Litclub.ge

ქარზე უფრო ქარული...
   "ჩქარი გრგვინვა გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები"
                                                      გალაკტიონი
დრო ველური ფლოქვების, მოუთოკავ ჭენებით,
მიჰქრის როგორც მიჰქროდა, ქარზე უფრო ქარული,
სტიქიათა ბორგვების, ძალით დანამშვენები,
ცის იქიდან თითქოსდა ჩემთვის შემოპარული.
გალეშილი ფართობი, თავბრუდამხვევ ქუჩებით,
ცის თაღების მშვენება, თოვლიანი კლდეები,
ამ ქროლებას დათმობით ვერც მე გადავურჩები,
სივრცეს დაეშენება ლანდი სამოთხეების,
ვარსკვლავების ჩასუნთქვა, დილის ცაზე რომელიც,
ვერ თმობს იდუმალებას შორეული ნაპირის,
სადღაც ნისლიც დაცურდა საბნად გადმომწოლელი,
ღამის სავსე მთვარობას ისევ შენთავს დავპირდი.
რადგან შენი სურნელი ქვეყნად ყველაფერია,
ირგვლივ ქარაფებია, ცას კიდული ბაღები,
გული გაუხუნელი სისხლით შენაფერია,
თითქოს არაფერია ზეცის იალაღები.
მაგრამ იმ სიწმიდეში ალბათ სულ სხვა სულია,
გზებს რამდენი უვლიათ აქაფებულ ზვირთებით,
წარმართობა ქრისტეში ისე გადასულია,
როგორც გადაწნულია ზოგჯერ ჩვენი თითები.
წამებული ტაეპის, ამოძრომა ქაფიდან,
შენს თვალებში ფარული, ცაზე ლურჯი კესანე,
გული ისევ ღვთაებრივ სივრცეებში გაფრინდა,
მას მხოლოდ სიყვარულის ფრთებს ვერ შეუკვეცავენ,
გაცრეცილი სამოსით, შლეგად შენაჩვენები,
ისევ დილამ დამათრო სხივთა ჩვეულ ზმანებით,
და ამ მწყობრი ქაოსით, ამ ველური ჭენებით,
დროის უმისამართო ძარღვით მივექანები...