Litclub.ge

ეს ერთი და...
გვაფრთხილებენ ისევ მიწის ქვეშეთიდან,
გაამართლა ძველმა ჰიპოთეზა,
მზე ამოდის, მზე ლოცავე: ეს ერთი და...
ქარი კარზე აკაკუნებს: სეზამ!..
თვალი გარბის მყინვარების მაცივართან,
დაიწია მოთმინების დონემ,
კაცმა ფრთხილად წამოიწყო: კაცი ვარ და...
ბრძენი მსჯელობს: თაფლი იყოს, თორემ...
სხვა ათასი... ვერ გაბედა, ვერ გარისკა...
სხვა ახალი... ვერ წავიდა ვერსად,
ერთი გული ეუბნება: აგ არის და...
მეორე კი ამბობს: ფერი ფერსა...
ზოგჯერ თქმა სჯობს... ზოგის ბამბაც ჩხრიალებს და...
ზოგჯერ თქმითაც... ჯერ თავო და თავო...
სხვა სხვის ომში... ცრა მთას იქით, ცხრიანებთან
ხელი ხელს ბანს... უნდა შეედავო.
ხარი ხართან... ტალღამ ტივი გარიყა და...
მოკლას ხარი... ხარი ხართან... თივამ...
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა... ხარი ხართან...
ორი ხარი ამოატივტივა.
ისე არ წვიმს... წვიმამ ნისლი ვერ დაქსაქსა,
საზღვრებს შორის გარბის ორი კატა,
ტაშტი გატყდა... ნუ დაკარგავ ძველსა გზასა...
ხმა გავარდა... ურემი რომ გადა...
ნურცა ძველსა მეგობარსა... დედა ნახე...
შვილი ისე... გაღმა შეედავე...
ატმის რტოო... ჭირსა შიგან... სევდა-ნაღველს
სძულს სადავე, უყვარს სისადავე.
ერთი თხილი... ხუთი თითი... ათი ტოლჩა...
მსუბუქია მიწა დედამიწის,
მუნჯის ენა (ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს,
არც სხვას აჭმევს) მუნჯის დედამ იცის.
ჭირმა თავი არ დამალა... კიდეც კერავს...
გვარზე ხტისო... წისქვილმა კი ფქვასო...
კედელს ცერცვი... ახალ ჯაჭვებს კიდებს კერა,
ახალ ჭაღებს ანთებს სადარბაზო.
ისევ ვიღებ ძველ ფირსა და ძველ კასეტას,
ისევ ვსინჯავ კეთილშობილ მეტალს,
ეს ერთი და... ეს ძველი და... ეს ასე და...
ისევ: ბევრი ხელის ჭირიმე და...
1982