Litclub.ge

* * * როგორც თქვენთვის ცნობილია
როგორც თქვენთვის ცნობილია,
როგორც მოგეხსენებათ,
ვერც ჭორებმა შეგვაცდინეს,
ვერც ბოროტმა ენებმა;
როგორც ვამბობთ,
როგორც ითქვა
ანუ როგორც იტყვიან,
ერთადერთი პასუხი აქვს 
მერმისს ათასკითხვიანს;
როგორც არაერთხელ გვითქვამს,
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,
ფრთიან სიტყვას დროზე უნდა
სტაცო ხელი აღვირზე;
როგორც ვიცით,
როგორც იცით
ანდა როგორც იციან,
როგორც ხშირად მიგვანიშნებს
მკაცრი ინტუიცია;
როგორც ადრრეც მოგახსენეთ,
როგორც ბრძენი გვასწავლის,
როგორც კარი გვიდასტურებს
სამოთხის და აღსავლის;
როგორც გვირჩევს შედარება
ძველისა და ახლისა,
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ და
როგორც ქვემოთ აღვნიშნავთ...
1981