Litclub.ge

თითქმის ზღაპარი (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)
ერთხელ იქნება შეხსნიან რაზას უიმედობას,
ბნელში დათესილს,
და ქარბუქიდან გამოქცეული შინ დაბრუნდები
ზღაპრულ კარეტით,
სახლში დაგხვდება თბილი ლოგინი და
თეთრეული უქათქათესი,
ხედავ, სირჩაში წყაროს წყალია,
გამორჩეული სიანკარეთი.
ძილი გექნება საოცრად მშვიდი, თითქოს ბავშვობა
დაბრუნდა აფრით,
დიდი ხანია არ გძინებია შენ ასე ლაღად და
ასე ტკბილად,
გამოგაღვიძებს წიწოვანი ტყის სურნელი ამო,
სურნელი მძაფრი,
კარს შემოაღებს ოცნების ქალი და გაგითენებს
ალერსში დილას...