ახლახანს გათენდა... ღრუბელთა მანტია
ამღვრეულ თვალებში იჭრება კარტივით...
მე ისევ მარტო ვარ... ირგვლივ კი მარტია –
უბრალოდ რთული და ძალიან მარტივი.
.
ღმერთი ხარ?! – მაშინ მე ურწმუნო თომა ვარ!
ვნახოთ ვინ გაიტანს და ვისი აჯობებს...
უკვე წარსულივით ვიგონებ მომავალს
არმოსულ გაზაფხულს თვალებით ვაბოდებ...
.
მე ახლა ნამდვილად არ ვიცი რა მინდა,
ჰაერი ირწევა ნასვამი კაცივით...
შენ შეცდი ძვირფასო... დახარე თავი და
დაღუპულ ოცნებებს მიაგე პატივი...
.
ერთი საოცრება მოხდა და... წავიდა,
მსუბუქი ოცნებაც დამძიმდა დარდივით...
მარტიც მერამდენედ მეწვია თავიდან
და ფიქრებს მირიგებს აჭრილი კარტივით...
.
დავითვლი ცრემლებად ჩამოღვრილ ღამეებს,
თვითეულს სიკვდილზე მეტადაც ვაფასებ!
ახლახანს გათენდა... ეგეც თუ რამეა...
იმედებს ბავშვივით ჩამოვწერ დაფაზე...
.
დაღლილი თვალები კიბეზე აგდია,
ჰაერი ირწევა ნასვამი კაცივით...
შენ შეცდი ძვირფასო... ირგვლივ კი მარტია...
უბრალოდ რთული და ძალიან მარტივი...
1997