როგორც შავ-წითელ მამალს მის ხელში.
ოტილი ნაჩვევი იყო მამაკაცებისათვის დაუმორცხვებულ გაღიმებას, თუმცა ამჯერად უფერული ღიმილი ნამცხვრის ნამცეცებივით მიჰკრობოდა მის ბაგეს.
ჩვეულებისამებრ, შესვენება გამოცხადდა. არენა გაიწმინდა და ყველა, ვინც მოახერხა, იქ შეიყარა საცეკვაოდ და ბოლთის საცემად, ვიდრე დოლებისა და სიმებიანი საკრავების ორკესტრი საკარნავალო მელოდიების შესრულებას განაგრძობდა. აი, მაშინ იყო, ახალგაზრდა ოტილის რომ მიუახლოვდა; მას გაეცინა ბიჭის მხარზე თუთიყუშივით შემოსკუპებული მამლის დანახვაზე.
_ შენღა გვაკლდი, _ მოუჭრა ბეიბიმ, შეურაცხყოფილმა იმით, რომ სოფლელი ბედავდა ოტილის საცეკვაოდ გაწვევას და როზიტაც როზგივით წამოიმართა ოტილისა და ბიჭს შორის ჩასადგომად. იმან კი მხოლოდ გაიღიმა და თქვა:
_ გეთაყვა, მადამ, მე თქვენს ქალიშვილთან საუბარი მინდოდა.
ოტილიმ იგრძნო, რომ წამოდგა, იგრძნო, რომ თავისი თეძოები მისას ააყოლა ცეკვის რიტმში და უშფოთველად დაანება, მოცეკვავეთა ყველაზე მჭიდრო ჯგუფს შერეოდნენ.
_ არა, გაიგე? დედამისი ვეგონე, _ თქვა როზიტამ და ბეიბიმაც ავად გამოსცრა მის დასამშვიდებლად:
_ მეტს რას ელოდი? ისინი ხომ აქაურები არიან, ორივენი. ერთი დაბრუნდეს, ისე დავიჭიროთ თავი, თითქოს არც ვიცნობდეთ.
მაგრამ ისე მოხდა, რომ ოტილი თავის მეგობრებთან აღარ დაბრუნებულა. როიალმა, როგორც ახალგაზრდა კაცს ეძახდნენ, როიალ ბონაპარტემ, უთხრა, რომ ცეკვას არ აპირებდა.
_ ჩვენ წყნარ ადგილას გავისეირნებთ, _ შესთავაზა მან, _ მომე ხელი, წაგიყვან.
მასთან ყოფნისას ოტილის უცხო გრძნობა ეუფლებოდა, თუმცა თავი მასთან უცხოდ სულაც არ უგრძნია, რადგან მთებს ჯერ ისევ არ მიეტოვებინა და ბიჭიც ხომ მთიელი იყო. ხელიხელჩაკიდებულნი, ბიჭის მხარზე მოქანავე ცისარტყელასფერი მამლითურთ, ჩარდახიდან გამოვიდნენ და ნელა დაუყვნენ თეთრ შარაგზას, რომელიც მყუდრო ორღობეებმა შეცვალა, სადაც მზის სხივთა ჩიტები აკაციის სიმწვანეში ფრთხიალებდნენ.
_ დაღონებული ვარ, _ თქვა ბიჭმა, თუმცა დაღონებისა არა ეტყობოდა რა, _ ჩემს სოფელში ჯუნო ჩემპიონია, მაგრამ აქაური ფრინველები უფრო ძლიერები და ავები არიან, მათ რომ შევაბრძოლო, ტყუილად მოვაკვლევინებ ჯუნოს.
ჰოდა, შინ წავიყვან და ვიტყვი, გაიმარჯვა-მეთქი. ოტილი, გინდა ბურნუთს დაყნოსო?
ოტილის გრძნობიერად დააცემინა. ბურნუთმა თავისი ბავშვობა მოაგონა და სიდუხჭირეც, იმ წლებს რომ ახლდა. ნოსტალგია მისწვდა თავისი უგრძესი კვერთხით.
_ როიალ, წუთით შეიცადე, _ თქვა მან, _ ფეხსაცმელს გავიხდი.
თავად როიალს ფეხსაცმელი არ სცმია, ოქროსფერი ტერფები მოხდენილი და ჰაეროვანი ჰქონდა და მოქნილი ცხოველივით ნაკვალევს ტოვებდა.
_ როგორ მოხდა, აქ რომ გიპოვე, _ უთხრა, _ მთელ სამყაროში მხოლოდ აქ, სადაც კარგი არაფერია, სასმელიც _ უვარგისი და ხალხიც _ მპარავი? რაღა აქ გიპოვე, ოტილი?
_ რადგან მე ჩემი სავალი გზა მაქვს, შენ კი _ შენი. ჩემი ადგილი აქაა. მე ერთ... ოჰ, სასტუმროსნაირ ადგილას ვმუშაობ.
_ ჩვენ ჩვენი საკუთარი ადგილი გვაქვს, _ თქვა ბიჭმა, _ მთიან მხარეში, ზედ მწვერვალთან, გრილი სახლი მაქვს.
ოტილი, ხომ წამოხვალ იქ საცხოვრებლად?
_ გიჟო, _ უთხრა ოტილიმ გამომწვევად, _ გიჟო, _ და ხეებს შორის გაიჭრა. და ისიც დაედევნა, ხელებგაშლილი, თითქოს ბადე უჭირავსო. ჯუნომ ფრთები ააფართქუნა, დაიყივლა და ძირს ჩამოფრინდა.
ჩხვლეტია ფოთლები და ხავსის ბუსუსები ტერფებს უხოკავდა ჩეროებსა და ჩრდილებს შორის მქროლავ ოტილის. უეცრად ქუსლში ეკალშერჭობილი მოწყვეტით დაეცა აფერადებული გვიმრის პირბადეში. შეაჟრჟოლა, როცა როიალმა ეკალი ამოაძრო და ნაიარევზე აკოცა. მერე ტუჩები გოგოს ხელებზე, ყელზე ამოძრავდნენ და მან თითქოს აშრიალებულ ფოთლებში ამოყო თავი. იგი ბიჭის სურნელს ისუნთქავდა, იდუმალ, კრიალა არომატს, რომელიც საგანთა არსს, გიორგელებს, ვეება ხეთა ფესვებს მიაგავდა.
_ კარგი ახლა, გვეყოფა, _ შეევედრა ოტილი, არცთუ ისე დაჟინებით, მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან გატარებული საათის შემდეგ ამოვარდნაზე ჰქონდა გული.
მერე როიალს, დაწყნარებულს, ხუჭუჭთმიანი თავი ოტილის მკერდზე ედო და გოგომ `ქშშ~ უთხრა მის მძინარე თვალებთან მწივან კოღოებს, `შშშ~ უთხრა ჯუნოს, რომელიც გაბღენძილი დააბიჯებდა მათ ირგვლივ და ცას შეჰყიოდა.
უცებ ოტილიმ იქვე, შორიახლოს თავისი ძველი მტერი _ ფუტკრები შენიშნა. ისინი ჭიანჭველებივით გამწკრივებულიყვნენ და უხმაუროდ შედი-გამოდიოდნენ გახლეჩილ კუნძში. ოტილი როიალის მკლავებს გამოეხსნა და მიწა მიასწორა მის სასთუმლად. ხელი უკანკალებდა, როცა მას ფუტკრის ბილიკზე დებდა, მაგრამ პირველივე გარეთ გამოსული მწერი თვითონ დაეცა ხელისგულზე და როცა თითები მომუჭა, არც კი განძრეულა მის საკბენად. მეტი გულდაჯერებისთვის ათამდე დაითვალა ოტილიმ, მუჭი გახსნა და ფუტკარმა ხალისიანი ზუზუნით შეკრა ჰაერში კამარა.

* * * 
დიასახლისმა ასე ურჩია ბეიბისა და როზიტას: თავი დაანებეთ, წავიდეს, რამდენიმე კვირაში უკან დაბრუნდებაო.
თვითონ კი ხავსს ეჭიდებოდა: გადმოსაბირებლად ოტილის სახლის საუკეთესო ოთახიც შესთავაზა, ოქროს ახალი კბილიც, კოდაკიც, ვენტილატორიც, მაგრამ ოტილის არც კი უყოყმანია, თავისი ავლადიდების მუყაოს ყუთში ჩალაგებას განაგრძობდა. ბეიბიმ წახმარება სცადა, მაგრამ ისე ტიროდა, ოტილიმ არ მიუშვა, _ პატარძლის მზითევზე დაღვრილი ცრემლი ავად დამებედებაო.
როზიტას კი შეუძახა, მანდ დგომასა და ხელების მტვრევას, გირჩევნია, ჩემ გამო ხარობდეო.
მამლაყინწების ბრძოლიდან ორ დღესაც არ გაევლო, რომ როიალმა მხარზე მოიგდო ოტილის მუყაოს ყუთი და მთების გზას გაუდგნენ წყვდიადში. როცა ხმა დაირხა, ოტილი შანზ-ელიზეზე აღარ არისო, კლიენტების უმრავლესობამ სხვაგან დაიწყო სიარული: დანარჩენები, თუმცა კი არ ღალატობდნენ ძველ ადგილს, მაინც ჩიოდნენ იქ ჩამოწოლილ პირქუშ გარემოზე: იყო საღამოები, როცა ქალბატონებს არავინ პატიჟებდა ლუდზე. თანდათან ცხადი გახდა, რომ ოტილი უკან დამბრუნებელი აღარ იყო. ექვსი თვის თავზე დიასახლისმა თქვა, ალბათ, მოკვდაო.

*** 
როიალის სახლი ყვავილებისგან ნაკეთს წააგავდა: გლიცინიებს სახურავზე აეღწია, ვაზის ფარდები სარკმლებს ჩრდილავდა, კართან შროშანები აყვავებულიყო. ფანჯრიდან ზღვის შორეულ, მქრქალ ლივლივს მიაწვდენდით თვალს, რადგან სახლი მაღალ გორაკზე იდგა; აქ მზე მწველად აცხუნებდა, ჩრდილში კი ციოდა. შიგნით მუდამ ბნელი და გრილი სახლის კედლებზე ვარდისფრად და მწვანედ შეღებილი გაზეთები გაეკრათ. ერთადერთ ოთახში იყო ღუმელი, სარკე მარმარილოს მორყეული მაგიდის თავზე და თითბრის საწოლი, რომელიც სამ ზორბა კაცსაც კი დაიტევდა.
მაგრამ ოტილი ამ დიდებულ საწოლზე არ იძინებდა.
მასზე ჩამოჯდომის ნებაც კი არ ჰქონდა, რადგან ის როიალის ბებიის, ბებერი ბონაპარტეს კუთვნილებას წარმოადგენდა. დანახშირებულ, დაჩამიჩებულ ქმნილებას, ჯუჯასავით ფეხმოქცეულსა და სვავივით მელოტ ბებერ ბონაპარტეს შემოგარენში კუდიანის სახელი ჰქონდა დავარდნილი. ბევრს მისი ჩრდილის დანახვაც კი გულს უხეთქავდა. როიალიც კი უფრთხოდა და როცა მოახსენა, შინ ცოლი მოვიყვანეო, ენა დაება. დედაბერმა თავისთან მიიხმო ოტილი, აქა-იქ მწარედ დაჩქმიტა და შვილიშვილს გამოუცხადა, შენი საცოლე მეტად გამხდარია და პირველსავე მშობიარობას გადაჰყვებაო.
ყოველღამ, სანამ არ დარწმუნდებოდა ახალგაზრდა წყვილი, ბებერ ბონაპარტეს ჩაეძინაო, სიყვარულს ვერ ეძლეოდა. ზოგჯერ საძილე ჭილოფზე გარინდული ოტილი დარწმუნებული იყო, რომ ბებერ ბონაპარტეს ეღვიძა და მათ მისჩერებოდა. ერთხელაც, ბნელში ვარსკვლავივით მოკაშკაშე გადმოკარკლული თვალი დაინახა.
როიალს ვერ შესჩივლებდი, მას ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა _ დიდი ამბავი, თუკი ცხოვრებაში ამდენის მნახველ მოხუც ქალს ცოტა მეტის ნახვაც მოუნდაო.
როიალის სიყვარულის გამო ოტილიმ თავიდან ამოიგდო სადარდელი და ცდილობდა, არ გაბრაზებულიყო ბებერ ბონაპარტეზე. ერთხანს იგი ბედნიერი იყო. თავისი მეგობრები და პორტ-ო-პრენსის ცხოვრება არ ენატრებოდა; თუმცა სათუთად ინახავდა იმ დღეთა მოსაგონარ ნივთებს _ ბეიბისგან საქორწინო საჩუქრად ხელსაქმის კალათით მირთმეულ თავის დაკემსილ აბრეშუმის კაბებს, აბრეშუმისავე მწვანე წინდებს, რომლებსაც ახლა აღარ იცვამდა, რადგან აქ მათი ჩასაცმელი ადგილი არსად იყო _ სოფლის კაფეში და მამლაყინწების ბრძოლაზე მხოლოდ კაცები იკრიბებოდნენ. ქალებს თუ ერთმანეთი მოენატრებოდათ, სარეცხი მიჰქონდათ მდინარეზე, მაგრამ ოტილის იმდენი საქმე ჰქონდა, მოსაწყენად ვერც კი იცლიდა. განთიადზე ევკალიპტის ფოთლებს აგროვებდა ცეცხლის გასაჩაღებლად და საჭმლის მოსამზადებლად, ქათმები უნდა დაეპურებინა, თხა მოეწველა, ბებერი ბონაპარტეც წუწუნით ითხოვდა ყურადღებას. სამ-ოთხჯერ დღეში ოტილი სათლს აავსებდა წყლით და სახლიდან ერთი მილის მოშორებით ჩაჰქონდა _ იქ, სადაც როიალი მუშაობდა ლერწმის ყანაში. მას არ სწყინდა, როცა ამ შეხვედრებისას ქმარი ეუხეშებოდა, იცოდა, ასე თავს იწონებდა ყანაში მომუშავე სხვა კაცებთან, რომლებიც გახლეჩილი ნესვებივით ეღრიჭებოდნენ ოტილის.
თუმცა საღამოს, სახლში დაგულებულს, ებუტებოდა და ყურებს უჭიმავდა, ძაღლივით მექცევიო, ვიდრე ეზოს წყვდიადში, სადაც ციცინათელები ციალებდნენ, როიალი არ ჩაიხუტებდა და რაიმეს არ ჩასჩურჩულებდა ღიმმოსაგვრელად.
ხუთიოდ თვის ცოლ-ქმარი იყვნენ, როცა როიალი თავის ქორწინებამდელ ჩვევებს მიუბრუნდა. იგი სხვა კაცებივით დადიოდა კაფეში საღამოობით, მთელ კვირადღეებს კი მამლაყინწების ბრძოლაზე ატარებდა და ვერ მიმხვდარიყო, რად წუხდა ამაზე ოტილი, რად საყვედურობდა, უფლება არ გაქვს ასე მომექცე, არ გიყვარვარ, თორემ დღედაღამ ამ საძაგელ დედაბერთან არ დამტოვებდიო. მიყვარხარ, პასუხობდა იგი, მაგრამ კაცებს თავიანთი თავშესაქცევიც ხომ უნდა ჰქონდეთო. იყო ღამეები, როცა იგი მანამ იქცევდა თავს, სანამ მთვარე ცის შუაგულს არ მიატანდა. ოტილიმ არასოდეს იცოდა, როდის დაუბრუნდებოდა ქმარი და ჭილოფზე გაწოლილს ტანჯავდა ფიქრი, რომ მხოლოდ მის მკლავებში შეეძლო დაძინება.
თუმცა ნამდვილი სატანჯველი მაინც ბებერი ბონაპარტე იყო. იგი ყველანაირად ცდილობდა, ჭკუაზე შეეშალა ოტილი. როცა ოტილი საჭმელს ამზადებდა, საზარელი დედაბერი მივიდოდა და ღუმლის ირგვლივ იწყებდა ფუთფუთს.
თუკი კერძი არ მოეწონებოდა, ჯერ პირს იტენიდა, მერე კი იატაკზე გადმოაპურჭყებდა. ყოველ ღონეს ხმარობდა სახლის ასარევად: ლოგინში ისველებდა, თხის სახლში შემოყვანას იჩემებდა, რაიმეს შეეხებოდა და _ ღვრიდა ან ამსხვრევდა; როიალს კი ჩასჩიჩინებდა, ქალი, რომელიც ქმარს სახლში მყუდროებას ვერ უქმნის, ყოვლად უღირსიაო. იგი მთელი დღე ფეხქვეშ ედებოდა ოტილის და ავი წითელი თვალები მუდამ დახუჭული ჰქონდა. თუმცა ყველაზე უარესი, რამაც საბოლოოდ გადააწყვეტინა ოტილის მისი მოკვლა, დედაბრის ჩვევა იყო _ არსაიდან დასხმოდა თავს და ისე სასტიკად დაეჩქმიტა, ფრჩხილების ნაკვალევსაც კი დაინახავდით.
_ თუ კიდევ ერთხელ ჩაიდენ ამას, უბრალოდ გაბედავ, დანას ავიღებ და გულს ამოგგლეჯ! _ ბებერმა ბონაპარტემ იცოდა, ოტილი ამ მუქარის ამსრულებელი იყო და გადაწყვიტა, ხელი აეღო ჩქმეტაზე, მაგრამ ახლა სხვა ხრიკებს მიმართა. ეზოს იმ ნაწილში მოჰყვა სეირნობას, სადაც ოტილიმ პატარა ბაღი გააშენა.
ერთ დღეს ორი უცნაური რამ მოხდა. პატარა ბიჭი ამოვიდა სოფლიდან და წერილი ამოუტანა ოტილის. იგი შანზ-ელიზეშიც იღებდა ხოლმე ღია ბარათებს მეზღვაურების ან სხვა მოგზაური მამაკაცებისგან, ვისაც საამო წუთები გაეტარებინა მასთან, მაგრამ წერილი აქამდე არ მიუღია.
ვინაიდან მისი წაკითხვა არ შეეძლო, ჯერ დახევა დაუპირა _ რა საჭირო იყო თვალწინ ჰქონოდა და სულ ამაზე ეფიქრა.
თუმცა, იმედსაც არ კარგავდა, რომ ოდესმე კითხვაც ესწავლა, ამიტომ ხელსაქმის კალათში მის დასამალად გაემართა.
როცა კალათს თავი ახადა, ავისმომასწავებელ ნივთს წააწყდა: იქ ძაფის ამაზრზენი გორგალივით იდო ყვითელი კატის მოკვეთილი თავი. საძაგელი დედაბერი არ იშლიდა თავის ოინებს. ჯადოს გაკეთებას მიპირებსო, გაიფიქრა არცთუ ძლიერ შეშინებულმა ოტილიმ _ კატის თავს ფრთხილად წაავლო ხელი ცალ ყურში, ღუმელთან მიიტანა და ადუღებულ ქვაბში ჩაუძახა. ნასადილევს ბებერმა ბონაპარტემ პირი გააწკლაპუნა და აღნიშნა, რომ ოტილის მიერ მომზადებული წვნიანი მოულოდნელად გემრიელი იყო.
მეორე დილით, სწორედ სამხრობამდე, ოტილიმ თავის კალათში პატარა დაკლაკნილ მწვანე გველს მიაგნო, რომელიც ქვიშასავით წვრილად აქნა და მოშუშული ხორცის საწებელს მოაყარა. მისი გამომგონებლობა დღითი დღე უფრო დახვეწილი ხდებოდა: ობობებს ცომში ყრიდა, ხვლიკს ხრაკავდა, სვავის მკერდს ხარშავდა. ბებერი ბონაპარტე ყოველივე ამას რამდენიმე ულუფად გეახლებოდათ.
მისი თვალები გაფაციცებით აკვირდებოდა ოტილის, რათა ჯადოს ამოქმედების ნიშნები არ გამოჰპარვოდა.
_ რაღაც ვერ გამოიყურები კარგად, ოტილი, _ თქვა მან თავის დაძმარებულ ხმაში ოდნავ ბადაგის შერევით, _ ჭიანჭველასავით ჭამ. აი, ახლაც, რად არ მიირთმევ ამ მშვენიერ წვნიანს?
_ რადგან, _ გულგრილად მიუგო ოტილიმ, _ არ მიყვარს სვავის წვნიანი, არც ობობიანი პური, არც გველგარეული ხორცი. ასეთი კერძები მადას მიფუჭებს.
და ბებერი ბონაპარტე მიხვდა. ძარღვებდაძაგრული, ენაწართმეული, დაზაფრული წამოდგა და მერე მაგიდას გადაემხო. მზე ჯერ არ ჩასულიყო, როცა სული განუტევა.
როიალმა მოტირლები დაიბარა. მათ სოფლიდან, გარშემო მთებიდან მოიყარეს თავი და შუაღამეზე აყმუვლებული ძაღლებივით დასცეს ალყა სახლს. დედაბრები კედლებს ახლიდნენ თავს, მოტირალი მამაკაცები მიწას ერთხმოდნენ.
ეს გლოვის ხელოვნება იყო, ხოლო მწუხარების უკეთ განმასახიერებელი მეტ აღტაცებასაც იმსახურებდა. დაკრძალვის შემდეგ ყველანი კეთილი საქმის აღსრულებით კმაყოფილნი გაიკრიფნენ.
ამიერიდან სახლი ოტილის ეკუთვნოდა. ბებერი ბონაპარტეს თვალთვალსა და მისი სიბინძურის ხეხვას გადარჩენილს, დრო თავზე საყრელი ჰქონდა და აღარ იცოდა, რით შეევსო. ხან თითბრის ვეება საწოლზე იშხლართებოდა, ხან სარკის წინ დაბორიალებდა, ერთფეროვნება უზუზუნებდა თავში და ამ ბუზივით აბეზარი ბგერის ჩასახშობად შანზ-ელიზეში მუსიკალური აპარატით მოსმენილ სიმღერებს შემოსძახებდა ხოლმე. შებინდებისას, როიალის ლოდინში იხსენებდა, რომ დღის ამ დროს მისი მეგობრები პარმაღზე მსხდომი საუბრობდნენ და ელოდნენ, როდის გადმოუხვევდა მათკენ მანქანის შუქები, მაგრამ მოჰკრავდა თუ არა თვალს ბილიკზე ამომავალ როიალს, რომელსაც ლერწმის საჭრელი დანა ნამგალა მთვარესავით უელავდა გვერდზე, ამ ფიქრებს ივიწყებდა და გულდაამებული გარბოდა მის შესაგებებლად.
ერთ ღამეს, ნახევრად მთვლემარენი რომ იწვნენ, ოტილიმ უეცრად ვიღაცის ყოფნა იგრძნო ოთახში. მერე იქვე, ისევე როგორც ადრე, საწოლის ფეხთან მოკაშკაშე თვალი დაინახა. აი, მაშინ კი დარწმუნდა იმაში, რასაც მთელი ეს ხანი ეჭვობდა _ ბებერი ბონაპარტე მოკვდა, მაგრამ არსად წასულა.
ერთხელ, სახლში მარტო რომ იყო, სიცილი შემოესმა და ერთხელაც, გარეთ, ეზოში დაინახა, როგორ მიშტერებოდა თხა ვიღაც იქ არმყოფს და ყურები ისევე უთრთოდა, როგორც ადრე, დედაბერი ქეჩოს რომ უქექავდა.
_ მორჩი საწოლის რყევას, _ უთხრა როიალმა და ოტილიმ, თვალისკენ თითგაშვერილმა, ჩურჩულით ჰკითხა, ხედავდა თუ არა რაიმეს. როცა პასუხად მიიღო, სიზმარში ხარო, შეეცადა თვალს შეჰხებოდა და შეჰკივლა, რადგან მხოლოდ ჰაერი შერჩა ხელში. როიალმა ლამპა აანთო და თმაზე უალერსებდა მის მუხლს მიყრდნობილ ოტილის, რომელიც მოუთხრობდა, რას პოულობდა თავის საქსოვ კალათში და რას სჩადიოდა შემდეგ. ცუდია, რაც ჩაიდინა? როიალმა არ იცოდა, ეს არ იყო მისი განსასჯელი, მაგრამ მიაჩნდა, რომ ოტილის დასჯა იყო საჭირო. რატომ? რადგანაც დედაბერს სურდა ასე, რადგან სხვაგვარად იგი მოსვენებას არ მისცემდა ოტილის, მხოლოდ ეს იყო მოჩვენებებისგან ხსნის გზა.
სწორედ ამიტომ მეორე დილით როიალმა თოკი მოიტანა და ოტილის ხეზე მიბმა დაუპირა. დაბინდებამდე იქ უნდა დარჩენილიყო უსმელ-უჭმელი, რათა ყოველ გამვლელს ენახა მისი დამცირება.
მაგრამ ოტილი საწოლქვეშ შეძვრა და გამოსვლაზე უარი განაცხადა.
_ გაგექცევი, _ მოთქვამდა იგი, _ როიალ, ერთი სცადე და მიმაბი იმ ბებერ ხეზე, ავდგები და გაგექცევი.
_ ჰოდა, ჩამოვალ და წამოგიყვან, _ უპასუხა როიალმა, _ აი, მერე კი ვაი შენი ბრალი!
მან წვივში წაავლო ხელი და აჭყივლებული გამოათრია საწოლის ქვეშიდან. მთელი გზა ეზოსკენ ოტილი რას აღარ მოეჭიდა: კარს, ვაზს, თხის წვერს, მაგრამ ვეღარაფერმა შეაკავა, ვერაფერმა დააბრკოლა როიალი ხეზე მისი მიბმისას.
მან სამჯერ გამონასკვა თოკი და სამუშაოდ გასწია ხელის წუწნით, რომელიც ოტილიმ ატკინა. ვიდრე იგი მთას მიეფარებოდა, ოტილი ყველა სალანძღავ სიტყვას მისძახოდა, რაც კი ოდესმე გაეგონა. თხა, ჯუნო და ქათმები ოტილის შერცხვენის საცქერლად შეიკრიბნენ. ოტილიმ ფეხი დაუბაკუნა მათ და ენა გამოუყო.
ძილ-ბურანში მყოფ ოტილის სიზმარი ეგონა, როცა სოფლელი ბავშვის თანხლებით ბილიკს ბეიბი და როზიტა ამოუყვნენ მაღალ ქუსლებზე რწევითა და ქოლგების ტრიალით, თან მის სახელს გაიძახოდნენ. თუკი სიზმრისეული ხალხი იყო, არ უნდა გაჰკვირვებოდათ, ოტილის ხეზე მიბმულს რომ ნახავდნენ.
_ ღმერთო ჩემო, შენ რა, გაგიჟდი? _ შესძახა ბეიბიმ და მოშორებით შედგა, თითქოს ეს მართლაც ასეა და მიახლოებას შიშობსო, _ ხმა გაგვეცი, ოტილი!
_ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გხედავთ, _ თქვა თვალებმოჟუჟუნე, მოკისკისე ოტილიმ, _ როზიტა, გეთაყვა, თოკი შემხსენი, მინდა ორივეს მოგეხვიოთ.
_ ხედავ, რა უქნია იმ მხეცს, _ თქვა როზიტამ და თოკს დაეჯაჯგურა, _ დამაცადეთ, ერთი კი შემხვდეს! გცემს და ეზოში გაბამს ძაღლივით?
_ ო, არა, _ თქვა ოტილიმ, _ როიალი არასოდეს მცემს, მაგრამ სწორედ დღეს დასჯილი ვარ.
_ ჩვენი არ გაიგონე, _ უთხრა ბეიბიმ, _ და ხომ ხედავ, რაც გამოვიდა. იმ კაცმა ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი, _ დაამატა ქოლგის ქნევით.
ოტილი მოეხვია თავის მეგობრებს და გადაკოცნა.
_ განა ლამაზი სახლი არაა? _ თქვა და იქით წაუძღვა სტუმრებს, _ ასე მგონია, მთელი ვაგონი ყვავილები დაკრიფეს და ისე ააგეს-მეთქი. შემობრძანდით, მზეს მოერიდეთ.
შიგნით გრილა და ტკბილი სუნი ტრიალებს.
როზიტამ დაიქსუტუნა იმის ნიშნად, რომ რაც შეიყნოსა, ტკბილად სულაც არ ეჩვენა და თავისი რიხიანი ხმით განაცხადა, დიახ, უკეთესია შევიჩრდილოთ, თორემ, ჩანს, ოტილის მზემ დაჰკრაო.
_ კიდევ კარგი, ჩამოვედით, _ ამბობდა უზარმაზარ ქისაში ჩაყვინთული ბეიბი, _ მისტერ ჯემისონს უმადლოდე.
ქალბატონს მკვდარი ჰგონიხარ. წერილზე რომ არ გვიპასუხე, ჩვენც დავიჯერეთ ეს ამბავი, მაგრამ მისტერ ჯემისონმა, რომელიც ყველაზე სასიამოვნო კაცია იმათგან, ვინც კი ოდესმე გცნობია, მანქანა დაგვიქირავა მე და როზიტას, შენს უძვირფასეს ერთგულ მეგობრებს, აქ ჩამოსასვლელად და იმის გასაგებად, რა დაემართა ჩვენს ოტილის. ოტილი, ქისაში ერთი ბოთლი რომი მაქვს, ჭიქაც მოიტანე და ჩამოვატაროთ.
ქალაქელი ქალბატონების უცხო მანერებმა და თვალისმომჭრელმა მორთულობამ გააოგნა მათი მეგზური პატარა ბიჭი, რომელსაც შავი თვალები დაეჭყიტა ფანჯრიდან. არც ოტილი იყო ნაკლებ შეცბუნებული, რადგან კარგა ხანია, რაც შეღებილი ტუჩები არ ენახა, სუნამოს სურნელი არ ეყნოსა და ვიდრე ბეიბი რომს ჩამოასხამდა, თავისი ატლასის ფეხსაცმელი და მარგალიტის საყურე ამოალაგა.
_ ძვირფასო, _ უთხრა როზიტამ, როცა ოტილიმ ჩაცმა მოათავა, _ არ არსებობს მამაკაცი ცოცხალთა შორის, რომელიც ლუდის მთელ კასრს არ გიყიდდეს; რომ გავიფიქრებ, შენნაირი ნუგბარი ლუკმა როგორ იტანჯება მათგან მოშორებით, ვისაც ის უყვარს...
_ მე სულაც არ ვიტანჯები ასე ძალიან, _ თქვა ოტილიმ, _ მხოლოდ ზოგჯერ.
_ კარგი, გაჩუმდი, _ უთხრა ბეიბიმ, _ არა ხარ მოვალე ამაზე ილაპარაკო, მოევლება როგორმე. აბა, ძვირფასო, ნება მომეცი, ჭიქა შეგივსო. გაუმარჯოს წარსულს და მომავალს! ამაღამ მისტერ ჯემისონი შამპანურის ყიდვას აპირებს ყველასთვის, ქალბატონი ნახევარ ფასში უთმობს.
_ ოჰ, _ თქვა ოტილიმ, თავისი მეგობრებისა შეშურდა.
მას სურდა გაეგო, რას ამბობდნენ მასზე ხალხში, ნუთუ კიდევ ახსოვდათ?
_ ოტილი, ეს რამ გაფიქრებინა! _ უთხრა ბეიბიმ, _ კაცები თვალდახუჭული მორბიან ჩვენთან და შენ გკითხულობენ, რადგან შენ შესახებ შორს _ ჰავანასა და მაიამიში სმენიათ, ხოლო მისტერ ჯემისონი სხვა გოგოებს ზედაც არ გვიყურებს, მოვა, დაჯდება აივანზე და განმარტოებით სვამს.
_ ჰო, _ თქვა ოტილიმ დანანებით, _ იგი ყოველთვის ალერსიანად მეპყრობოდა, მისტერ ჯემისონი.
ამასობაში მზეც გადაიხარა, რომის ბოთლის სამი მეოთხედი დაილია. ქუხილიანმა წვიმამ წამში გალუმპა მწვერვალები, რომლებიც ახლა ნემსიყლაპიას ფრთებივით პრიალებდა ფანჯრებში. ნაწვიმარი ყვავილების ნელსურნელებით გაჟღენთილმა ნიავმა ოთახში იწყო სეირნობა და მწვანე და ვარდისფერი გაზეთები ააშრიალა კედლებზე. ბევრი ამბავი იქნა მოყოლილი, ზოგი _ სასაცილო, ცოტაც _ სევდანარევი; ეს შანზ-ელიზეში გამართულ უწინდელ ღამეულ საუბრებს ჰგავდა და ოტილი ბედნიერი იყო, რადგან კვლავ მის ნაწილად იქცა.
_ უკვე გვიანდება, _ თქვა ბეიბიმ, _ დავპირდით, რომ შუაღამემდე დავბრუნდებით. ოტილი, შეგეშველოთ ბარგის შეკვრაში?
მიუხედავად იმისა, რომ ოტილის ვერც კი წარმოედგინა, თუ მეგობრები მათთან ერთად მის გამგზავრებას მოელოდნენ, სხეულში ამოძრავებულმა სასმელმა ეს შესაძლებლად მოაჩვენა და ღიმილით გაიფიქრა, რომ სწორედ ამით დაემუქრა როიალს.
_ კი მაგრამ, _ დაფიქრებით წარმოთქვა მან, _ არა მგონია, ერთ კვირაზე მეტხანს მოვასწრო გართობა. როიალი მაშინვე ჩამოვა და წამომიყვანს.
ამის გაგონებაზე მის ორივე მეგობარს სიცილი წასკდა.
_ რა სულელი ხარ, _ უთხრა ბეიბიმ, _ ერთი მანახვა ის შენი როიალი, როცა რომელიმე ჩვენს კაცთან ექნება საქმე.
_ მე სულაც არ მინდა, ვინმემ აწყენინოს როიალს, _ თქვა ოტილიმ, _ თანაც სახლში რომ დავბრუნდებით, კიდევ უფრო გადარეული გახდება.
_ კი მაგრამ, ოტილი, _ წარმოთქვა ბეიბიმ, _ შენ მას აქ აღარ წამოჰყვები.
ოტილიმ ჩაიცინა და ისე მიმოიხედა ოთახში, თითქოს რაღაც სხვებისთვის უხილავს ხედავდა.
_ რატომაც არა, დარწმუნებული ვარ, რომ წამოვყვები, _ თქვა მან.
ბეიბიმ თვალების ბრიალით ამოაძრო მარაო და სახესთან აიფრიალა.
_ ეს ყველაზე გიჟური რამაა, რაც კი ოდესმე მსმენია, _ წარმოთქვა ტუჩებმოკუმვით, _ ხომ ყველაზე გიჟური რამაა, რაც შენ გსმენია ოდესმე, როზიტა?
_ სულ იმის ბრალია, რომ ოტილი გადაიღალა, _ თქვა როზიტამ, _ ძვირფასო, კარგი იქნებოდა, მიწოლილიყავი, ვიდრე შენს ბარგს შევკრავდეთ.
ოტილი შესცქეროდა, როგორ შეუდგნენ ისინი მისი ქონების რბევას _ სავარცხლები და სარჭები დაახვავეს, აბრეშუმის წინდები დაკეცეს. თვითონ თავისი ლამაზი ტანსაცმელი გაიძრო, თითქოს უფრო სადად გამოწყობას აპირებსო, მაგრამ ამის ნაცვლად კვლავ საშინაო კაბა გადაიცვა.
შემდეგ კი დინჯი გულმოდგინებით, ვითომ თავის მეგობრებს ეხმარებოდა, ყველა ნივთს კვლავ თავ-თავისი ადგილი მიუჩინა. ბეიბიმ ამის დანახვაზე მიწას დაჰკრა ფეხი.
_ მისმინეთ, _ თქვა ოტილიმ, _ თუ შენ და როზიტა ჩემი მეგობრები ხართ, გთხოვთ, რასაც გეტყვით, შეასრულოთ. ეზოში დამაბით ზუსტად ისე, როგორც თქვენს მოსვლამდე ვიყავი. ასე ფუტკარი აღარასოდეს მოინდომებს ჩემს კბენას.
_ შე ლოთო, შენა! _ შეუტია ბეიბიმ, მაგრამ როზიტამ შეაჩერა.
_ მე მგონი, _ ამოიოხრა მან, _ ოტილი შეყვარებულია. თუ როიალმა მოინდომა მისი დაბრუნება, ესეც წამოჰყვება. და ამიტომ სჯობია, შინ წავიდეთ და ქალბატონს მოვახსენოთ, მართალი ყოფილხარ, ოტილი მომკვდარა-თქო.
_ დიახ, _ თქვა ამგვარი დრამატიზმით მოხიბლულმა ოტილიმ, _ უთხარით მათ, რომ მოვკვდი.
ასე რომ, ეზოში გავიდნენ. იქ მკერდაზვირთებულმა ბეიბიმ, რომელსაც თვალები მათ თავზე მცურავი დღის მთვარესავით დამრგვალებოდა, უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო ოტილის ხეზე მიბმაში და როზიტა ამ საქმეში მარტო დარჩა.
განშორებისას სწორედ ოტილი ტიროდა ყველაზე ცხარედ, თუმცა მიმავალი მეგობრების ხილვა სიხარულით ავსებდა, რადგან იცოდა, მათი წასვლისთანავე აღარც კი იფიქრებდა მათზე აღარასოდეს. ისინი, მაღალ ქუსლებზე ტაატით ჩამავალნი ატალახებულ ბილიკზე, ხელის დასაქნევად შემობრუნდნენ, მაგრამ ოტილის არ შეეძლო ხელის დაქნევითვე ეპასუხა და მანამდე დაივიწყა ისინი, სანამ თვალს მიეფარებოდნენ.
ოტილი ევკალიპტის ფოთოლს ღეჭავდა სასმლის სუნის გასაქრობად. ამასობაში იგრძნო, როგორ აათრთოლა ჰაერი ბინდბუნდის სიგრილემ. ყვითელმა გაამკვეთრა დღის მთვარე და ჩიტებმა დასაბუდებლად იწყეს სრიალი ხის სიბნელეში. როცა ოტილიმ როიალის ფეხის ხმას მოჰკრა ყური, უცებ ჩაიკეცა მუხლებში, კისერი ჩაჰკიდა და თვალები ღრმად აატრიალა. შორიდან შემხედვარე იფიქრებდი, ტანჯვა-წამებით ამოხდომია სულიო. იგი უსმენდა, როგორ გადავიდა სირბილში როიალის ნაბიჯები და გახარებული ფიქრობდა, ეს ელდა როიალისთვის კარგი გაკვეთილი გახდებაო.
ალმასის გიტარა

საპატიმრო ბანაკიდან უახლოეს ქალაქამდე ოციოდ მილი იქნება.
ბანაკსა და ქალაქს შორის ბაძგის ხის უამრავი ტყე აღმართულა და პატიმრები ამ ტყეებში მუშაობენ, სკიპიდრის მასალას აგროვებენ.
ციხეც ტყეშია. მას ბორბლებით გაკვალული წითელი გზის ბოლოს წააწყდებით, ეკლიანი მავთული უსურვაზივით დახლართულა მის კედლებზე. ას ცხრა თეთრკანიანი, ოცდაჩვიდმეტი ზანგი და ერთი ჩინელი კუპრწასმული მუყაოთი გადახურულ ორ მოზრდილ მწვანე ფიცრულში ცხოვრობს. თეთრკანიანებს ერთი მათგანი უკავიათ, ზანგებსა და ჩინელს _ მეორე. ყოველ ფიცრულში თითო ვეება ღუმელია, რადგან აქ ცივი ზამთარი იცის და ღამღამობით, როცა ბაძგები ყინვისგან ჭახჭახებს და მთვარე დაჭირხლულ შუქს ჩამოაფრქვევს, კაცები მღვიძარედ გაშოტილან რკინის საწოლებზე და თვალებში ღუმლის ცეცხლის ფერები უთამაშებთ.
ღუმლის სიახლოვეს მნიშვნელოვან ხალხად მიჩნეულ პატიმართა საწოლები დგას _ ვისაც პატივს სცემენ ან ეშინიათ. მისტერ შეფერი ერთი იმათგანია.
მისტერ შეფერი, როგორც მას განსაკუთრებული მოწიწების ნიშნად მიმართავენ, აყლაყუდა, ეული კაცია. ცარიელი ძვალი და ტყავია. მას ჟღალი, ჭაღარაშერეული თმა და ბერივით ხმელი სახე აქვს, თვალები კი _ დაბინდული, გაურკვეველი ფერისა. მან წერა-კითხვა იცის და ქვეშმიწერით შეკრებაც შეუძლია. როცა ვინმე წერილს მიიღებს, მისტერ შეფერს მიუტანს ხოლმე. ამ წერილთა უმეტესობა სევდიანი და ჩივილნარევია. მისტერ შეფერი ძალიან ხშირად ბევრად ხალისიან უსტარს თხზავს და არც კითხულობს ფურცელზე დაწერილს.
ფიცრულში ბარე ორმა კაცმა კიდევ იცის წერა-კითხვა, თუმცა ერთ მათგანსაც მისტერ შეფერთან მიაქვს თავისი წერილები, _ სიმართლის არცოდნით თუ იხიბლება. თავად მისტერ შეფერს არასოდეს მიუღია წერილი, საშობაოდაც კი. ჩანს, ციხის კედლებს მიღმა მეგობრები არ ჰყავს და, კაცმა რომ თქვას, არც აქ მეგობრობს ვინმესთან გამორჩეულად. თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა.
რამდენიმე ზამთრის წინ, ზამთრისავე ერთ კვირადღეს, მისტერ შეფერი ფიცრულის კიბეზე ჩამომჯდარიყო და ხისგან თოჯინას ჩორკნიდა. ამ საქმეში მეტად გაწაფულია. მისი თოჯინები ნაწილ-ნაწილ არის გამოთლილი, შემდეგ _ ზამბარისებრი მავთულით აწყობილი. ხელ-ფეხი მოძრაობს, თავი ტრიალებს.
როცა თორმეტიოდე ასეთ თოჯინას გამოთლის, ბანაკის კაპიტანი მათ ქალაქში წაიღებს და იქ შერეული საქონლის მაღაზიაში იყიდება. ამ გზით შოულობს მისტერ შეფერი ფულს ტკბილეულისა და თამბაქოსათვის.
იმ კვირადღეს, როცა ასე ჩამომჯდარი თითებს უთლიდა პატარა ხელს, ციხის ეზოში სატვირთო მანქანა შემოღოღდა. საბარგულიდან ბანაკის კაპიტანთან ხელბორკილით გადაბმული ახალგაზრდა ბიჭი ჩამოხტა, თან ზამთრის მიმქრალ მზეზე იჭუტებოდა. მისტერ შეფერმა მისთვის მხოლოდ თვალის შევლება მოასწრო. იმხანად იგი ორმოცდაათიოდე წლის გახლდათ და მათგან ჩვიდმეტი ბანაკში ჰქონდა გატარებული. ამიტომ ახალი პატიმრის გამოჩენა ვერ ააღელვებდა. ბანაკში კვირა უქმე დღეა და ეზოში მოხეტიალე ხალხი გარს შემოეხვია საბარგულს.
მოგვიანებით პიქ ექსი და გუბერი შეჩერდნენ მისტერ შეფერთან სალაპარაკოდ.
_ უცხოელია ის ახალმოსული, _ თქვა პიქ ექსმა, _ კუბელია, თუმცა თმა ყვითელი აქვს.
_ დანით მოჩხუბარი ყოფილა, კეპმა თქვა, _ დაამატა გუბერმა, რომელიც თვითონაც დანით მოჩხუბარი ბრძანდებოდა, _ მეზღვაური დაუჭრია მობილში.
_ ორი მეზღვაური, _ შენიშნა პიქ ექსმა, _ უბრალოდ, კაფეში შელაპარაკებულან. ის ბიჭები არც კი დაუზიანებია.
_ კაცს რომ ყური წაათალო, დაზიანება არ არის? ორი წელი მიუციათ, კეპმა თქვა.
_ გიტარა ჩამოიტანა, _ თქვა პიქ ექსმა, _ მთლად ალმასებითაა დაფარული.
მუშაობისთვის უკვე მეტისმეტად ჩამობნელდა. მისტერ შეფერმა ერთმანეთს მიამაგრა თოჯინის ნაწილები, პატარა ხელებში ჩაეჭიდა და მუხლზე ჩამოისკუპა. შემდეგ სიგარეტი გაახვია. ჩამავალი მზის შუქზე ბაძგები ლურჯად მოჩანდა და სიგარეტის კვამლი ნელა იფანტებოდა ცივსა და ბნელ ჰაერში. მან დაინახა ეზოს გადმოკვეთაზე მომავალი კაპიტანი. ახალი პატიმარი, ახალგაზრდა ქერა ბიჭი, ნაბიჯით უკან მოსდევდა.
ხელში ვარსკვლავებივით მოკიაფე ყალბი ალმასებით მოჭედილი გიტარა ეკავა, ტუსაღის ფორმა კი ზომაზე ბევრად დიდი მოსვლოდა და ბერიკაობისთვის გამოწყობილს უფრო ჰგავდა.
_ ვიღაც მოგიყვანეთ, შეფერ, _ მიმართა ფიცრულის კიბეზე შეყოვნებულმა კაპიტანმა. კაპიტანი მკაცრი კაცი არ ყოფილა. დროდადრო მისტერ შეფერს თავის კაბინეტში იწვევდა გაზეთში წაკითხულ ამბებზე სასაუბროდ.
_ ტიქო ფეო, _ ისე თქვა მან, თითქოს ჩიტის ან სიმღერის სახელწოდებას წარმოთქვამსო, _ ეს მისტერ შეფერია, კარგს იზამ, თუკი გეყვარება.
მისტერ შეფერმა ერთი ახედა ბიჭს და გაიღიმა. იმაზე მეტხანს გაუღიმა, ვიდრე აპირებდა, რადგან ბიჭს ცის ზოლებივით თვალები ჰქონდა _ ლურჯი, როგორც ზამთრის საღამო და თმა კი _ ოქროსი, კაპიტნის კბილებივით. მისი ონავარი, ცოცხალი და გონიერი სახის შემყურე მისტერ შეფერს არდადეგები და მხიარული დროსტარება მოაგონდა.
_ ჰგავს ჩემი პატარა დაიკო, _ თქვა ტიქო ფეომ და მისტერ შეფერის თოჯინას შეავლო ხელი. კუბელის კილო ბანანივით მშრალი და ტკბილი იყო, _ ის აგრეთვე იჯდეს ჩემს მუხლზე. 
მისტერ შეფერი ერთბაშად შეჩქვიფდა.
თავი დაუკრა კაპიტანს და ეზოს ჩრდილებს შეერია. იქ დარჩენილი ჩურჩულით წარმოთქვამდა სახელებს საღამოს ვარსკვლავებისა, მის თავზე რომ იწყებდნენ აყვავებას. ვარსკვლავები მისი გატაცება იყო, მაგრამ იმ ღამეს სიამოვნება ვერ მიანიჭეს, ვეღარ აფიქრებინეს, რომ ყველაფერი, რაც ამქვეყნად ჩვენს თავს ხდება, მარადისობის უკიდეგანო ნათებაშია ჩაკარგული. ვარსკვლავებს მისჩერებოდა და თვლებით მოოჭვილ გიტარასა და მის ამქვეყნიურ ბრწყინვალებაზე კი ფიქრობდა.
მისტერ შეფერზე დანამდვილებით ითქმის, რომ ცხოვრებაში ერთადერთი ცუდი რამ აქვს ჩადენილი. ადამიანი ჰყავს მოკლული. ამ მკვლელობის გარემოებები ყურადღების ღირსი არაა, ერთს კი ვიტყვით, რომ ის კაცი სიკვდილს იმსახურებდა და რომ ამისთვის მისტერ შეფერს ოთხმოცდაცხრამეტი წელი და ერთი დღე მიუსაჯეს. მართლაც დიდხანს, მრავალი წლის მანძილზე, მას არ უფიქრია იმაზე, რაც ბანაკში მოსვლამდე გადახდენოდა.
იმ დროთა ხსოვნა სახლს ჰგავდა, სადაც უკვე არავინ ცხოვრობს და ავეჯიც მთლად გაჩანაგდა, მაგრამ იმ საღამოს თითქოს ჭაღები გაეჩახჩახებინათ ყოველ მის პირქუშ, ჩამკვდარ ოთახში. ეს იმ წამს დაიწყო, როცა ტიქო ფეო დაინახა, თავისი აელვარებული გიტარით სიბნელეში მომავალი. ამ წუთამდე თავი მარტოდ არ უგრძნია. ახლა კი, თავის მარტოსულობას როცა ჩახვდა, გრძნობდა, როგორ ცოცხლდებოდა. მას არ სურდა გაცოცხლება. გაცოცხლება ნიშნავდა, გახსენებოდა ყავისფერი მდინარეები, სადაც თევზი ხტის და მზის ათინათი ქალის თმაზე.
მისტერ შეფერმა თავი ჩაქინდრა.
ვარსკვლავთა ციმციმმა ცრემლი მოადინა თვალზე.
საძინებელი ფიცრული, ჩვეულებრივ, პირქუში ადგილია, მამაკაცთა ოხშივრით ჩახუთული და და ორიოდ შიშველი ელექტრონათურის შუქზე გაშეშებული, მაგრამ ტიქო ფეოს გამოჩენამ ცივ ოთახზე ტროპიკული ნაკადის შემოჭრასავით იმოქმედა და ვარსკვლავებზე დაკვირვებიდან დაბრუნებული მისტერ შეფერი გამაოგნებელ და საზეიმო სანახაობას გადააწყდა.
საწოლზე ფეხმოკეცილი ტიქო ფეო გრძელი მოქნილი თითების ჩამოკვრით აჟღერებდა თავის გიტარას და ფულის წკრიალივით ხალისიან სიმღერას მღეროდა. თუმცა სიმღერა ესპანური იყო, ზოგიერთი ცდილობდა აჰყოლოდა. პიქ ექსი და გუბერი ერთად ცეკვავდნენ. ჩარლი და უინკიც ცეკვავდნენ, მაგრამ _ ცალ-ცალკე. სასიამოვნო იყო ხალხის სიცილის გაგონება და როცა ტიქო ფეომ გიტარა განზე გადადო, მისტერ შეფერმა სხვებთან ერთად ხმამაღლა გამოხატა აღტაცება.
_ მართლაც იმსახურებ ასეთ მშვენიერ გიტარას, _ უთხრა მან.
_ ეს ალმასის გიტარა, _ თქვა ტიქო ფეომ და ხელი გადაუსვა მის ჭყეტელა სამშვენისებს, _ ერთხელ მე ქონდა ლალებიანი, მაგრამ ის იყო მოპარული. ჰავანაში ჩემი და მუშაობს აი იქ, რა ქვია, სადაც გიტარებს აკეთებს. ეს ასე ვიშოვე.

მისტერ შეფერმა ჰკითხა, ალბათ, ბევრი და გეყოლებაო, და ტიქო ფეომ გაბადრულმა აღმართა ოთხი თითი. მერე თავისი ლურჯი თვალები ნდომით მოწკურა და თქვა:
_ გეთაყვა, ბატონო, მომცე შენ მე თოჯინა ჩემი ორი პატარა დისთვის?
მეორე საღამოს მისტერ შეფერმა თოჯინები მოუტანა. ამიერიდან ისინი განუყრელნი გახდნენ და მუდამ მხარში ედგნენ ერთმანეთს. 
ტიქო ფეო თვრამეტისა იყო და ორი წელი საბარგო გემზე ემუშავა კარიბის ზღვაში. ბავშვობაში სამონასტრო სკოლაში დადიოდა და ახლა ოქროს ჯვარცმა ეკიდა ყელზე. კრიალოსანიც ჰქონდა, რომელიც აბრეშუმის ყელსახვევში გამოეკრა სამ სხვა საუნჯეს _ ოდეკოლონ `პარიზის საღამოს~, ჯიბის სარკესა და რენდ მაკ ნელისეულ მსოფლიო რუკასთან ერთად. ესა და გიტარა იყო მთელი მისი ავლადიდება და ზედ ხელსაც არავის აკარებინებდა.
თუმცა, ეტყობა, ყველაზე მეტად მაინც რუკას აფასებდა. საღამო ჟამს, სანამ შუქს გამორთავდნენ, გაშლიდა მას და მისტერ შეფერს იმ მხარეებს უჩვენებდა, რომელთა შემოვლა მოესწრო: გალვესტონი, მაიამი, ნიუ-ორლეანი, მობილი, კუბა, ჰაიტი, იამაიკა, პუერტო-რიკო, ვირჯინიის კუნძულები და _ იმ ადგილებსაც, სადაც მოხვედრას ნატრობდა. ყველაზე მეტად და განსაკუთრებით იგი მადრიდში მიიწევდა და უფრო მეტად _ ჩრდილოეთ პოლუსზე. ეს ერთდროულად კიდეც ხიბლავდა და თან აფრთხობდა მისტერ შეფერს, _ ელდას ჰგვრიდა ტიქო ფეოს ზღვასა და შორეულ მხარეებში წარმოდგენა. ზოგჯერ მზრუნველად შეხედავდა თავის მეგობარს და გულში ეტყოდა, შენ მხოლოდ ერთი ზარმაცი მეოცნებე ხარო.
ტიქო ფეო მართლაც ზარმაცი ყმაწვილი გახლდათ. იმ პირველი საღამოს შემდეგ გიტარაზე დაკვრაც კი სახვეწარი გახადა. ალიონზე, როცა ზედამხედველი მოვიდოდა ხალხის გასაღვიძებლად და ამ მიზნით ჩაქუჩს დასცხებდა ღუმელს, ტიქო ფეო ბავშვივით იწყებდა სლუკუნს.
ზოგჯერ თავს მოიავადმყოფებდა, კვნესოდა და მუცელს ისრესდა, თუმცა ხრიკი არ გაუდიოდა და კაპიტანი დანარჩენებთან ერთად გზავნიდა სამუშაოდ. ის და მისტერ შეფერი ერთად გადაიყვანეს გზატკეცილის მშენებელთა ჯგუფში. ეს მძიმე სამუშაო იყო, გაყინულ თიხას თხრიდნენ და ქვა-ღორღით სავსე ტომრებს ეზიდებოდნენ. ზედამხედველი იძულებული იყო, გამუდმებით ეყვირა ტიქო ფეოსთვის, რადგან იგი მეტ დროს სადმე მიყუდების მცდელობაში ფლანგავდა.
ყოველ შუადღეს, სადილის ჯამებს რომ ჩამოარიგებდნენ, ორი მეგობარი ერთად ჯდებოდა. მისტერ შეფერის ჯამში ნუგბარ რამეებს მოიძევდით, რადგან შეეძლო თავისათვის უფლება მიეცა, ვაშლი და ტკბილეული გამოეწერა ქალაქიდან. მოსწონდა ყოველივე ამით თავისი მეგობრის გამასპინძლება, რადგან მის მეგობარს ეს ისე ახარებდა, რომ მისტერ შეფერი გაიფიქრებდა ხოლმე: `შენ იზრდები, კარგა ხანი გავა, სანამ მოწიფული კაცი დადგებოდე~.
ყველას როდი ეხატებოდა გულზე ტიქო ფეო. შურისა თუ უფრო მზაკვრული მოსაზრებების გამო, ზოგი მათგანი ამაზრზენ ამბებს ყვებოდა მის შესახებ.
თავად ტიქო ფეო თითქოს ვერც კი ამჩნევდა ამას. როცა ხალხი ირგვლივ იკრიბებოდა მისი გიტარისა და სიმღერების მოსასმენდა, დაინახავდი, რომ გრძნობდა მათ სიყვარულს. უმეტესობას მართლაც უყვარდა იგი, ისინი მოელოდნენ და სულდგმულობდნენ საათით ვაშხამსა და შუქის ჩაქრობას შორის. ტიქო, ერთი დაუკარი მაგ შენს ყუთზეო, ეტყოდნენ, და ვერ ამჩნევდნენ, რომ შემდგომ ბევრად უფრო ღრმა ნაღველი ისადგურებდა, ვიდრე ოდესმე. ძილი დამფრთხალი კურდღელივით გაურბოდათ და თვალები ფიქრიანად უშტერდებოდათ ღუმლის ცხაურს მიღმა მოჭრიალე ცეცხლის ალზე. მისტერ შეფერი ერთადერთი მიმხვდარიყო მათ მშფოთვარე გრძნობებს, რადგან თავადაც იმავეს განიცდიდა. მისმა მეგობარმა გააცოცხლა ყავისფერი მდინარეები, სადაც თევზი ხტის და ქალები, თმაში მზის ათინათით.
მალე ტიქო ფეოს პატივი ერგო საწოლი ღუმელთან, მისტერ შეფერის გვერდით ჰქონოდა.
მისტერ შეფერმა ყოველთვის იცოდა, რომ მისი მეგობარი საშინელი ცრუპენტელა ბრძანდებოდა. მას არასოდეს სჯეროდა ტიქო ფეოს არაკებისა მისი თავგადასავლების, გამარჯვებებისა და ცნობილ ხალხთან შეხვედრების შესახებ. ის მათ სახალისო მოთხრობებად უფრო მიიჩნევდა, რომლებიც სიამოვნებით შეიძლება წაიკითხო ჟურნალში და გულს უთბობდა სიბნელეში მოჩურჩულე თავისი მეგობრის ტროპიკული ხმა.
გარდა სხეულთა შეერთებისა, ანდა ამაზე ფიქრისაც კი, თუმცა მსგავსი რამ ბანაკში არვის გააკვირვებდა, ისინი შეყვარებულებივით იყვნენ. წელიწადის დროთაგან გაზაფხული ყველაზე დამანგრეველია: ყლორტები ზამთარში გაქვავებულ მიწის ქერქს ამოამტვრევს, ხასხასა ფოთლები გამოტეხს ჩამკვდარ ტოტებზე, ახალშობილი სიმწვანიდან კი რულისმომგვრელი ნიავქარი დაედინება. ჰოდა, მისტერ შეფერსაც იგივე სჭირდა, გახევებული კუნთები ემსხვრეოდა და უნედლდებოდა.
იანვარი იწურებოდა. მეგობრები ფიცრულის კიბეზე ისხდნენ და ეწეოდნენ. მათ თავზე ლიმონის ჩამონათალის ქერქივით ვიწრო და ყვითელი მთვარე მომშვილდულიყო და მოლიპული ჭირხლის ძარღვები მის შუქზე ლოკოკინას ნაკვალევივით ვერცხლისფრად ბზინავდა.
უკვე მერამდენე დღე იყო, რაც ტიქო ფეო თავის თავში ჩაიკეტა, გაყუჩებულიყო ჩრდილში ჩასაფრებული მძარცველივით. ვეღარ ეტყოდი, ტიქო, დაუკარი მაგ შენს ყუთზეო, ერთს თუ შემოგხედავდა მშვიდი, გაფანტული მზერით.
_ მიამბე რამე, _ უთხრა მისტერ შეფერმა, რომელიც დაძაბული და სასოწარკვეთილი იყო, როცა არ შეეძლო თავის მეგობარს მისწვდომოდა, _ მიამბე, როგორ წახვედი დოღზე მაიამიში.
_ მე არასოდეს წასულა არც ერთ დოღზე, _ თქვა ტიქო ფეომ და ამით თავის ყველაზე მაგარ ტყუილში გამოტყდა, თითქოს ასობით დოლარი მოეგოს და ბინგ ქროსბის შეხვედროდეს, მაგრამ ეს, ჩანდა, არც აწუხებდა.
სავარცხელი ამოაძრო და გამეტებით ჩამოისვა თმაზე. რამდენიმე დღის წინ ეს სავარცხელი გაცხარებული ჩხუბის მიზეზად იქცა. ერთმა კაცმა, უინკმა, განაცხადა, ტიქო ფეომ სავარცხელი მომპარაო, რაზეც ბრალდებულმა სახეში შეფურთხებით გასცა პასუხი. ისინი ერთმანეთს დაეძგერნენ და მისტერ შეფერმა და სხვა კაცებმა გააშველეს.
_ ჩემი სავარცხელი, უთხარი მას, _ შესთხოვა ტიქო ფეომ მისტერ შეფერს, მაგრამ მისტერ შეფერმა გადაჭრით უთხრა უარი, რადგან ეს მისი მეგობრის სავარცხელი არ ყოფილა. ასეთმა პასუხმა, ეტყობა, მთლად გააფუჭა საქმე.
_ ვაჰ, _ თქვა უინკმა, _ თუ ეგრე ძალიან უნდა, ღვთის გულისათვის, ჰქონდეს მაგ ძაღლიშვილს.
ჰოდა, მოგვიანებით უთხრა ტიქო ფეომ დაბზარული, ცივი ხმით: `მე ჩემი მეგობარი მეგონე~.
`ვარ კიდეც~, _ გაიფიქრა მისტერ შეფერმა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
_ მე არასოდეს წასულა არც ერთ დოღზე და რაც ქვრივ ქალზე თქვა, არც ის მართალი, _ მან ისეთი გააფთრებით მოქაჩა სიგარეტი, სულ ვარვარი დააწყებინა და დაფიქრებით შეაჩერდა მისტერ შეფერს, _ თქვი, აქვს შენ ფული, ბატონო?
_ მექნება ოციოდ დოლარი, _ მიუგო მისტერ შეფერმა ყოყმანით, რადგან ვერ გაეგო, რა შედეგი მოჰყვებოდა ამას.
_ არც ისე კარგი, ოცი დოლარი, _ თქვა ტიქომ, თუმცა დანანების გარეშე, _ არა უშავს, ჩვენ გზაში იმუშაონ. მობილში მე ჩემი მეგობარი ფრედერიკო ყავს. მან ჩვენ გემზე დასვას. იქ კი საშიში აღარაა. _ ისე ამბობდა, თითქოს მოსალოდნელ აგრილებაზე ლაპარაკობსო.
მისტერ შეფერს გული მოეწურა, კრინტიც ვეღარ დაძრა.
_ აქ ვერავინ შეძლოს ტიქო დაეწიოს. ის ყველაზე სწრაფად დარბის.
_ ტყვიები უფრო სწრაფად დარბის, _ წარმოთქვა მისტერ შეფერმა ძლივს გასაგონად, _ მე ძალზე ბებერი ვარ, _ დაამატა მან და ცხოვრებისეული გამოცდილება გულისრევასავით აუქაფდა შიგნით.
_ და მერე სამყარო, სამყარო, ელ მუნდო, ჩემო მეგობარო, _ ფეხზე მდგომი ტიქო ფეო ყურს არ უგდებდა და კვიცივით ცმუკავდა. და ყველაფერი მის შეთქმულს ჰგავდა, _ მთვარეც, ბუკნაჭოტების გადაძახილიც.
_ იქნებ ჩვენ მადრიდში წავიდნენ? იქნებ ხარებთან ბრძოლა მასწავლოს ვინმემ? როგორ გგონია, ბატონო?
არც მისტერ შეფერს ესმოდა რამე.
_ მე ბებერი ვარ, _ ამბობდა, _ ჯანდაბას, რა ბებერი ვარ!
მომდევნო რამდენიმე კვირა ტიქო ფეო სულ კუდში დასდევდა, _ `სამყარო, ელ მუნდო, ჩემო მეგობარო~; მისტერ შეფერს დამალვა სურდა.
იგი ტუალეტში იკეტებოდა და თავს ხელებში რგავდა. თუმცა მაინც იმედაშლილი, ატაცებული იყო: რა იქნება, მართლაც მოხდეს და ტიქო ფეოს მხარდამხარ გაეშუროს ტყის გადაღმა, ზღვის ნაპირისკენ? და თავს გემზე წარმოიდგენდა, იგი, ვისაც ზღვა თვალითაც არ ენახა, ვის ცხოვრებასაც მთლიანად ხმელეთზე ჩაევლო. ამასობაში ერთი პატიმარი გარდაიცვალა და ეზოში ჩაქუჩის კაკუნი გაისმოდა _ კუბოს კრავდნენ. ყოველი ლურსმნის ჩაჭედებაზე მისტერ შეფერი გაიფიქრებდა: `ის ჩემთვისაა, ჩემია~.
თავად ტიქო ფეო არასოდეს ყოფილა უკეთეს გუნებაზე. მოცეკვავესავით მსუბუქად და ჟიგოლოსავით მოხდენილად მიმოდიოდა და ირგვლივ ყველას ეხუმრებოდა. ფიცრულში ნავახშმევს მისი თითები შუშხუნებივით დასტრიალებდნენ გიტარას. მან კაცებს `ოლე~-ს შეძახება ასწავლა და ზოგმა მათგანმა ქუდიც შეტყორცნა ჭერში.
როცა საგზაო სამუშაო დასრულდა, მისტერ შეფერი და ტიქო ფეო ტყეებში დააბრუნეს.
ვალენტინობა დღეს სამხარს მიირთმევდნენ ბაძგის ხის ქვეშ. მისტერ შეფერს თორმეტიოდე ფორთოხალი ჩამოსვლოდა ქალაქიდან და ახლა აუჩქარებლად თლიდა, ქერქი სპირალებად ეხვეოდა. ყველაზე წვნიან ნაჭრებს თავის მეგობარს აწოდებდა, რომელიც ამაყი იყო იმით, რომ ასე შორს _ ბარე ათ ნაბიჯზე შეეძლო კურკების გადაფურთხება.
ცივი მშვენიერი დღე იდგა. მზის შუქის ლაქები პეპლებივით დაფარფატებდა მათ ირგვლივ და მისტერ შეფერი, რომელსაც ხეებთან მუშაობა მონატრებოდა, მოდუნებული და ბედნიერი იყო. აი, მაშინ თქვა ტიქო ფეომ: `აი ის, ბუზს არ ააფრენს~. ის არმსტრონგს გულისხმობდა, ღორივით სახენასუქ კაცს, რომელიც თოფს დაყრდნობილი იჯდა. იგი ყველაზე ახალგაზრდა იყო ზედამხედველთა შორის და ბანაკშიც ახლახან მოსულიყო.
_ რა ვიცი, _ თქვა მისტერ შეფერმა.
მან არმსტრონგი შეათვალიერა და შენიშნა, რომ ახალი ზედამხედველი, ერთდროულად მძიმეწონიან და ქედმაღალ ადამიანთა უმეტესობის მსგავსად, მსუბუქად და მოქნილად მოძრაობდა, _ ეგ შეძლებს შენს გაბრიყვებას.
_ ის მე გავაბრიყვებ, იქნებ, _ თქვა ტიქო ფეომ და ფორთოხლის კურკა არმსტრონგისკენ გააფურთხა. ზედამხედველმა შეუბღვირა და სასტვენს ჩაჰბერა. ეს მუშაობის დაწყების ნიშანი იყო.
ნაშუადღევს მეგობრები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად სათლებს ალურსმავდნენ გვერდიგვერდ მდგომ ხეებზე. მათ შორიახლოს, დაღმა, თავთხელი ნაკადული მირაკრაკებდა ხეებს შორის.
_ წყალში არა სუნი, _ თქვა ტიქო ფეომ დანაწევრებით, თითქოს ოდესღაც გაგონილს იხსენებსო, _ ჩვენ წყალში გაიქცევა; დაბნელებამდე ჩვენ ხეზე ავლენ. დიახ, ბატონო?
მისტერ შეფერი ჩაჭედებას განაგრძობდა, მაგრამ ხელი აუკანკალდა და ჩაქუჩი ცერზე დაიკრა. გაოცებულმა შემოხედა თავის მეგობარს, თუმცა სახეზე ტკივილის ნიშანწყალი არ ეწერა და არც ხელი გაუქანებია პირისკენ, როგორც ჩვეულებრივ ამ დროს სჩადის ადამიანი.
ტიქო ფეოს ლურჯი თვალები ბუშტებივით დაბურცვოდა და ბაძგის კენწეროებში მოშრიალე ნიავზე ჩუმად რომ წაიჩურჩულა: `ხვალ~, ეს თვალებიღა იყო, რის დანახვაც კიდევ შეეძლო მისტერ შეფერს.
_ ხვალ, ბატონო?
_ ხვალ, _ თქვა მისტერ შეფერმა.
დილის პირველმა სხივებმა შეაფერადა ფიცრულის კედლები და მისტერ შეფერმა, რომელსაც რული არ გაჰკარებია, იცოდა, ტიქო ფეოც ფხიზლობდა.
ნიანგივით მილულული თვალებით აკვირდებოდა იგი მეგობრის საქმიანობას გვერდით საწოლზე. ტიქო ფეომ თავისი განძთსამალავი ყელსახვევის ნასკვი გამოხსნა. ჯერ ჯიბის სარკე ამოიღო. მისი მქრქალი ათინათი სახეზე აუტოკდა. ერთხანს თავისი თავის ცქერით ტკბებოდა სერიოზული აღტაცებით, თან თმას ივარცხნიდა და ისე იტკეპნიდა, თითქოს წვეულებაზე საცეკვაოდ ემზადებაო. შემდეგ კრიალოსანი ჩამოიკიდა გულზე. არც ოდეკოლონი გაუხსნია და აღარც რუკა.
უკანასკნელი, რაც გააკეთა, გიტარის აწყობა იყო. სანამ სხვა კაცები ტანთ იცვამდნენ, იგი თავისი საწოლის კიდეზე მჯდომი სიმებს მართავდა. საკვირველი იყო, ხომ უნდა სცოდნოდა, რომ მასზე აღარასოდეს დაუკრავდა.
ჩიტების ჟღურტული მიაცილებდა დილის დანისლულ ტყეებში მიმავალ კაცებს. სათითაოდ გამწკრივებულნი მიაბიჯებდნენ, ორმოცდაათნი თითოეულ ჯგუფში. ყოველ მწკრივს ზედამხედველი მისდევდა უკან. მისტერ შეფერს ისე ასხამდა ოფლი, როგორც პაპანაქება სიცხეში.
ამაოდ ცდილობდა ნაბიჯი აეწყო თავისი მეგობრისათვის, რომელიც წინ მიაბიჯებდა და თითების ტკაცუნითა და სტვენით ეხმიანებოდა ჩიტებს.
ნიშანი დათქმული ჰქონდათ.
ტიქო ფეოს უნდა დაეძახა: `შესვენება~ და ხის უკან გასვლა მოეთხოვა, მაგრამ როდის, მისტერ შეფერმა არ იცოდა.
ზედამხედველმა არმსტრონგმა სასტვენს ჩაჰბერა, ხალხის მწკრივი დაიშალა და თავ-თავის ადგილებზე დანაწილდა. მისტერ შეფერი, რამდენადაც შეეძლო, აკეთებდა მის საქმეს, მაგრამ თან ცდილობდა ტიქო ფეოზეც და ზედამხედველზეც თვალი სჭეროდა. არმსტრონგი კუნძზე იჯდა, სახემოღრეცილი ღეჭავდა თამბაქოს. მისი თოფის ლულა მზეს უმიზნებდა. დანამდვილებით ვერ მიხვდებოდი, საით იყურებოდა მისი ბანქოს შულერივით თაღლითური თვალები.
ერთხელაც სხვა კაცმა ითხოვა შესვენება. მისტერ შეფერმა მაშინვე კი იცნო, რომ ხმა მისი მეგობრისა არ იყო, მაგრამ პანიკამ მაინც წაუჭირა ყელში. გაწელილი დილის საათები დაფდაფივით ფეთქავდა მის ყურებში და შიშობდა, რომ ნიშანს ვეღარ გაიგონებდა.
მზემ ცის შუაგულს მიატანა.
`ის ერთი ზარმაცი მეოცნებეა. ეს არასოდეს მოხდება~, _ გაუელვა მისტერ შეფერს და ამ აზრს მოეჭიდა.
_ ჩვენ ჯერ უნდა ჭამონ, _ საქმიანად გამოაცხადა ტიქო ფეომ, როცა თავიანთ ჯამებს მიუსხდნენ ნაკადულის პირას. უსიტყვოდ ილუკმებოდნენ, თითქოს დამდურებულები ყოფილიყვნენ, მაგრამ ბოლოს მისტერ შეფერმა ხელზე თავისი მეგობრის გულთბილი შეხება იგრძნო.
_ მისტერ არმსტრონგ, შესვენება.
ნაკადულის სიახლოვეს მისტერ შეფერმა ტკბილი გუმფისის ხე შენიშნა და ახლა ფიქრობდა, მალე გაზაფხულდება და ტკბილი კევი დასაღეჭად ივარგებსო. სრიალა ნაპირიდან წყალში ჩაშვებისას ბასრმა ქვამ გადაუსერა ხელისგული. წამოდგა და გაიქცა; ფეხები გრძელი ჰქონდა და ტიქო ფეოს არ ჩამორჩენია. მათ ირგვლივ ყინულის გეიზერები იფრქვეოდა. წინ და უკან, ხეებს შორის ისე გუგუნებდა კაცების შეძახილები, როგორც გამოქვაბულში.
სამჯერ გაისროლეს, სამჯერვე ჰაერში, თითქოს ზედამხვედველი ბატების გუნდს ცხრილავდა.
მისტერ შეფერმა ვერ შენიშნა ნაკადულზე გადებული მორი. ეგონა, ისევ გავრბივარო და ფეხების ქნევას განაგრძობდა. გულაღმა ამობრუნებულ კუს მიაგავდა.
ასე მბორგავს მისკენ დახრილი მეგობრის სახე, ასეთი შორეული და გამკიცხავი, ზამთრის ცის ნაწილად მოეჩვენა. ის ერთხანს კოლიბრივით ეკიდა მის თავზე და მისტერ შეფერი ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, რომ ტიქო ფეოს სინამდვილეში არ უნდოდა მისი აყოლიება, არც კი ეგონა, თუ გაქცევას დასთანხმდებოდა. და მისტერ შეფერმა უწინდებურად გაიფიქრა, რომ ბევრ დროს უნდა გაევლო, ვიდრე მისი მეგობარი მოწიფული კაცი დადგებოდა. როცა იპოვეს, იგი კვლავ წყალში იყო გაწოლილი, თითქოს ზაფხულის შუადღეს მოცალედ მისცემია დინებასო.
მას შემდეგ სამი ზამთარი გავიდა და ყოველ მათგანს უცივესი და უგრძესი ეთქმის. გასული ორი თვის გადაუღებელმა წვიმამ ისე აატალახა ბანაკში მიმავალი თიხატკეპნილი გზა, რომ იქ ჩაღწევაც და გამგზავრებაც უწინდელზე მეტად გაძნელდა.
კედლებზე წყვილი პროჟექტორი მიამაგრეს და ღამღამობით გოლიათი ჭოტის თვალებივით ანათებს იქ. სხვა მხრივ კი ბევრი არაფერი შეცვლილა. მისტერ შეფერიც თითქმის ადრინდელივით გამოიყურება, თუ არ ჩავთვლით, რომ თმაში ჭაღარა შეემატა და გატეხილი წვივის გამო კოჭლობით დადის. თვით კაპიტანმა თქვა, რომ მისტერ შეფერმა წვივი ტიქო ფეოს დაჭერის მცდელობისას დაიზიანა. მისტერ შეფერის ფოტოც დაბეჭდეს გაზეთში წარწერით `ცდილობდა გაქცევა აღეკვეთა~. ამით იგი ღრმად შეურაცხყოფილი დარჩა, არა იმიტომ, რომ იცოდა, სხვა კაცები მასხრად იგდებდნენ, არამედ შიშობდა, ვაითუ, ტიქო ფეომაც ნახა ესაო. თუმცა მაინც ამოჭრა გაზეთიდან და კონვერტში ინახავს რამდენიმე სხვა ამონარიდთან ერთად, მის მეგობარს რომ უკავშირდება: ერთმა შინაბერამ განუცხადა ხელისუფლებას, იგი სახლში შემომეჭრა და მაკოცაო; ორჯერ იტყობინებოდნენ, რომ მობილის შემოგარენში ენახათ, ბოლოს კი ირწმუნებოდნენ, ქვეყანა დატოვაო.
არავის შეუტანია ეჭვი იმაში, რომ გიტარა მისტერ შეფერის კუთვნილება იყო.
რამდენიმე თვის წინ ახალი პატიმარი მოვიდა ბანაკში. იგი კარგ დამკვრელობას იჩემებდა და მისტერ შეფერი დაითანხმეს, გიტარა ეთხოვებინა მისთვის, მაგრამ იმ კაცს ყოველი ჰანგი ისეთი მჟავე გამოსდიოდა, იფიქრებდი, იმ დილით, გიტარას რომ აწყობდა, ტიქო ფეომ მას ნამდვილად შეულოცაო. ახლა გიტარა მისტერ შეფერის საწოლქვეშ განისვენებს და მის ყალბ ალმასებს სიყვითლე ეპარება. ზოგჯერ, ღამღამობით, მისი ხელი მიაგნებს სიმებს და თითები ნელა ჩამოჰკრავს: "და-მე-რე-სამ-ყარო"..