ღამეა...ელავს... ალბათ,წვიმდება.
თბილ სამოსელშიც მცივა გახვეულს.
მივათრევ სახლში, როგორც იქნება,
ხეტიალისგან მოთენთილ სხეულს.
გამიშლის საწოლს და თან მსუბუქი
საყვედურებით ამავსებს დედა.
ხელები - ცივი, ტუჩები - მუქი,
ამომიყვანეთ საყინულედან.
დავხუჭავ თვალებს, მგონია ვკვდები
და ძილიც თითქოს არ მოდის განგებ.
სახურავზე კი წვიმის წვეთები
სამგლოვიაროს უკრავენ ჰანგებს:
"გსურს, შხამი შესვი, თუ გსურს, ილოთე;
სხვისია ვერტერ, სხვისია ლოტე.
გსურს, გერმანია შესარ გოდებით,
გსურს, მოთმინებით სახლში ელოდე:
ისე მოკვდები, ისე მოკვდები,
არ დაგამშვიდებს, არ მოვა ლოტე!"
ვიღაცა გულზე მიჭერს მარწუხებს,
ჩემი ტკივილი არვის აწუხებს.
ქარები და ფოთლები
ქარები სიყვარულს უხსნიან ფოთლებს და
ოქროს კოშკს ჰპირდებიან ცაში.
ნაღვლობს დედა ხე: "ვაითუ, მიენდოს და
ვაითუ, დამეღუპოს ბავშვი".
იცის დედა ხემ ქარების ეშმაკობა,
მაგრამ ეს არ ესმით შვილებს:
შორდებიამ დედას და ქარებს ანდობენ
თავიანთ სიყმაწვილეს.
მიწა ხომ ზეცაზე ახლოა, სიკვდილიც
პირველად გვიმიზნებს ფრთაში
ვეშვებით, - ქარებს კი მზადა აქვთ პასუხი -
"ეს არის ცხოვრების ფასი!"
ქარები... ქარები... ფოთლები... ფოთლები...
ქვემოთ კი - წუმპე და მყარი...
ბედნიერია, ვინც ცაში მოკვდება,
და მაინც, სასტიკია ქარი.