Litclub.ge

ირემი
ირემს რქები ზურგზე გადაეყარა, თავი წინ გაეშვირა და გარბოდა.
- საით, ხომ ხედავთ ამოვედი! - შესძახა მთის წვერზე შემოსკუპულმა მზემ და ქორბუდა თავის სხივებში გაახვია.
- მზეო, გამიშვი, მომდევენ, წუთიც და წამომეწევიან.
- მონადირენი?..
- ირემს მოსდევენ, ირემს! ვუშველოთო! - აკრიახდნენ შაშვები, კაჭკაჭები, აწრიაპდნენ ბოლოქანქალები. ააბათქუნეს ფრთები, აატკაცუნეს. ნისკარტები ააჭახუნეს.
- იჰ, გაჩერდით ერთი! - დასჩხავლა ყვავმა, - თქვენ რა შეგიძლიათ ნეტა?
- ჰო, არაფერი, - საცოდავად ჩამოუშვა მხრები არწივმა, - ადამიანი მოსდევს...
- რით, რით ვუშველოთ?.. - აშრიალდნენ ფოთლები იფნარში, ფშანში. ირემმა ლელიანში გაიშლიგინა.
შეტოკდნენ შამბნი და მაყვალნი. ბალახებზე ჩაძინებული ნამი ძირს ცვიოდა და წითლად იფერებოდა.
ნაძვებს თითებივით გამოეშვირათ ტოტები. თითქოს გულში უნდოდათ ჩაეკრათ დევნილი ირემი.
კოკროჭინა გირჩები ღელავდნენ, ტოტებზე ქანაობდნენ:
- ირემო, ჩქარა, ჩქარა!.. თორემ წამოგეწევიან...
- ნეტა დაიფაროს ვინმემ, - ინატრა ნიბლიამ.
- მაინც ვინ, ვინ გადაარჩენს?! - აწრიპინდა წივწივა.
მირბოდა დაჭრილი ირემი... აი, ტყე დაილია, მერე საურმე გზა გამოჩნდა, ირემი ამ გზას დაადგა და გეზი სოფლისკენ აიღო. გული აუფართქალდა. წუთით მოეჩვენა, რომ გაუჩერდა. თვალებზე რაღაც გადაეფარა. მთელი ტანით აძაგძაგდა. ის იყო ღონემიხდილი უნდა ჩაჩოქილიყო, რომ სოფელიც გამოჩნდა...
- ადამიანებთან მოვსულვარ უკვე, სოფელში. - გაიხარა ირემმა, თვალებიდან ბურუსი გადაეცალა და იმედის ცრემლი მოადგა ...