Litclub.ge

ოქროს თევზი
თევზი მაინც გაუშვი, გინდა არ იყოს ოქროსი,
თუ ოქროსი იქნება, მითუმეტეს გაუშვი,
მადლი მოგიბრუნდება კეთილ სამეგობროში,
თავისთავად მოგნახავს ქვეყნის აურზაურში.
დალაგდება ცხოვრება: მოვლენ უკეთესები,
უღალატო დღეები შეცვლის ღალატიანებს,
დღეს რაც ცოდვა ტრიალებს: დაჭერილი თევზების,
დახოცილი თევზების ცოდვა-ბრალიც ტრიალებს.
მაინც სადღაც იმედის სხივი გაიციმციმებს
და, როდესაც გათიშავს უცნობებს და ნაცნობებს,
ჩადენილი ცოდვების სიმძიმეს და სიმძიმილს -
გაშვებული თევზების მადლი აწონასწორებს.
1996