შემოეფლანგათ მშობლებს სამშობლო,
შემოეფლანგათ მშობლებს შვილებიც.
შვილებს აღარ სურთ შვილები შობონ
მშობლების სისხლზე დაგეშილები.
რა ქვეყანაა შურის უდაბნო,
გზას,უმეგზუროს,ჰქვია ქვეყანა.
ყველა მოსეა და ვერ შეთანხმდნენ,-
ხალხი ვის როგორ გამოეყვანა.
და გაიწელა წელი ორმოცი
და ნაფუძარზე ჰყივის მამალი.
ერთმანეთისთვის გათხრილ ორმოში
წევს წინამწეც და შთამომავალიც.
,,რა ხლხი ჰკვეთდა - ჰკვირობს გამვლელი -
მიუვალ კლდეში უფლის დარბაზებს?!
ალბათ,თვით ღმერთი თავისი ხელით
წერდა სასწაულს მიწის დაფაზე.''
აქ განისვენებს ერი,რომელიც
იყო მაღალ ღმრთის თანამშრომელი,
მაგრამ ზედმეტმა ამპარტავნებამ
თავზე დაამხო დასამხობელი.
ვერ აიტანა შვილი მშობელმა,
ვერ აიტანა შვილმა მშობელი.
მეც ერთი იმ ბედავთაგანი ვარ,
მათი უიღბლო ამბის მთხრობელი.