Litclub.ge

ცისფერა
ბუჩქნარში ერთი პატრა პეპელა - ცისფერა ცხოვრობდა. უყვარდა ცისფერი ზეცა და ყვავილები. ფრთებს აიქნევდა; ველის ყვავილებს ეწვეოდა და ტკბილ ნექტარს შესვამდა. მერე გაბრუებული წაიღიღინებდა და ყველას სასიმღეროდ იწვევდა. ყვავილზე რომ ჩამოჯდებოდა, ფრთხილობდა, იმისთვის არა ევნო რა. ცისფერას გული სიყვარულით ჰქონდა გახსნილი. უყვარდა: ია-ია, ცისფოლიო, გულისკაბა, ციურა...
კეთილნი არიან ყვავილები, გუ
ლუხვნი, მაგრამ ტბაში ვერაგი წყლის სანთელაც ხარობსო, - უთხრეს ერთხელ ცისფერას. ციფერამ არ დაიჯერა. ვერაგი რატომ უნდა იყოსო ყვავილი. ფრთები სწრაფად აიქინია და ტბის ახლოს მიფრინდა.
ერთადერთ მოწითალო ღეროზე წყლის სანთელას ყვითელი ყვავილები ყელყელაობდნენ.
- რა ლამაზია?! - აღფრთოვანდა ცისფერა, - ნუთუ ვერაგია?
ცისფერა ხშირად მიფრინავდა ტბასთან, ფრთებს დაკეცავდა და ტბაზე მოტივტივე სანთელას გაჰყურებდა.
ყვავილი ხან გაღმა გასრიალდებოდა, ხან გამოღმა. ხან ცისფერასთან მიცურდებოდა, თითქოს თავისკენ იხმობდა პეპელას.
” რა იქნება რომ მივფრინდე?” - გაიფიქრა ერთხელ ცისფერამ.
უცბად, ჩუმი, ძალიან ჩუმი ხმა შემოესმა. პირიმზე ეუბნებოდა ნამიკრეფიას:
- ძალიან მიყვარს მზე. მინდა ავფრინდე და ვეამბორო.
- უ...ჰ, დაგწვავს, ძალიან ნუ გიყვარს....
- რა ვქნა, მიყვარს და, - იღიმებოდა პირიმზე.
წყლის სანთელას ერთადერთ, მოწითალო ღეროზე, ყვითელი ყვავილები ცისფერას თავისკენ იხმობდნენ.
”მივფრინდები, ვნხავ, რა იქნება? არა, მას არაფერი ეტყობა ვერაგობისა”.
ერთხელაც ცისფერამ ცისფერი, შავად მოწინწკლული ფრთები აიქნია და წყლის სანთელასთან მიფრინდა. ფრთხილად ჩამოჯდა ყვავილის ფურცლებზე.
- რა ლამაზია! - აღფრთოვანდა პეპელა და სანთელა შეათვალიერა.
ღეროზე პაწაწინა პარკის მსგავსი ფოთლები შეამჩნია, ცალი მხარე ღია ჰქონდა.
ეს რაღა არის? - დაინტერესდა ცისფერა და პარკში შეფრინდა. უცებ ბუსუსებმა კარი დაუხურეს.
დაბნელდა. ცისფერას უნდოდა ფრთები აექნია, მაგრამ კედელი არ უშვებდა. ცისფერი ზეცა აღარ ჩანდა...
- ძალიან მიყვარს მზე, - ამბობდა პირიმზე.
- ძალიან ნუ გიყვარს, ეუბნებოდა ნამიკრეფია.