ჩემი გული როგორც ფუტკრების სამყარო, სავსეა ბზუილით.
ამ გულში ხმაურობს სიცივის სიშიშვლის უმზეო სამოსი,
აღარ აქვს ფასი და ერთ თარგში იჭრება მართალიც, ტყუილიც,
გაწვდილი ხელებით, დაღლილი თვალებით... უსასრულობაში...
მე მჯერა უფლის და მე ვითვლი დღეების ფერების სიმრავლეს,
გამხმარი ფოთლები დღეს ისევ მაწუხებს, (არა და მჯეროდა,
რომ წარსულს ვაჩუქე ძველი ტკივილები, სიცრუეც, სიმართლეც)
და მაინც თამამად ვუხმობ ფოთოლცვენას, ალუბლის ჩეროდან...
ფერების სიმრავლეს ვადარებ წარსულს და წარსულის ჰანგებზე
ვაწყობ მომავალისთვის (ალბათ საიმედო) ნაცნობ მელოდიას.
მაინც ოცნებებით (მჩვევია ბავშვივით) დავფრინავ მთვარეზე,
ბევრი რამ ანათებს, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველა მზე როდია...
ხმაურობს სამყარო, ფერებით დაღლილი, მიწას და ცას შორის,
იფარებს წარსულის ფურცლებით შეკერილ, მომავლის მანტიას,
მზე მზეობს, ანათებს, ათბობს და ამშვიდებს, ძვირფასს და მათ შორის
ნაკლებად ძვირფასსაც, ერთად და ერთ თარგში... ცაზე მზე ანთია...