მალე სამუდამოდ დავიშლებით,
ქრისტე ჩამოგვძახებს - "დროი არი!"
კბილები - თეთრი კლავიშები,
ბაგე - მდუმარე როიალი.
იქნებ ერთი სიტყვა გაიმეტო,
სამტროდ შემართული ამორძალო,
ქალი - არ ყოფილა საიმედო,
კაციც - დავარდნილი სამოწყალოდ.
მერე ზედმეტია ყველა ფრაზა,
როგორც ფაციფუცი საამდღიო.
მინდა უცნაური ჩემი ბრაზი
მიწას ბალღამივით დავანთხიო.
ხალხო, ბოროტო და უკეთურო,
მერე გეომნათ და გეყაყანათ,
მინდა, როგორც მწარე გაკვეთილი,
ცეცხლით გადავბუგო ეს ქვეყანა.
ხალხო, კეთილო და უბედურო,
ჩემებრ მოწამლულნო სხვა იჭვებით,
თქვენთვის მზის ნათებას, უგუნურად,
მკერდში ჩავიკრავ და დავიწვები.
მალე სამუდამოდ დავიშლებით,
ქრისტე ჩამოგვძახებს - "დროი არი!"
კბილები - თეთრი კლავიშები,
ბაგე - მდუმარე როიალი.
გაუგზავნელი ბარათი
მთის ფერდობიდან დაძრული ნისლი
ზარმაც გლეხივით ჩამოდის ბარად,
ჩემს სანახავდ თქვენ ვერ მოიცლით
და ამიტომაც გიგზავნით ბარათს.
წარსულ ტკივილებს შევეკარ ზავით,
ყრმობის სიზმრებმაც სუნთქვა განაბეს,
მეც, თავის დროზე, პაოლოსავით,
ძმად და მეგობრად ვყვანდი განაბებს.
გავექეც შავი ფიქრების კრებულს,
არ ვაკვირდები ცაში ვარსკვლავებს,
ბრალი იმისი, ვინც შეყვარებულს
ყაჩაღისაგან ვერ განასხვავებს.
ღმერთმა ისმინა ჩემი "ოსანნა",
ვიღაც ტანჯულმა მნახა უხატო,
სიკეთისათვის პატიოსან კაცს
მადლობა როგორ გადავუხადო.
გაიგონებდით, ალბათ ნახავდით,
მიმწუხრის შემდეგ ვუცდი ალიონს,
მე შევიყვარე ჩემივ ნახატი,
მიყვარდით ისე, ვით პიგმალიონს.
სხვა არაფერი ვიცი ახალი,
მზეს ჩავეკრები - ისე მაციებს,
მე გევედრებით - თქვენი დაქალი
ნუ დასწერს ჩვენზე დისერტაციებს.
ვერ გადავიქეც უჩინმაჩინად.
ყოველ ნაბიჯზე მხვდება ჭორები,
არ მაგინდებით, კარგო, მაშინაც,
როდესაც მეძავს ვეამბორები.
ნუთუ საგულე აივსეთ ქვებით,
მე სხვა ვარ ახლა, სხვა ვიყავ წინათ,
ოი, ასეთი მწარე სიტყვებით,
მაპატიეთ თუ გული გატკინეთ,
მაპატიეთ თუ მიყვარდით თითქოს,
მაპატიეთ თუ ცოცხალვარ დღემდე,
მაპატიეთ თუ შენდობას ვითხოვ
ჩაუდენელი ცოდვების შემდეგ.