უსაქმურმა ბაბაჭუამ
ქსოვა იცის აჩა–ბაჩა,
ერთი ძაფი ალთას მიდის,
ერთი ძაფი მიდის ბალთას.
ბუტერბროდებს ბებო აჭმევს,
თმას უვარცხნის, ტანზე აცმევს,
ბოდიში და ღამღამობით
ქოთანზეც კი ბებო აჯენს.
ან ძინავს და კოტრიალობს,
ან უაზროდ ბორიალობს.
ერთხელ ბებოს აწყენინა,
ღამით თავი აძებნინა,
თვითონ კარის მეზობელთან
ჭორაობდა არხეინად.
ბებო ძლიერ გაუჯავრდა,
ხან ახტა და ხანაც დახტა,
მერე აბგა მოიკიდა,
მეგობართან გადაბარგდა.
დარჩა მარტო ბაბაჭუა,
მშიერია, რა თქმა უნდა.
აბლაბუდა ჩამოქსოვა,
აჩა–ბაჩა, აბდა–უბდა.
ბევრს ეცადა, როგორ არა,
ასეც ხლართა, ისეც ხლართა,
მაგრამ მაინც ბუზის ნაცვლად
ქსელში თვითონ გაიხლართა.
...ახლაც იქ ზის, ბებოს ელის,
ის თუ არა, ვინ უშველის?!