წყაროდ გამოყენებულია ისტორიკოს ელდარ ბუბულაშვილის
სტატია “ცარიზმის საეკლესიო პოლიტიკა საქართველოში და
მისი შედეგები (XIX საუკუნის II ნახევარი)”,
ჟურნალი “რელიგია”, 2003 წ. #1,2,3,
საქართველოში ფეხის მოკიდებისთანავე რუსეთმა პირველი რიგის ამოცანად დედა ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება დაისახა, რამეთუ სწორედ იგი მიაჩნდა უმთავრეს წინაღობად საკუთარი იმპერიული ზრახვების განხორციელების გზაზე.
ჩანაფიქრის თანახმად საქართველოს ეკლესია პეტერბურგს მსუფევი წმინდა სინოდის დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყო (ეს სინოდი 1721 წლიდან საერო დაწესებულებას წარმოადგენდა და მას საერო პირი – ობერ–პროკურორი მართავდა).
აღნიშნულ სინოდს დაქვემდებარებული საეგზარქოსოს მეშვეობით რუსეთს მნიშვნელოვნად გაუადვილდებოდა საქართველოში საკუთარი პოლიტიკის გატარება.
უკვე პირველი მთავარმართებლის ციციანოვის დროს დაიწყო ეკლესიის საქმეებში აქტიური ჩარევა. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იყო ეკლესიის უძრავ–მოძრავი ქონების ოდენობის ზუსტად განსაზღვრა.
ავტოკეფალიის გაუქმებამდე რუსული ხელისუფლება კათალიკოს ანტონ II–ს გარდაცვლილ ეპისკოპოსთა ნაცვლად ახლის არჩევის უფლებას არ აძლევდა და, ამ გზით, მექანიკურად აუქმებდა საეპარქიოებს.
ასევე ავტოკეფალიის გაუქმებამდე დაიწყო დედა ეკლესიის კუთვნილი ქონების მიტაცება. ეკლესიას ჩამოერთვა ერეკლე II–ს აბანო, 13 ბაღი, 11 სახლი, 28 დუქანი, სამღებრო, სათევზაო ადგილები, ქარვასლა, ჩელიაქის საბაჟო გარდაბანში და სხვანი.
პარალელურად მიმდინარეობდა ეკლესიაში ქართული მსახურების რუსულით ჩანაცვლების პროცესი.
1805 წელს დაიხურა მცხეთის სამთავარეპისკოპოსო ეპარქია და სამთავროს ტაძარი საწყობად იქცა. სვეტიცხოველში მხოლოდ დღესასწაულებზე სრულდებოდა მსახურება და ისიც რუსულად.
ავტოკეფალიის გაუქმებამდე დედა ეკლესია (არასრული მონაცემებით) ფლობდა:
– აღმოსავლეთ საქართველოში – 218 000 დესეტინა სავარგულსა და 61 000 დესეტინა დაუსახლებელ მიწას;
– დასავლეთ საქართველოში – 22 231 დესეტინა სავარგულსა და 17 600 დესეტინა დაუსახლებელ მიწას.
რაც ჯამში შეადგენდა დაახლოებით 347 526 ჰექტარს, ანუ საქართველოს დღევანდელი ტერიტორიის დაახლოებით 5%–ს.
1811 წელს დედა ეკლესიამ დაჰკარგა ავტოკეფალია, რის შემდეგაც მას სათავეში ჩაუდგა ეგზარქოსი ვარლამ ერისთავი, რომლის ხელითაც დაიწყო საეკლესიო რეფორმის განხორციელება. რეფორმამ 13 ეპარქია ორზე დაიყვანა, ხოლო 9 საარქიმანდრიტო – ხუთზე. რეფორმის შედეგად ეკლესიების მეტი ნაწილი დაიხურა.
1818 წელს შემოღებული საშტატო განრიგის მიხედვით სასულიერო პირებს ჯამაგირს უკვე სახელმწიფო უხდიდა. ამავდროულად, სახელმწიფო მოსახლეობას ახდევინებდა ნაირგვარ საეკლესიო გამოსაღებს.
ქართველთა დიდი წინააღმდეგობის გამო XIX საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთმა რეფორმით დასახული მიზნების სრულად განხორციელება ვერ შეძლო (1819–1820 წლებში ე.წ. “საეკლესიო ბუნტსაც” კი ჰქონდა ადგილი).
საეკლესიო მამულების ხაზინისათვის გადაცემა XIX საუკუნის მეორე ნახევარში დასრულდა. თვინიერ პოლიტიკური შედეგისა, ამ რეფორმამ მნიშვნელოვნად ასარგებლა იმპერიის ხაზინა. საეკლესიო უძრავ–მოძრავი ქონების წლიური შემოსავალი იმ დროისათვის კოლოსალურ თანხას – 6 820 512 მანეთს შეადგენდა (მონაცემი აღებულია 1905 წელს ქუთაისში დასტამბული მელიტონ კელენჯერიძის ნაშრომიდან «Правда об автокефалии грузинской церкви»).
თუ შევადარებთ ხორბლის ფქვილისა და საქონლის ხორცის მაშინდელ ფასებს, დღეს ეს თანხა უტოლდება შესაბამისად 300 მილიონსა და მილიარდნახევარ ლარს.
ისიც უთუოდ სათვალავში უნდა გვქონდეს, თუ რა ქონება შეიძინა საეგზარქოსომ ამ შემოსავლით ავტოკეფალიის გაუქმებიდან რევოლუციამდე.
1917 წელს საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია კი აღიდგინა, მაგრამ იმდროინდელ ხელისუფალთ ეროვნულ პრობლემებზე მეტად “სოცინტერნის” პერსპექტივები ადარდებდათ.
გასაბჭოების შემდეგ კი, ორი თვეც არ იყო გასული, რომ საქართველოს რევკომის 1921 წლის 15 აპრილის დეკრეტით – “სახელმწიფოსგან ეკლესიისა და ეკლესიისგან სკოლის გამოყოფის შესახებ” – ეკლესიის ქონება სახელმწიფოს კუთვნილებად გამოცხადდა.
2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც ყვავისთვის გაგდებინებულ კაკალს უფრო ჰგავს, ვიდრე იმ დოკუმენტს, ამ საქმეს რომ ეკადრება. სახელმწიფოს მხრიდან იგი კვლავ ბოლშევიკური სულისკვეთებითაა გაჟღენთილი – ცალი ხელით აბრუნებს, მეორეთი ებღაუჭება.
ამის მიზეზი ცალკე განსჯასა და გაჩხრეკას საჭიროებს.
ნუთუ ჩვენში ასე ღრმა კვალი დატოვა იმ ბრიყვულმა იდეოლოგიამ, რომელიც საკუთარ სიბრიყვეს თავადვე ემსხვერპლა.
სხვას რას დავაბრალოთ, რომ დამოუკიდებლობის მეოცე წელს ხახულის ხატი ისევ ნივთის სტატუსით ძევს მუზეუმში. მუზეუმში, საიდანაც მშვენივრად მოხერხდა კრანახის მოპარვა.
ახლა მაინც ვინ გვიშლის ხელს? ნუთუ ეკლესიას იმის ძალი და ღონე არ უნდა მიენიჭოს, რომ თავად შეძლოს ამ რელიქვიათა დაცვა.
დედა ეკლესიისთვის მისი ქონებისა და რელიქვიების დაბრუნება, მისი განმტკიცება და მატერიალური მოღონიერება ის გამორჩეული და საამაყო მისიაა, რომელიც ჩვენს თაობას ხვდა წილად და ეს, ამავე დროს, არის უდიდესი გარანტი ჩვენი ერის მხნე წინსვლისა.
თუ ყოველი აწმყო ბურჯად არ დაუდგა ხიდს წინაპარსა და შთამომავალს შორის, განა რა ფასი და მიზანი აქვს ჩვენს ცისმარე გარჯა–ფუსფუსს.
ზედმეტია მსჯელობა იმაზე, თუ რას ნიშნავს ეროვნული მეობის შენარჩუნება ამ აწეწილ ეპოქაში და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თავისუფალი ქვეყნის აღმშენებლობის საძირკვლიდანვე სწორად დაწყება.
ჩვენს ისტორიაში იშვიათია თაობა, რომელსაც მსგავსი შანსი ებოძა. შევიშნოთ და შევიფეროთ ეს შანსი!