Litclub.ge

წერილი,ლექსად მი-წერილი
ბებო,ალბათ,მანდ მთვარეა,არა?
მე რომ მიყვარს- ოქროსფერი მთვარე.
ახლა სევდა სულში შემეპარა,
ძველი ოდა ენატრება თვალებს.
ბებერ ხარებს მოაქვთ, ალბათ, შეშა
უდაბური და ნოტიო ტყიდან.
დამასველოს შემოდგომის თქეშმა,
შემოდგომით მთვრალი ვიყო, მინდა.
ალბათ,დიდი ქეიფი აქვთ ფუტკრებს,
ეხვევიან დახვავებულ ყურძენს.
მოხუცებმა ჩემზე რამე თუ თქვეს,
უთხარი, რომ არ ვივიწყებ ფუძეს.
უთხარი, რომ მე მანდა ვარ ახლა,
რომ ლექსებით ვეფერები მთა-ველს,
მილიონიც რომ გაძლიოს კაცმა,
არვის მისცე, არ დავუთმობ მტკაველს.
მომიარე ორშიმოს და ქვევრებს
სანამ მოვალ, სანამ მოვალ ბებო.
მე ვიცოდე, მე ვიცოდე მერე,
ფოთლებისგან გაძარცვულო მთებო...