Litclub.ge

ძილისფერ თოვლში
როცა ძილისფრად მღელავ მიმოზებს 
მშობლიურ თოვლში მზე ეწვათ წინათ, 
მათ სივრცეები გადაილოცეს 
და თეთრ საბანში უსაბნოდ სძინავთ... 
მაშინ წამწამებს მოჰგვარა ძილმა 
გადაფითრების ლანდი – მსახური; 
და ჩაესვენა ასეთი ხილვა 
თვალებს უდროო და უსახური.“ 
ეხლა კი თოვის თეთრი კვირტები 
აწ გარდასულის როცაა განცდა, 
თითქოს იმავე თოვლს ვაკვირდები 
შენი სურნელის დაღი რომ აჩნდა... 
და მონანავე დაფნათა ნებზე 
მხოლოდ წამების ვრჩები უფლებით 
ვინც ანგელოსთა დამტვრეულ ფრთებზე 
შანდლებთან დემონს ვესაუბრები. 
წელიწადებმა – ზღვად მეამბოხეს – 
შეფარებულმა ცისფერ მანტიებს, 
ნააღსარები „ან აქ რად მოხველ!“ 
სცადეს და... მაინც ვერ მაპატიეს. 
როგორ იწამა სულმა ამაზე, 
უწინ უძველეს ღვინის მხლებელმა 
რომ ვერ დაფარა ის სილამაზე, 
სხვა, დიდთოვლობის ნელსაცხებელმა. 
რომ აქავეა რაც კვალში მსდევდა, 
პოეზიათა ვარდისფერ თაღში, 
ვით ერთი მგოსნის ძვირფასი სევდა 
„დღეს გოგონები არ წავლენ ბაღში!“ 
ცივ უდაბნოში რომ გადაენთო 
რასაც სიმშვიდე საკმელად იხვევს... 
და მხოლოდ ეჭვის ეხლება ექო, 
ბევრ, უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს... 
და ვით ბუალო ვჭედდი ჭიანურს, 
ვეტოლებოდი ჰანგით ბუნებას, 
ვეძებდი იმ ზეადამიანურს 
რითაც ვპოვებდი განადგურებას. 
მეკარგებოდა გზად ნაბიჯები 
თუმც პორფირები მესხა სამეფო, 
სულს დაბინდებით ვიმახინჯებდი, 
რომ ძეწმინდისა უკეთ გამეგო. 
მე, სიყვარულის ჩაწყვეტილ სიმად 
ვესიზმრებოდი მღელვარე ქალებს, 
როცა ნამქერნი იმკობდნენ მძივად 
მეტყველი მზერით დახუჭულ თვალებს 
და თეთრ ხელთათმანს ისევ მესვრიან 
მწვანე ნაძვები ძველი ცდუნებით 
მგოსნის სიცოცხლე ერთი ლექსია 
ყოველდღიური სათაურებით. 
რომ დუელშია სულთან ფარულად 
მგოსნის გენია ეტლებად მქროლი, 
და მზემოკლეობს უსიყვარულოდ 
ვით მირჰაკანით მოსული თოვლი. 
მაშინ შხამისაც შვებაა მირქმა, 
დაუნანებლად ცოდვილი თავის, 
როცა დაცემულ ფარდების მიღმა 
აპრილმისჯილი ზამთარი ბღავის. 
მაშ მდუმარებას რატომ ვერ არღვევს, 
ნებზე ნებივრად მწოლი ნაგანი, 
თუ ეყვავილა უცხო მებაღეს, 
ერთი პრინცესა იმათთაგანი; 
ან დაღუპული ხომალდის აფრებს 
დღეის ქროლვები საიდან ხრიან, 
რად მოდის თოვლი ყოველთვის ადრე, 
გაზაფხული კი ძალიან გვიან. 
ან ამ მოთმენას ვისთვის მავალებს, 
გველთა ეპოქა ცურებცბიერი, 
რომ ვათაყვანო ჯორდანო ალებს 
და გილიოტინს რობესპიერი. 
მახსოვდეს თოვლი შორი და მშვიდი 
იმ წუხილების თანამეთოვე, 
შენს ნაფეხურებს სუნთქვით რომ ვშლიდი 
რათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვე 
და დღეს ჩვენებაც, ელამ – რიოში 
მზერას სერავდეს ავლებად დაშნის, 
რომ შენ მიდიხარ ძილისფერ თოვლში 
და შენს ნაკვალევს არავინ არ შლის.
2009 წ.