Litclub.ge

***როცა მზე ლომზე შევალს
როცა მზე ლომზე შევალს,
როცა შემოვალს ჰეროდე;
როკავდეს სალომეა,
ჰეროდეადა მღეროდეს.
ვიგრძნობ სიკვდილშიც შველას,
ოღონდაც უფლის მჯეროდეს.
როცა მზეს მთვარე შეცვლის,
როს მოძღვარს გაცვლის იუდა;
მას ოცდაათი ვერცხლი
ოცდაათ სიკვდილს მიუტანს.
ამხელა ამბის შემსწრეს
მქონდეს იმედი კი უნდა.
და, როცა სამი ჯვრიდან,
ერთი ისეა მაღალი;
ცასაც ხელს შეუწვდიდა
იმ ჯვარს ზედ ვინც დავაკალით,
ვით არ მიყვარდეს დიდად,
ვინც მაძლევს ასეთ მაგალითს.
მერყევი, მაინც კლდე ვარ;
მე - სამჯერ, სხვებმა - სამასჯერ...
ყურში ვუგმირე მხედარს,
ყურზე ხახვიც ვერ დამაჭრეს,
ჩემს უფალს ხელებს ხვევდა
ის საოხრე და საბაწრე.
აღსდგა, ხომ მაინც აღსდგა!
რისი "ვუი" და რისი "ვა..."
მეც აქ დამაგდო, რადგან
იქ ყოფნის მე რა ღირსი ვარ...
ამ ბრმას, რა ძალა ადგას,
თვალები რომ დაისივა.
ახლა კი ვიყოთ ასე -
ერთად და, მაინც თავისთვის.
ღმერთს არ ვისვამდით თავზე,
ბოლოს ეშმაკი დავისვით.
მე თქვენთან როგორ დავრჩე,
წავალ... სად წავალ - რა ვიცი?!
მწამს... ვიმედოვნებ... მიყვარს...
მჭამს ეჭვი აუწერავი;
ყოველ ამბორში - სიძვა,
ყოველ მზერაში - მზვერავი...
ამ უსამართლო მიწას
ვერ შემარიგებს ვერავინ!