Litclub.ge

ბათუმი... ქეთი...
ღამემ ოცნების დრო მომცა რიდით...
მზერა კენჭივით ეგდო ნაპირზე...
წვიმა ფანჯრებთან ცრიდა და ცრიდა...
მატარებელი თვლიდა ნაბიჯებს...
.
და საფეთქლებთან არაყი ხურდა –
შანთავდა ცხელი კოცნის არშიებს...
მე სიზმრის ცხადად დანახვა მსურდა –
შენ მხოლოდ სიზმრით ტკბობა არჩიე...
.
შენ იცი, რატომ არა ვარ მშვიდად,
ანდა სიმშვიდე რისთვის მაგიჟებს...
ღამე თვალებში სიბნელეს მჩრიდა –
მატარებელი თვლიდა ნაბიჯებს...
.
თეთრი ტუჩ-კბილი ჩემს მკლავზე დარჩა,
ნაპირიც მარტომ დაიმარტოვე...
მე ახლა მტკივა სხეული, სადაც
ძალით ჩაკლული ვნება დატოვე...
.
არ თქვა, რომ შენთვის არაფრად ღირდა –
ამ აცრემლებულ ღამეს გაფიცებ...
იწვა რელსებზე შუქი და ბინდი...
მატარებელი თვლიდა ნაბიჯებს...
.
უაზრო თამაშს უაზროდ ვაგებ -
მალე ჩაივლის ბოლო რონოდა...
მინდოდა თრობით დახეთქილ ბაგეს
შენი ტუჩების გემოც ჰქონოდა...
.
ზღვა ტალღებს ისევ ჰყრიდა და ჰყრიდა...
მზერა კენჭივით ეგდო ნაპირზე...
მე ჩემი თავი ნერვებზე მშლიდა...
მატარებელი თვლიდა ნაბიჯებს...

1996