Litclub.ge

ნიღბები

(ჩემს თვალწინ ბიჭი სცემეს)


მე და შენ, ძმაო, ზურგში ხანჯლად ჩაგვცეს სიცოცხლე
და დაგვაჯერეს, რომ ძნელია გიყვარდეს ვინმე,
ისე გიყვარდეს, როგორც ახლა არსად არ უყვართ...
ჩვენ გაგვიკერეს ხერხემლები, რომ არ დავიხაროთ ერთმანეთის წამოსაყენებლად
და ბეჭები ამოგვიწვეს, რათა ფრთებმა არასოდეს იჩინოს თავი!
ჰო! გვასწავლიდნენ,რომ ცხოვრება ომია და ღიმილი სისუსტე!
რომ ეკლესიებს სჭირდებათ სიტყვა ასაშენებლად, ხოლო მრუშებს -
ჩაქოლვა "უცოდველი" ჩვენი ხელიდან!
მე და შენ, ძმაო, შეგვატოვეს ტკივილი ხელში
და მანამ, სანამ "ათი მცნების" თქმას გვასწავლიდნენ,
უკვე ვიცოდით გინებათა ათეულები...
ჰო! ჩვენ აგვიხსნეს, როგორ უნდა გვიყვარდეს ისტორიის წიგნები, მაგრამ
მტრის სიყვარულზე სიტყვაც კი არ წამოსცდენიათ.
გვითხრეს, თუ როგორ ჩავაფურთხოთ გაწვდილ ხელებში -
ჩვენ ბეჯითები აღმოვჩნდით და სულ არ გვრცხვენია,
რადგან, მე და შენ სხვანაირი სირცხვილი ვიცით....
ვიცით, რომ ხალხი სივარდისფრეს წუნსაც დაადებს
და ჩვენ გავრბივართ იმ ზეცისკენ, რომელიც უკვე
კარგა ხანია წარსულებით დააავადეს..........
.......
მე და შენ, ძმაო, გაჩენისას გვესროლეს ტყვია
და ჩვენი წილი ცის გახვრეტით - მეზობლის კაცებს
ვაჟკაცობა მიუგდეს კართან......
.....
მე დავიღალე...