Litclub.ge

თვალსაწიერი Point Of View–დელტაპლანი
ვიწყებ იქიდან, თავდაპირველად
ორი ბიჯი რომ გადავდგი უკან
სულდაგუბულმა,
სუნთქვაშეკრულმა და
ნახტომისთვის მოვემზადე.
ანუ, სრულიად გამოვტოვებ იმ ამბის თხრობას –
როგორ ავედი,
ავაღწიე ბოლმდინარ მთაზე.
ყოველ ნაბიჯზე
ხედი იყო სახეშეცვლილი.
ცას ვერ ვხედავდი, მიწა-მოჩანდა.
ბილიკზე ხავსი, სქელი და რბილი,
ჩემს ნაფეხურებს მწვანედ იმჩნევდა.
მოპირდაპირე მთების ძირას ბაღი ხეებით,
უხარებელი,
ცრუ ნაყოფებით.
მხარმომტვრეული, ნაშალი კედლის
და ძველი ღობის-
ხვიარა სუროს არტახებით.
მწუხარე ხედი:
ბაღი - ხეებით…
ბაღი-წერტილი…
წერტილი…
ლაქა…
და იმის შემდეგ, რაც ღრუბლისაგან
გრაგნილ კარიბჭეს
ამოვცდი ხოხვით და მიწაც გაქრა,
ზეცას ავხედე,
სხვა რამ ვეღარც ჩანს
ჯანღის და ნისლა-ქსოვილების დანაყოფებით
გადაბურულ დედილოს ტყავზე.
მივხვდი, ხანდახან ისე ხდება,
ხან ხდება ასეც -
ღმერთიც ვერ ხედავს იმ სიმაღლიდან
რა - როგორ არის.
ამიტომ, ვამჩნევ,
ის დროებითი ვარამ-ხინჯები,
რაც სულზე გარჩა, იმის ბრალია-
ნისლის და ჯანღის ქსოვილებით
გადასუდრულ დედილოს კანზე
ღმერთიდან არ ჩანს:
ბაღი ხეებით,
ხორცგახელებით სამშვინველის დამახინჯება,
ფრთაშემომდნარი ქინქლებისა თუ ფარვანების
სასაფლაო და შუქ-ხაფანგა
ლამპიონები.
გზა დახერგილი.
ჰო, გავაგრძელებ სწორედ იქიდან,
თავდაპირველად, სუნთქვაშეკრულმა
ორი ბიჯი რომ გადავდგი უკან
და ნახტომისთვის მოვემზადე:
დაშვება…
ლაქა…
წერტილი-ბაღი…
ხეები-ბაღი…
ბაღი…
დაშვება.

და სანამ მიწა დამხვდებოდა
მკლავებგაშლილი-
ამ ერთხელ მაინც ხომ შევძელი
თვალების ქცევა
ურყვნელ ბავშვებად;
უხორცსხეულო და უჩვეულო
სულის აშვებით-
ცის დინებებთან
სიმსუბუქით
გათამაშება.